"90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?!" - თამარ სანიკიძეს გია მურღულია შეცვლის?!
"90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?!" - თამარ სანიკიძეს გია მურღულია შეცვლის?!
პრემიერმა განათლების სისტემაში რამდენიმე მიმართულებით რეფორმა უკვე დააანონსა.

რა მიმართულებით საჭიროებს სისტემა გაჯანსაღებას და შეცვლის თუ არა თამარ სანიკიძეს განათლების მინისტრის პოსტზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია­ პასუხობს:

- განათლების პოლიტიკის­ მემკვიდრეობითი სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. ვერც პარლამენტი იქცა მის მაკონტროლებელ მექანიზმად, არადა, განათლების კომიტეტი საკანონმდებლო ბაზას უნდა ქმნიდეს, მის აღსრულებაზე კი განათლების სამინისტრო ზრუნავდეს. მხოლოდ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში შევძლებთ განსაზღვრას, სად გავჩერდით, რა გვაქვს გამოსასწორებელი და საიდან
უნდა გავაგრძელოთ მოქმედება. ბოლო 25 წლის განმავლობაში განათლების სისტემის რეფორმირებისთვის სოლიდური ფინანსები ხშირად გაუაზრებლად და ზოგჯერ მავნებლურადაც დაიხარჯა. ფულს ვინ ჩივის, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან უმეტესობა საქართველოსთვის გაცემული კრედიტი გახლდათ, დროც დავკარგეთ. შედეგი კი წლების განმავლობაში ვერ მივიღეთ.

- ეს არ უნდა გახდეს წინა
პირობა, რომ მოქმედი მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლდეს?

- ამ კითხვას არ ვუპასუხებ. ზოგადად, განათლების სისტემის დაფინანსება და საკადრო პოლიტიკა ბევრის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც შედარებითია, ყოველთვის შეგვიძლია მეტი ვაკეთოთ. განათლების რეფორმა, ვფიქრობ, არასისტემურად და შესაბამისი მონიტორინგისა და საზოგადოებრივი შეფასების გარეშე ტარდებოდა. მაჯაზე ხელის დადებაა აუცილებელი, რომ ვიცოდეთ, რამდენად განათლებულ ახალგაზრდა თაობას ვზრდით.

- რეფორმებს შორის ყველაზე მტკივნეული მასწავლებელთა პროფესიული დონის განსაზღვრა აღმოჩნდა.
- როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს, ამის განსაზღვრა სწორია, მაგრამ სახელმწიფომ ისიც უნდა განსაზღვროს, შრომის შედეგი კარგ, საშუალო­ და ცუდ მასწავლებელს შესაბამი­სად აუნაზღაუროს. სახელმწიფო­ მასწავლებელს­ განვითარების შესაძლებლო­ბასაც უნდა აძლევდეს.

- მასწავლებელთა სახლები ამ მხრივ არაეფექტურია?

- სამსაათიანი ტრენინგისგან რა უნდა მიიღოს მასწავლებელმა? ჩვენთან სულ 60 ათასამდე მასწავლებელია, შესაბამისად, მასწავლებელთა სახლებში გამტარუნარიანობაც მცირეა. რეფორმამ გამოავლინა, რომ მასწავლებელთა 90% სასერტიფიკაციო გამოცდებში იჭრება, საუბარია იმის შემოწმებაზე, რას ასწავლის პედაგოგი ბავშვს და რა მეთოდოლოგიით. 90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?! ასეთი მასწავლებლებისგან ხშირად მსმენია, პედაგოგობის 30-წლიანი სტაჟი მაქვსო. ეს საამაყო კი არა, სახელმწიფოს სირცხვილია. თუ უხარისხოდ მუშაობ, სტაჟი ინდულგენცია არ არის. მასწავლებლებში მოტივაციაც დაბალია. მოგეხსენებათ, დღეს სკოლები ვაუჩერული პრინციპით ფინანსდებიან და სახელმწიფო ერთ ბავშვში წელიწადში 350 ლარს იხდის. რა ქნას იმ სკოლამ, სადაც მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მოკვდეს? ამასთან, სკოლის დირექტორს არა აქვს რესურსი, რომ კარგი მასწავლებლის იდეები დააფინანსოს. სახელმწიფოსგან გადარიცხულ თანხებს კომუნალური ხარჯები და სკოლის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი "ჭამს".

- ამიტომაც დაიწყო სკოლებში ე.წ. ფონდის ფულის აგროვება?

- სამწუხაროდ, საზოგადოება კორუფციაზე უარს თავად არ ამბობს. ხშირად მხოლოდ სიტყვით გვინდა პრობლემების გადაჭრა. ჯერჯერობით მენტალობის ცვლილება მაინც ვერ მოვახერხეთ. მეტიც, არავინ კითხულობს, რა წერია დოკუმენტში ზოგადი განათლების მიზნის შესახებ. მაგალითად, მუსიკის სტანდარტში ეწერა, რომ მე-11 კლასის მოსწავლემ სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა უნდა შეძლოს. ლიტერატურის სტანდარტში კი ისეთი მოთხოვნებია, მის დაკმაყოფილებას სულ რამდენიმე ლიტერატორი თუ შეძლებს. რა უბედურებაა ეს, ან გვაძლევს კი ამის შესაძლებლობას სკოლის სახელმძღვანელოები?

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს შეცვლით.
- ასეთ ამბებზე დიდი ხანია მეღიმება. მოლა ნასრედინს უთხრეს, შენი ცოლი სხვებთან დადის და იქნებ ყურადღება მიაქციოო, მოლამ უპასუხა, ტყუილია, თორემ ერთხელ ჩემთანაც შემოივლიდაო... მსგავსი შინაარსის საუბარი ჩემთან არ ყოფილა.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (45)
...
26 იანვარი 2016 12:46
რატომ არ სრულდება წითლად მიწერილი პირობები?
ilo-ilo
26 იანვარი 2016 12:06
გაუნათლებლობის ბუმია ქვეყანაში,რანაირი მოტივაცია არაა არცერთ სახელმწიფო სამსახურში.
mika
26 იანვარი 2016 12:01
გადასარევი იქნება ეს ადამიანი მინისტრად!!! მინისტრი აუცილებლად უნდა იყოს პედაგოგი რათა ადვილად მიხვდეს რა ჭირდება სკოლას.... დავიღალეთ ბუღალტრებით, ფილოსოფოსებით, კანალიზაციის სპეციალისტებითა და პოლიციელებით. გვაღირსეთ პედაგოგი მინისტრად.
m
26 იანვარი 2016 11:58
ეს კაციც ამბობს და მეც ასე ვფიქრობ- თუ სახელმწიფოს დაინტერესება არ იქნება, მინისტრის შეცვლა არაფერს მოიტანს.
a
26 იანვარი 2016 11:31
გიო ძვირფასო, განათლების სისტემა რომ იგივე რჩებოდეს რაღა გიჭირს, ის გარდაიცვალა, აღარ არსებობს. ეს მე მაშინ ვიწინარმეტყველე, როცა 66 მილიონი სესხი ავიღეთ და მეორე დღესვე განათლების მინისტრის მოადგილის თამადობით მრავალრიცხოვანი დელეგაცია ბანგლადესში გაემგზავრა გამოცდილების გასაზიარებლად, მაგრამ ყურიც არავინ "მათხოვა".საოცარი გამოცდილება გავიზიარეთ:პედაგოგიურ ინსტიტუტებს უნივერსიტეტები დავარქვით და მათაც პედაგოგების ნაცვლად "ექიმებისა და იურისტების" მომზადება დაიწყეს. სახელმძღვანელოების სიიდან ამოვშალეთ პედაგოგიკა და მეთოდიკა, მანდატურს დავუნიშნეთ მათემატიკის მასწავლებელზე სამჯერ მეტი ხელფასი....რეკორდი მაინც დღევანდელი პარლამენტის თავმჯდომარეს ეკუთვნის (იხ გაგრძელება)
rezo
25 იანვარი 2016 22:06
სამი წელია მინისტრზე ყველა ამბობს არაკომპეტენტურიაო და ეხლა მიხვდით? აქამდე უნდა გადაგეყენებინათ!
ლალი
25 იანვარი 2016 21:24
ჩვენი განათლებს სისტემის მთავარი მიმართულებაა მასწავლებლის კონტროლი და ქაღალდომანია. ეს სქემები ხომ საერთოდ მარაზმია! ყველა ერთმანეთს ვაყრით თვალში ნაცარს. ქართულში საათები შემცირებულია, გრამატიკა ამოღებულია ბადიდან, სახელმძღვანელოები დასახვეწია..არ შეიძლება, გვაღირსონ ნორმალური, კომპეტენტური, სკოლის საქმეში ჩახედული მინისტრი? ამ კრედიტებისათვის მარათონმა მასწავლებელი მოწყვიტა მთავარ საქმეს...ის მხოლოდ იმაზე ზრუნავს, რა დაწეროს, რითი ამოავსოს პორტფოიო, რომ დაიმსახუროს კრედიტ-ქულები.
სოლომან მორბელაძე რომ ამბობდა:"ტყუილი, ყოველ ნაბიჯზე ტყუილი და უპირულობა..." ასეა! ქვეყნის მომავალი მასწავლებლის ხელშია! მოგვხედეთ! დაიწყეთ ზემოდან-შეცვალეთ მინისტრი და ის შეცვლის ამ აბდაუბდა სქემებს.
სამწუხაროა, ეს თუ სიმართლეა
25 იანვარი 2016 19:46
გია მურღულიას პრესაში ისეთი უცენზურო ანევდოტები აქვს გამოქვეყნებული, რომ სირცხვილია ის იყოს განათლების მინისტრი. იგი განათლების სისტემაში რა ცვლილებებსაც შეიტანს არ არის ძნელი გამოსაცნობი
mari
25 იანვარი 2016 19:34
ყველაფერი შესაცვლელია განათლების სისტემაში.თითქმის ყველა საგანი ზედმეტად არის გართულებული.მაგ.მე-7 კლასის ისტორიის წიგნი.ამ წიგნში თითოეულ გაკვეთილში არის უამრავი თარიღი,რომლის დამახსოვრება ძალიან ძნელია.იმავე მე-7 კლასში ბიოლოგია,ქიმია და ფიზიკა ერთ წიგნშია,ისტორია კი ერთ უფრო სქელტანიანში.მე მგონი,სასკოლო წიგნებში მასალა უნდა იყოს მარტივად,გასაგები ენით გადმოცემული და არა ზედმეტად გართულებული.რამდენიმე ენა ვიცი და ახლა გავიგე ყველაზე ძნელი თურმე ქართული ენის გრამატიკა ყოფილა.გაოცებული ვარ ვის მოაფიქრდა ჩვენი მშობლიური ენის ასე გართულება.
!
25 იანვარი 2016 17:25
ახლა კი დაედება სანიკიძის ქალს ფასი! (მურღულიას მინისტრობას ვგულსიხმობ).

რუბრიკის სხვა სიახლეები
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
იცავთ თუ არა ზედმიწევნით სპეციალისტების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ შემუშავებულ რეკომენდაციებს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა