"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი საჭორაო თემა ბესელიაზე კომპრომატების მოყოლა და ჩვენება იყო" - კვირის პალიტრა

"ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი საჭორაო თემა ბესელიაზე კომპრომატების მოყოლა და ჩვენება იყო"

"შინაგან საქმეთა სამინსიტროში ეკა ბესელიასა და კობახიძის წინააღმდეგ ტომები დევს"

"კობახიძე კორუმპირებულობის მასშტაბით ეკა ბესელიას ვერ მისწვდება. ბესელია ჩამოყალიბებული მაფიოზია და ეს ბიძინა ივანიშვილმა დოკუმენტებით იცის"

რატომ შეხვდა ანასტასია ზაუტაშვილს და როდის დაასახელებს წყაროს, რომელმაც, როგორც თავად ამტკიცებს, დეპუტატ ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის კორუმპირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია მიაწოდა? -  kvirispalitra.ge -ს კითხვებს თბილისის საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი პასუხობს:

- დაახლოებით, ორი კვირის წინ, ანასტასია ზაუტაშვილმა რამდენჯერმე დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავთანხმდი და პროცედურების სრული დაცვით, 22 იანვარს, 11 საათზე მსჯავრდებულს შევხვდი. როგორც კი, ჩვენი შეხვედრის შესახებ ბესელია-კობახიძისთვი გახდა ცნობილი და სრულ ისტერიკაში ჩავარდნენ.

- დეპუტატების ისტერიკა კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა?

- უშვერი სიტყვებით დამიწყეს ლანძღვა. ბესელიამ ხუთი კითხვა ჩამოწერა, რომელსაც ოროსანი ბავშვიც კი არ დასვამდა.

- თუ ბესელია დაინტერედა, როგორც საქმის მოწმე, მეორე დაპირისპირებულ მოწმესთან შეხვედრაზე რატომ აღმოჩნდი, ეს რატომ გახდა შენთვის მიუღებელი?

- როგორც გითხარით, შეხვედრა ანასტასია ზაუტაშვილის ინიციატივით დაიგეგმა, რომელსაც ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას დავპირდი.

- დავაზუსტოთ - დღეს შენ და ანასტასია ზაუტაშვილი ბესელია-კობახიძის წინააღმდეგ ერთ ფლანგზე ხართ?

- რასაც ბესელია და კობახიძე აკეთებდნენ, მე ვერ ვიკადრებ. ისინი ჩემ წინააღმდეგ პოლიტპატიმრებსა და ანასტასია ზაუტაშვილს იყენებდნენ, მე კი არ ვაპირებ მსჯავრდებულის საშუალებით ვინმეს ვებრძოლო. კორუმპირებულ პოლიტიკოსებთან პატიოსნად ვიბრძოლებ.

- რა საკითხები განიხილეთ შეხვედრაზე? თავადვე აღნიშნე, რომ პოლიტიკოსებისთვის თანხის გადაცემა ანასტასია ზაუტაშვილმა უარყო...

- დიახ, უარყო და ნამდვილად არ ვაპირებ მისი ნათქვამის შეცვლას. ანასტასია ზაუტაშვილი ძირითადად საქმის მასალებზე მელაპარაკებოდა, თუმცა ამ შეხვედრას საინტერესო გაგრძელება მოჰყვა. მანანა კობახიძემ სოციალურ ქსელში კომენტარი დამიტოვა, - "ალეკოჯან, ჩანაწერი არსებობსო". მოგვიანებით, ანასტასია ზაუტაშვილიც დამიკავშირდა და მითხრა, ჩვენი საუბრის ჩაწერის უფლება არავის ჰქონდა, რადგან შესაბამისი ნებართვა გამოძიებისთვის არ მიმიციაო. მანანა კობახიძემ კომენტარი მალევე წაშალა. როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ქვის ხანაში ვცხოვრობთ და კომენტარის შენახვის შესაძლებლობა არ გვაქვს. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, "ფეისბუკის" გვერდზე ყველა პოსტი წაუშლია, მაგრამ ესეც ვერ უშველიც - ჩვენ ყველაფერი შენახული გვაქვს. ორშაბათსვე პროკურატურაში განცხადებას დავწერ, რომ ეს საქმე დაუყოვნებლივ გამოიძიონ. უმარტივესია იმის დადგენა, მანანა კობახიძის კომპიუტერიდან დაფიქსირდა კომენტარი თუ "ფეისბუკგვერდი" მას მართლაც გაუტეხეს. თუ მისი ავთენტურობა დადასტურდა, ეს ნიშნავს, რომ ჩემი და ზაუტაშვილის საუბარს პროკურატურა უკანონოდ ისმენდა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

- ვიდრე ახალი გამოძიების დაწყებას მოითხოვ, არ აპირებ კარტების გახსნასა და წყაროს დასახელებას, რომელმაც, როგორც თავად ამბობ, კორუფციულ ფაქტზე ინფორმაცია მოგაწოდა?

