"90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?!" - თამარ სანიკიძეს გია მურღულია შეცვლის?!
25-01-2016
"90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?!" - თამარ სანიკიძეს გია მურღულია შეცვლის?!
პრემიერმა განათლების სისტემაში რამდენიმე მიმართულებით რეფორმა უკვე დააანონსა.

რა მიმართულებით საჭიროებს სისტემა გაჯანსაღებას და შეცვლის თუ არა თამარ სანიკიძეს განათლების მინისტრის პოსტზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს ფილოლოგიის დოქტორი გია მურღულია­ პასუხობს:

- განათლების პოლიტიკის­ მემკვიდრეობითი სისტემა ვერ ჩამოყალიბდა. ვერც პარლამენტი იქცა მის მაკონტროლებელ მექანიზმად, არადა, განათლების კომიტეტი საკანონმდებლო ბაზას უნდა ქმნიდეს, მის აღსრულებაზე კი განათლების სამინისტრო ზრუნავდეს. მხოლოდ ამ პირობის დაცვის შემთხვევაში შევძლებთ განსაზღვრას, სად გავჩერდით, რა გვაქვს გამოსასწორებელი და საიდან
უნდა გავაგრძელოთ მოქმედება. ბოლო 25 წლის განმავლობაში განათლების სისტემის რეფორმირებისთვის სოლიდური ფინანსები ხშირად გაუაზრებლად და ზოგჯერ მავნებლურადაც დაიხარჯა. ფულს ვინ ჩივის, თუმცა ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან უმეტესობა საქართველოსთვის გაცემული კრედიტი გახლდათ, დროც დავკარგეთ. შედეგი კი წლების განმავლობაში ვერ მივიღეთ.

- ეს არ უნდა გახდეს წინა
პირობა, რომ მოქმედი მინისტრი თანამდებობიდან გათავისუფლდეს?

- ამ კითხვას არ ვუპასუხებ. ზოგადად, განათლების სისტემის დაფინანსება და საკადრო პოლიტიკა ბევრის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა, მაგრამ ყველაფერი ხომ მაინც შედარებითია, ყოველთვის შეგვიძლია მეტი ვაკეთოთ. განათლების რეფორმა, ვფიქრობ, არასისტემურად და შესაბამისი მონიტორინგისა და საზოგადოებრივი შეფასების გარეშე ტარდებოდა. მაჯაზე ხელის დადებაა აუცილებელი, რომ ვიცოდეთ, რამდენად განათლებულ ახალგაზრდა თაობას ვზრდით.

- რეფორმებს შორის ყველაზე მტკივნეული მასწავლებელთა პროფესიული დონის განსაზღვრა აღმოჩნდა.
- როგორი მასწავლებელი მინდა მყავდეს, ამის განსაზღვრა სწორია, მაგრამ სახელმწიფომ ისიც უნდა განსაზღვროს, შრომის შედეგი კარგ, საშუალო­ და ცუდ მასწავლებელს შესაბამი­სად აუნაზღაუროს. სახელმწიფო­ მასწავლებელს­ განვითარების შესაძლებლო­ბასაც უნდა აძლევდეს.

- მასწავლებელთა სახლები ამ მხრივ არაეფექტურია?

- სამსაათიანი ტრენინგისგან რა უნდა მიიღოს მასწავლებელმა? ჩვენთან სულ 60 ათასამდე მასწავლებელია, შესაბამისად, მასწავლებელთა სახლებში გამტარუნარიანობაც მცირეა. რეფორმამ გამოავლინა, რომ მასწავლებელთა 90% სასერტიფიკაციო გამოცდებში იჭრება, საუბარია იმის შემოწმებაზე, რას ასწავლის პედაგოგი ბავშვს და რა მეთოდოლოგიით. 90% ჩაჭრილი მასწავლებელი რა უბედურებაა?! ასეთი მასწავლებლებისგან ხშირად მსმენია, პედაგოგობის 30-წლიანი სტაჟი მაქვსო. ეს საამაყო კი არა, სახელმწიფოს სირცხვილია. თუ უხარისხოდ მუშაობ, სტაჟი ინდულგენცია არ არის. მასწავლებლებში მოტივაციაც დაბალია. მოგეხსენებათ, დღეს სკოლები ვაუჩერული პრინციპით ფინანსდებიან და სახელმწიფო ერთ ბავშვში წელიწადში 350 ლარს იხდის. რა ქნას იმ სკოლამ, სადაც მოსწავლეების რაოდენობა მცირეა, მოკვდეს? ამასთან, სკოლის დირექტორს არა აქვს რესურსი, რომ კარგი მასწავლებლის იდეები დააფინანსოს. სახელმწიფოსგან გადარიცხულ თანხებს კომუნალური ხარჯები და სკოლის ადმინისტრაციის სახელფასო ფონდი "ჭამს".

- ამიტომაც დაიწყო სკოლებში ე.წ. ფონდის ფულის აგროვება?

- სამწუხაროდ, საზოგადოება კორუფციაზე უარს თავად არ ამბობს. ხშირად მხოლოდ სიტყვით გვინდა პრობლემების გადაჭრა. ჯერჯერობით მენტალობის ცვლილება მაინც ვერ მოვახერხეთ. მეტიც, არავინ კითხულობს, რა წერია დოკუმენტში ზოგადი განათლების მიზნის შესახებ. მაგალითად, მუსიკის სტანდარტში ეწერა, რომ მე-11 კლასის მოსწავლემ სიმფონიური ორკესტრის დირიჟორობა უნდა შეძლოს. ლიტერატურის სტანდარტში კი ისეთი მოთხოვნებია, მის დაკმაყოფილებას სულ რამდენიმე ლიტერატორი თუ შეძლებს. რა უბედურებაა ეს, ან გვაძლევს კი ამის შესაძლებლობას სკოლის სახელმძღვანელოები?

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძეს შეცვლით.
- ასეთ ამბებზე დიდი ხანია მეღიმება. მოლა ნასრედინს უთხრეს, შენი ცოლი სხვებთან დადის და იქნებ ყურადღება მიაქციოო, მოლამ უპასუხა, ტყუილია, თორემ ერთხელ ჩემთანაც შემოივლიდაო... მსგავსი შინაარსის საუბარი ჩემთან არ ყოფილა.

რუსუდან შელია
შორენა
30 მარტი 2016 15:18
ბატონო გია, თქვენი სტუდენტი ვიყავი და თქვენს წიგნებზე გავიზარდე. მერე სერტიფიკატი აიღეო, თუ გინდა სამსახური დაიწყოო, ავიღე; ახლა კიდევ სამი წელი მოითმინე, იქნებ ამათმაც აიღონო, ვითმენ; სამი წლის მერე კიდევ ვინმე შეცვლის, სისტემამ არ გაამართლაო და რა ვქნა ახლა მე? ხომ გინდათ განათლებული კომპეტენტური მასწავლებლები? ამპარტავნებაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ იქნებ ჩვენც ვცადოთ, განათლებულ-სერტიფიცირებულ-უმუშევრებმა :(
ESPERANTO
02 თებერვალი 2016 21:03
შეაყარე კედელს ცერცვი -აზრი არ აქვს ამ კამათს , ვინც უნდა მოისმინოს ან წაიკითხოს ის ერთ ყურში შეუშვებს და მეორე ყურში გამოუშვებს, კრიტიკის ეშინია ვინმეს თუ რა,მე არ მინახავს ჯერ რომელიმე შენიშვნა გაეთვალისწინებიოს ვინმეს
გიო
29 იანვარი 2016 15:42
რა მნიშვნელობა აქვს ნაციონალია თუ ვინ არის. შეადარეთ ნაციონალების ინტელექტი ოცნებისას.

რედაქტორის რჩევით