"უგულავა პოლიტიკურ პატიმრად ვერ ჩაითვლება!" - რას პასუხობს აგრამუნტს ჯაფარიძე
01-02-2016
"უგულავა პოლიტიკურ პატიმრად ვერ ჩაითვლება!" - რას პასუხობს აგრამუნტს ჯაფარიძე
"ჩვენ ხელწამოსარტყმელი ბავშვები არ ვართ"

"ევროპარლამენტის კულუარებში რაც ხდებოდა, საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მიმართული მოქმედებებია"


რატომ მოიხსენია ევროსაბჭოს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პედრო აგრამუნტმა გიგი უგულავა უკრაინელ სავჩენკოსთან ერთად პოლიტპატიმრად და იცვლება თუ არა საქართველოს მიმართ დასავლეთის განწყობა, "კვირის პალიტრის" კითხვებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე პასუხობს:

- რა თქმა უნდა, პედრო აგრამუნტის სიტყვები დასავლეთის განწყობას, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხზე, არ ასახავს, მით უმეტეს, რომ ყოფილი მერი, რომელსაც ბრალად ედება სახელმწიფო სახსრების
გაფლანგვა, პოლიტიკურ პატიმრად ვერ ჩაითვლება. სხვათა შორის, საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მე და მანანა კობახიძე ბატონ აგრამუნტს შევხვდით და სხვადასხვა საინტერესო საკითხზე კონსტრუქციულად ვისაუბრეთ. მან გამოთქვა სურვილი, მომავალში უფრო ინტენსიურად ითანამშრომლოს საქართველოს დელეგაციასთან. ასე რომ, მინდა დავაწყნარო ზოგიერთი ექსპერტი და "ყოფილი ელჩი" - ჩემს
გამოსვლას ევროპარლამენტის "თავისუფალ დებატებზე" ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია ბატონი აგრამუნტისა და ჩემს ურთიერთობებზე.
გასაგებია, რომ, მისი, როგორც "სახალხო პარტიის" ჯგუფის წევრის პარტიული თუ იდეოლოგიური სიმპათია შესაძლოა "ნაციონალური მოძრაობისაკენ" იხრება, მაგრამ ბატონ აგრამუნტთან და მის დღევანდელ თანაშემწეებთან თუ მრჩევლებთან უფრო აქტიური მუშაობაა საჭირო არა მხოლოდ სესიების დროს.

- სწორედ აქ ისმის საქართველოს ხელისუფლების მიმართ მთავარი კითხვა - რატომ არ აწვდის მმართველი გუნდი დასავლეთს ამომწურავ პასუხებს და არის თუ არა არაკვალიფიციურობის შედეგი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან პოლიტიკური მოტივით ოპოზიციის დევნის ეჭვების გაქარწყლება ვერ ხერხდება?
- როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, ყველა ჩემს კავშირებს გამოვიყენებ, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოთ. უკვე მეოთხე წელია, რაც საქართველო განუხრელად იცავს დემოკრატიულ პრინციპებს. ნებისმიერ დამკვირვებელს, მისი ინტერესისა და სურვილის შესაბამისად, შეუძლია ჩამობრძანდეს და თავად დარწმუნდეს ამაში.

ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ სამართლიანი კრიტიკა და მივიღოთ შენიშვნები ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომლებიც ჩვენთან შედარებით გაცილებით გამოცდილები არიან. მაგრამ კრიტიკა უნდა იყოს ობიექტური!


ჩვენ ხელწამოსარტყმელი ბავშვები არ ვართ.
ამიტომ ნაჩქარევ და ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაკეთებულ დასკვნებს ასე მარტივად ნურავინ გააკეთებს. კიდევ ერთი რამ: მე პირადად ბევრჯერ მითქვამს, რომ საქართველოში არ არის სრულყოფილი დემოკრატია, ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი ხარვეზი, მაგრამ ჩვენი სტრატეგიული მიზანია დემოკრატიული, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლიანი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც ინსტიტუტები და კანონები განსაზღვრავენ პოლიტიკურ პროცესებს და არა პიროვნებები. ძალიან საწყენია, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი, ასე ვთქვათ, "კარდაკარ" დადის და საკუთარ ქვეყანაზე დეზინფორმაციას ავრცელებს. ის, რაც ხდებოდა ევროპარლამენტის კულუარებში და პირდაპირ საკომიტეტო მოსმენებზე თუ პლენარულ სხდომებზე, არ გახლავთ ე.წ. პოლიტიკური ბრძოლა, ეს საკუთარი ქვეყნის საზიანოდ მიმართული მოქმედებებია. არ შეიძლება, პოლიტიკურ ამბიციებს, პარტიულ თუ ჯგუფურ ინტერესებს გადააყოლო ქვეყნის ინტერესები და სამომავლო პერსპექტივები. ევროპარლამენტის მოედნის შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების გამოყენება კონტრპროდუქტიულია, ამისათვის ჩვენ საკმარისი რესურსი გაგვაჩნია ქვეყნის შიგნით - აგერ, ბატონო, პარლამენტის ორი შენობა და გაზეთები, ჟურნალები, ტელევიზიები.