- არ ვიტყვი, რადგან ამ ადამიანზეც ზეწოლას მოახდენენ და ათქმევინებენ, მსგავსი არაფერი მითქვამსო. აგერ, ხომ ხედავთ თინა ხიდაშელსაც არაფერი ახსოვს, მე კი სიტყვა-სიტყვით შემიძლია გავუმეორო, მისი პასუხები ბესელია-კობახიძეზე.

- რას გპასუხობდა? ინფორმაციის გახმაურების შემდეგ ხიდაშელთან პირადად არ გისაუბრია?

- არა. დიახ, უსუფაშვილისა და თინასგან მეტ პრინციპულობას ველოდი. იმედები განსაკუთრებით ხიდაშელმა გამიცრუა. ჩემი ამოცანაა, სიმართლე დავადასტურო და დავამტკიცო, რომ ბესელია და კობახიძე კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან. პარალელიურად კი, ორივე მათგანი კვალის დამალვას მაქსიმალურად ცდილობს.

- და როგორ აპირებ შენი სიმართლის დამტკიცებას, როდესაც შენ ტელეფონში მესიჯებიც კი წაშლილი აღმოჩნდა? ზაუტაშვილი ხომ არ დაგპირდა მომავალში მეტი ინფორმაციის გახმოვანებას?

- შესაძლოა ზაუტაშვილმაც მომაწოდოს, არ ვიცი. რაც შეეხება წერილებს, ისინი აუცილებლად გამოქვეყნდება. წაშლილი მესიჯებიც აღდგენას კი, დიდი დრო არ სჭირდება.

- ითქვა, რომ დეპუტატების წინააღმდეგ კამპანია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის წამოიწყე და რეალურად თბილისის მერობას უმიზნებ...

- აბსურდია. ინფორმაციის გახმაურება მხოლოდ მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც პატრიარქის ემოციური განცხადება გავრცელდა და მას ეკა ბესელია მაშინათვე დაეთანხმა. პატრიარქი 85 წლის ადამიანია, როგორ ფიქრობთ, შეწყალების უფლების მინიჭების შემთხვევაში, ის 1500 განაჩენს წაიკითხავდა? ყოველ შეწყალებაზე ბესელია საკუთარი ინტერესების გატარებას შეეცდებოდა და საპატრიარქო სერიოზულ ხათაბალაში აღმოჩნდებოდა. სხვათა შორის, ზუსტად ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უამრავი ჩანაწერი ინახება, სადაც დეტალურადაა ასახული ბესელია და კობახიძე პატიმრებზე ფულს როგორ აკეთებდნენ. ისიც დანამდვილებით ვიცი, რომ ახლო გარემოცვასთან ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი საყვარელი საჭორაო თემა ბესელიაზე კომპრომატების მოყოლა და ჩვენება იყო. ბუნებრივია, პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს არ ვგულისხმობ. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკოსები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ეკა ბესელიაზე უყვებოდა, ამ ინტერვიუს წაიკითხავენ. ამიტომ, ბატონებო, თითოეულმა თქვენგანმა გაიხსენოს რაზე ელაპარაკებოდა მათ ყოფილი პრემიერი.

- დააკონრკრეტე, ვინ გაწვდის ამ ინფორმაციას ან თუ ეს სიმართლეა, რატომ აფარებენ დეპუტატებს ხელს?

- ვიმეორებ, დაზუსტებით ვიცი - შინაგან საქმეთა სამინსიტროში ეკა ბესელიასა და კობახიძის წინააღმდეგ ტომები დევს. ჩემთვისაც გაუგებარია ეს კორუმპირებული პოლიტიკოსები რაში სჭირდებათ. სრული პაუსიხმგებლობით ვამბობ, კობახიძე კორუმპირებუობის მასშტაბით ეკა ბესელიას ვერ მისწვდება. ბესელია ჩამოყალიბებული მაფიოზია და ეს ბიძინა ივანიშვილმა დოკუმენტებით იცის.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)