"ქალების გათხოვება სახელმწიფოს პრობლემა არ გახ­ლავთ" - ვის და რატომ არ უხარია ახალი წევრები "ქართულ ოცნებაში"? - კვირის პალიტრა

"ქალების გათხოვება სახელმწიფოს პრობლემა არ გახ­ლავთ" - ვის და რატომ არ უხარია ახალი წევრები "ქართულ ოცნებაში"?

"გია ჟორჟოლიანისა და გია გაჩეჩილაძის პარტიებს რეალურად არ ვიცნობ, და რა არის ამაში გასაკვირი?"

გია გაჩეჩილაძე: "კონსულტაციების დაწყების შემთხვევაში, რესპუბლიკელებთან კი არა, "ქართულ ოცნებასთან" ვისაუბრებთ"

გასულ კვირას რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი რეზონანსული განცხადებებით გამოირჩეოდა - პარლამენტარი ჯერ გაუთხოვარი ქალების პრობლემებს შეეხო და ბიჭებს ოჯახში კუთვნილი ანაზღაურების განაწილების "რჩევებიც" გაუზიარა, მოგვიანებით, "ქართულ ოცნებას" ყველა მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვება უწინასწარმეტყველა, მაგრამ საკუთარი განცხადება მალევე უარყო, ცოტა ხანში კი, კოალიციაში გია ჟორჟოლიანისა და გია გაჩეჩილაძის შესაძლო გაერთიანებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ პარტიებს არც კი იცნობს. ამ განცხადებების შესახებ რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ლევან ბერძენიშვილი გევსაუბრება:

- გია ჟორჟოლიანისა და გია გაჩეჩილაძის პარტიებს რეალურად არ ვიცნობ, რა არის ამაში გასაკვირი? თანაც მათ კოალიციაში გაერთიანების საკითხს მე კი არა, პოლიტსაბჭო წყვეტს და რატომ არა მაქვს უფლება, ჩემი პირადი მოსაზრებები გავახმოვანო?

- გია გაჩეჩილაძემ გირჩიათ, მისი პარტიის ათეულს გაეცნოთ და რესპუბლიკელების სიის პირველ ათეულს შეადაროთ.

- რად გვინდა ეს საუბრები? როგორ შევადარო ჩემი პარტიის პირველი ათეული, როდესაც გაჩეჩილაძის ათეულზე ინფორმაციაც კი არ მაქვს. შეიძლება ბევრად უკეთესები არიან, მაგრამ გაგვაცნოს, რა პრობლემაა?! ჩვენ კოალიციის სრულუფლებიან პარტიას წარმოვადგენთ და არა მგონია, ყველა ძალის პოლიტიკურ ინიციატივას აუცილებლად გულმხურვალედ უნდა შევხვდეთ. შესაძლოა, მსგავსი წინადადებები სხვა 50 პარტიასაც ჰქონდეს, მაგრამ ჩემს პოზიციას ყოველთვის დავაფიქსირებ. კი ბატონო, კოალიციას ახალი ძალები და სახეები სჭირდება, ამაზე თანახმა ვარ, მაგრამ ვინ იქნება მისი წევრი, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მეტიც, ჩემს მოსაზრებას განსაკუთრებულ ყურადღებას არც არავინ მიაქცევს.

- "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება უკვე მიიღო?

- შესაძლოა, კოალიციაში მომხრეები იპოვონ კიდეც, მაგრამ სხვა პარტიებსაც ჰკითხონ, იქნებ ყველას არ უხარია ახალ-ახალი წევრები?! ვკითხოთ "ფორუმს", "ქართულ ოცნებას", რას ფიქრობენ ისინი. მე ჩემი პარტიის გულშემატკივარი ვარ და გაჩეჩილაძესა და ჟორჟოლიანს ეს რატომ სწყინთ, ვერ გამიგია. მათ თავისას უგულშემატკივრონ.

ათეულზე საუბარი კი მართლაც არასწორი იყო. თუ გია გაჩეჩილაძეს ვახტანგ ხმალაძეზე უკეთესი იურისტი ჰყავს, საზოგადოებას ნუ დაუმალავს.

- ახალი კოალიციის შემადგენლობაში "სოციალ-დემოკრატებისა" და "მწვანეთა პარტიის" გაერთიანება ხომ არ ნიშნავს, რომ კვოტების პროცენტული წილი შემცირდება?

- ჯერჯერობით კვოტებზე საუბარი ნაადრევია. როცა საბჭო შეიკრიბება და კოალიციაც ფორმალურად გაფორმდება, დეტალურად განისაზღვრება, ვის რა როლი ექნება ამ გაერთიანებაში. სხვათა შორის, მსგავსი საუბრების მთავარი მიზეზი ის არის, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე არ ჰყავს.

სანამ ახალი პრემიერი პოსტს დაიკავებს, ვიღაცები პოზიციების განმტკიცებას ცდილობენ.

- რამდენიმე დღის წინ აღნიშნეთ, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში კოალიცია გაიმარჯვებს, თუმცა მოგვიანებით საკუთარი განცხადება უარყავით, რატომ?