განსაკუთრებით ანეკდოტურია ამ "დისკუსიებში" უცხოელების ჩართვა და მათი მეშვეობით რეზოლუციებში საქართველოსათვის კრიტიკული შეფასებების შეტანა. რა, ჩვენი ხელისუფლება გაურბის ხარვეზებზე ან შეცდომებზე ლაპარაკს? წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, ყველას ვეპატიჟებით, ვისაც სურს, დარწმუნდეს, რომ ეს არჩევნები დემოკრატიულ ვითარებაში ჩაივლის, ისე, როგორც 2013 წელს საპრეზიდენტო, ხოლო 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩავატარეთ. თუკი ვინმე ჩვენი ქვეყნის საზღვრებს იქით იმაზე საუბრობს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლება რაიმე სახით იზღუდება, ჩამოვიდეს, ადგილზე გაეცნოს ვითარებას ან ჩართოს ქართული არხები და სრულიად საპირისპიროში დარწმუნდება. საქართველოში არ არსებობს სახელისუფლებო სატელევიზიო არხი, სამაგიეროდ, მთავრობას თითქმის ყველა ეროვნული ტელეკომპანიის საშუალებით აკრიტიკებენ! ამ კრიტიკული პოზიციებიდან რაღაცას ვეთანხმებით, რაღაცას არა, და სწორედ ეს არის დემოკრატია. მით უფრო, რომ ჩვენი მეგობრები დასავლეთში, და უკლებლივ ყველა, ღიად საუბრობენ საქართველოს პროგრესზე, რომელიც წელს სახელმწიფოებრიობის აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავს.

- თუმცა სწორედ ევროპარლამენტის ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საინფორმაციო ცნობაში მოხვდა "რუსთავი 2"-ის საქმე და ასევე მართლმსაჯულების სისტემასა და საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზები, რაზეც ქართველი საზოგადოებაც ღიად საუბრობს.

- საქართველოში ისინი ოქტომბერში იმყოფებოდნენ და მათი ინფორმაცია კომიტეტის წინაშე უმთავრესად ამ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. გახსოვთ ალბათ, ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ვითარება "რუსთავი 2" -ის ირგვლივ გარკვეულად დაიძაბა, ასევე პარლამენტის მიერ ჯერ კიდევ არ იყო შეტანილი ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, ასევე არსებობდა გარკვეული კითხვები "თავისუფალი ზონის" წევრთა დაპატიმრებაზე ქუთაისში. საინფორმაციო ცნობის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენი მხრიდან შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ მომხსენებლებს და კომიტეტის წევრებსაც. გეტყვით, რომ ეს არ არის საბოლოო დოკუმენტი, იგი იხვეწება, ასევე გასწორდება უზუსტობები, რომელიც შესაძლოა თავდაპირველ ცნობაში აისახა და იმედია, რომ ეს ყველაფერი მომავალ ანგარიშში ბევრად უფრო ობიექტურად აისახება.

- რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადება გავრცელდა, რომელიც პანკისში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლების გადაადგილებაზე საუბრობს.

- არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ სერგეი ლავროვის განცხადებები პანკისთან დაკავშირებით.

სიტუაცია ამ რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება და საერთაშორისო ტერორიზმის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. აქვე შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობას ბოლო პერიოდში ორჯერ ესტუმრა თავდაცვის მინისტრი, რომელიც შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და არსებული სიტუაცია ადგილზე შეისწავლა. ქართული სამართალდამცავი ორგანოები ყველა გამოწვევას კომპეტენტურად პასუხობენ. რაც შეეხება პარლამენტს, კანონმდებლობით გამკაცრებულია სასჯელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ერთიანდებიან უკანონო დაჯგუფებებში საქართველოს ფარგლებს მიღმა. ეს, ვფიქრობ, კარგადაა ცნობილი იმ მოხალისეებისთვის, რომლებიც ადრე საქართველოდან სირიაში გადავიდნენ. შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს ერთ-ერთი მათგანის მიმართ, ვინც პანკისში ახალგაზრდების მობილიზება განახორციელა. ამასთან, მინდა შევახსენო ბატონ ლავროვს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთ-საქართველოს საზღვრის ყველაზე ცხელ, ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე მოქმედებდა ეუთოს სამეთვალყურეო მისია, და მაშინ, ვენაში, სწორედ რუსეთმა, გაურკვეველი მიზეზების გამო ამ მისიის მოქმედების გაგრძელება დაბლოკა. ჩვენ კი ყოველთვის მზად ვართ, მივიღოთ ამა თუ იმ საკითხზე საერთაშორისო მონიტორინგის წარმომადგენლები.
ჩვენ კარგად გვესმის, რას ნიშნავს საერთაშორისო ტერორიზმი. ავღანეთში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 31 ქართველი მეომრის სიცოცხლე შეეწირა, სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მხარდასაჭერად, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, საქართველოს 50-მდე მოქალაქე იბრძვის, მაშინ, როდესაც იმავე მისიით წასული ასობით და ათასობით რუსეთის მოქალაქე ფიქსირდება. რუსმა კოლეგებმა სჯობს ამ საკითხზე გაამახვილონ ყურადღება და არა პანკისზე. უფრო სამართლიანი იქნება, რომ სწორედ საქართველომ წარუდგინოს პრეტენზია რუსეთს ამასთან დაკავშირებით, რადგან სირიაში მყოფ რუსეთის მოქალაქეთა უმეტესი ნაწილი ჩრდი­ლოეთ კავკასიის რესპუბლიკების წარმომადგენელია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი, უკან დაბრუნების შემდეგ, ადვილად შეძლებენ სიტუაციის დესტაბილიზაციას მთელ რეგიონში.

- ამ განცხადებების ფონზე, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებასა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი მაინც გამართლებულად მიგაჩნიათ?
- საქართველოს სურს, თანასწორი და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდეს ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან, მათ შორის რუსეთთან, მაგრამ არსებობს წითელი ხაზი და საქართველოს ეროვნული ინტერესები. ჩვენ ვერ შევძლებთ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას რუსეთთან მანამ, სანამ ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ამაზე ძალიან ბევრჯერ ითქვა. ჩვენი ეს პოზიცია არ შეიცვლება. როგორ უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, რომელსაც სამი დიპლომატიური წარმომადგენლობა აქვს საქართველოში - ინტერესთა სექცია თბილისში და "საელჩოები" სოხუმსა და ცხინვალში?! ეს, ვფიქრობ, ძალიან კარგად ესმით მოსკოვშიც. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა დასავლელი პარტნიორი მხარს გვიჭერს რუსეთთან პრაგმატული დიალოგის წარმოებაში, რადგანაც ეს აუცილებელია რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

- რამდენიმე დღის წინ ნუკრი ქანთარიამ საგარეო საქმეთა მინისტრს კომპეტენცია დაუწუნა და ლავროვთან შეხვედრისკენ თქვენ მოგიწოდათ. მსგავსი განცხადებები თქვენთვის რამდენად მისაღებია?

- ბატონი ქანთარიას განცხადებაზე საუკეთესო კომენტარი სწორედ საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა. მიხეილ ჯანელიძემ თავი წარმოაჩინა, როგორც ჭკვიანმა, გაწონასწორებულმა პოლიტიკოსმა. მას სრული მხარდაჭერა აქვს მთავრობისა და მმართველი კოალიციის მხრიდან, მისი კანდიდატურა დაამტკიცა პარლამენტმა. ჩვენი კომიტეტის მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ ვითანამშრომლოთ ბატონ მიხეილთან და იმ გუნდთან, რომელიც დღეს სამინისტროშია.

რუსუდან შელია
სიმონიკა
06 თებერვალი 2016 10:58
როგორ ხდება, რომ ევროპარლამენტი უჯერებს ოპოზიციის ორ წარმომადგენელს (ჩ. თაქთაქიშვილი და გ. კანდელაკი) და არ გიჯერებთ თქვენ, მთელ ჯოგს (კობახიძე, ბესელია, მაღრაძე, პირადად თქვენ და კიდევ რამდენიმე კაცი). ეხ, რა ტყვილა გაჭმევთ პურსა?
ლაშა
06 თებერვალი 2016 01:40
არამხოლოდ უგულავაა სისხლის სამართლის დამნაშავე, მთელი ნაცხროვა უნდა გასამართღლდეს ბელადთან ერთად. ყველა ცალკეული ბრალით!.
mari
06 თებერვალი 2016 01:14
ზალპი თქვენ ხმას თუ კიდევ ამოიღებდით უგულავას გასამართლებლად სიბეცე და ბრმაობაა, შეხედეთ მაგის ცოლს რეებს ატარებს, რომელი პოლიტიკური პატიმარია გამფლანგველი?

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები