კახა ოქრიაშვილი: "მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც" - კვირის პალიტრა

კახა ოქრიაშვილი: "მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც"

"ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში, გოდერძი ბუკია კი ხობში მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენას გეგმავენ. გოგი ლიპარტელიანს ლენტეხში კენჭის ყრა აღარ უნდა"

საპარლამენტო ფრაქცია "უპარტიო დამოუკიდებელი მაჟორიტარების" თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი ადასტურებს, რომ ფრაქციის წევრებს მომავალ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი აქვთ:

- მინდა, დმანისში კენჭი მეოთხედ ვიყარო. ფრაქციის დანარჩენი წევრებიც ჩემს აზრზე არიან. კერძოდ, ენზელ მკოიანი ნინოწმინდაში, გოდერძი ბუკია კი ხობში მაჟორიტარ კანდიდატებად წარდგენას გეგმავენ. გოგი ლიპარტელიანს ლენტეხში კენჭის ყრა აღარ უნდა, გია გოზალიშვილი კი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

- მმართველ გუნდში შესაბამისი მხარდაჭერა გაქვთ?

- არ ვიცი, სიებს ვინ ადგენს, მაგრამ ჩვენ პოზიციას არ ვმალავთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანანა კობახიძე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული პოლიტიკოსების ახალ სიაში მოხვედრის წინააღმდეგია.

- ჩვენ პარტიულები არასოდეს ვყოფილვართ, თუმცა მხარდამჭერები ნამდვილად ვიყავით. მე შევარდნაძის პერიოდში მოვიგე არჩევნები, როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა.

- თქვენი 12-წლიანი დეპუტატობიდან დმანისმა რა კონკრეტული შედეგი მიიღო?

- პარლამენტში სერიოზულ კანონებზე ვიმუშავე.

- თუ "ქართული ოცნებისთვის" მიუღებელი აღმოჩნდით, ოპოზიციურ პარტიებთან ითანამშრომლებთ?

- მაქვს გეგმა, გავხდე დეპუტატი და გავხდები კიდეც, რადგან მაღალი რეიტინგი მაქვს.

რუსუდან შელია