- გაცხარებულ გულზე ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ, თუმცა არჩევნებზე წინასწარი პროგნოზი ნაკლებად უნდა გავითვალისწინოთ. გაიმარჯვებს ის, ვისაც ქართველი ხალხი ჩათვლის საჭიროდ. ასი წლის წინ ჰემინგუეი მიყვარდა, მაგრამ ახლა არ ვგიჟდები, რას ვიზამთ, იცვლება ადამიანი.

- არც გაუთხოვარ ქალებსა და პრემიების ოჯახის წევრებისთვის დამალვაზე თქვენმა ხუმრობამ გამოიწვია საზოგადოებაში დადებითი რეაქცია.

- არ მეგონა, თუ ჩემი განცხადება ფართო განხილვების საფუძველი გახდებოდა. ზოგი მწერდა, ყოჩაღ, ეს საკითხი დღის წესრიგში რომ დააყენეო.

ქალების გათხოვება სახელმწიფოს პრობლემა არ გახლავთ, მაგრამ თუ ვინმე გათხოვდება, ნამდვილად არ მეწყინება. საერთოდ, ყველაფერზე შეიძლება ხუმრობა, სენსიტიურ თუ არასენსიტიურ საკითხებზე, ღმერთზე, ეშმაკსა და პარლამენტზე. ქალების საკითხში კი ნამდვილად არ შემშლია, მინდა, რომ ქმრიანი თუ უქმრო გოგოები ბედნიერები იყვნენ. ისიც მოვისმინე, ხუმრობას როგორ ბედავო, მაგრამ გადავიტანე და იმ ღამეს მშვიდად მეძინა კიდეც. მეტიც, მომავალშიც მშვიდად ძილს ვაპირებ.

ლევან ბერძენიშვილის განცხადებებს "მწვანეთა პარტიის" ლიდერი გია გაჩეჩილაძე პასუხობს:

- ბატონი ლევანის განცხადებები მოულოდნელი იყო, რადგან "მწვანეთა პარტია" ევროპული ორიენტაციის პოლიტიკური ორგანიზაციაა, რომელსაც ევროპის "მწვანეთა პარტიასთან" მჭიდრო კავშირი აქვს და ეს ევროპული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კარგად იცის. ამ განცხადების შემდეგ, ეჭვებიც კი გამიჩნდა.

- ეჭვი რესპუბლიკელების პროდასავლურ კურსზე გაგიჩნდათ?

- ამაზე შემდეგ ვისაუბრებ. მით უმეტეს, ანალოგიური ვითარებაა გია ჟორჟოლიანის შემთხვევაშიც. მისი პარტია კლასიკური ევროპული ორგანიზაციაა.

ბატონი ლევანის მეხსიერებაზე ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ 90-იანი წლების პარლამენტში ჩვენი პარტიები ერთ ბლოკში იყვნენ. შემდეგი მოწვევის პარლამენტში "მწვანეთა პარტია" იყო წარმოდგენილი, რესპუბლიკელები კი არ ყოფილან. თანაც კოალიციაში ჩვენს გაერთიანებაზე კონკრეტული საუბარი არ დაწყებულა, უბრალოდ

ვიცი, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სურვილი, "მწვანეთა პარტია" მის საარჩევნო ბლოკში გაერთიანდეს. პირადად ჩემთვის ეს გასაგები და მისაღებია, რადგან ერთად ვიბრძოლეთ და ხელისუფლებაშიც ერთად მოვედით. კონსულტაციების დაწყების შემთხვევაში, რესპუბლიკელებთან კი არა, "ქართულ ოცნებასთან" ვისაუბრებთ, რადგან ის ძირითადი პოლიტიკური ორგანიზაციაა.

- არც ისე დიდი ხნის წინ უმრავლესობა დატოვეთ, ახლა რატომ გადაწყვიტეთ გუნდში დაბრუნება?

- უმრავლესობა დავტოვე, მაგრამ ამ საკითხზე ახლა საუბარი არ მინდა. გარკვეულწილად ეს დღევანდელ საკითხებს ეხმიანება.

- რესპუბლიკელებთან ურთიერთობას?

- არ მინდა ამაზე საუბარი. პოლიტიკოსებს ჩვენი გეგმა გვაქვს. სავარაუდოდ, არჩევნების წინ ყველაფერს გავახმოვანებ. მანამდე ყრილობა გვაქვს ჩასატარებელი.

გია ჟორჟოლიანი, "სოციალ-დემოკრატების" ლიდერი: ყოველი არჩევნების წინ საარჩევნო ბლოკების რეგისტრაცია იწყება. ახლაც საარჩევნო ბლოკის შექმნაზეა საუბარი და არა კოალიციაში გაერთიანებაზე, შესაბამისად, ეს პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი საკითხი არ გახლავთ. "ქართულ ოცნებასთან" გაერთიანებაში ყოფნის განზრახვა რეალურად გვაქვს, რადგან იდენტური შეხედულებები გვაქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებშიც სხვადასხვა მიმართულებით ვთანამშრომლობდით. ახალი კონფიგურაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი, არ ვიცით, პროცესი როგორ გაგრძელდება. შესაძლოა, განწყობები შეიცვალოს, "ქართულმა ოცნებამ" სხვა პოზიცია დააფიქსიროს ან ჩვენ სხვა გადაწყვეტილება მივიღოთ. მანამდე კი კვოტებზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტია. ამაზე მოლაპარაკებაც კი არ დაწყებულა.

რუსუდან შელია