პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი დაასახელა - ვინ არის კობა გვენეტაძე?! - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი დაასახელა - ვინ არის კობა გვენეტაძე?!

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება.

"საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა. არასამთავრობო სექტორმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. ეს კრიტერიუმებია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.

კანდიდატების შერჩევის პროცესს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატი, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and Taggartალტ -ში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.

კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე. 1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.

კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში" - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი "მაღალი დონის პროფესიონალია" და ის აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს.

"წლების განმავლობაში მუშაობდა და დღემდე მუშაობს საერთაშორისო სავალუტო ფონდში. მას საფინანსო სექტორში და ეკონომიკის მიმართულებით აქვს მრავალფეროვანი და მრავალწლიანი გამოცდილება. ის არის იმ კვალიფიკაციის ადამიანი, რა მოთხოვნებიც სწორედ ექსპერტთა ჩართულობით გამჭვირვალე პროცესის შედეგად დადგინდა. შესაბამისად, იგი აკმაყოფილებს ყველა კრიტერიუმს. ჩემი აზრით, ბატონი კობა იქნება ეროვნული ბანკის საბჭოს ძალიან ძლიერი და ღირსეული წევრი".

როგორც ჩანს, საპარლამენტო უმრავლესობაში კობა გვენეტაძის კანდიდატურას არ იცნობენ და ამბობენ, რომ ჯერ არ იციან, დაუჭერენ თუ არა მას მხარს.

გია ვოლსკი, დეპუტატი:

"კობა გვენეტაძეს კარგი მონაცემები აქვს. პირადად მე მას არ ვიცნობ, საფინანსო წრეების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ნაკლებად მქონია. ვფიქრობ, ჩემს კოლეგებთან ერთად საშუალება მექნება შევხვდეთ და ღრმად გავაანალიზოთ არამარტო მისი მონაცემები, რომელიც ფურცელზე დევს, არამედ მისი ხედვები. გადაწყვეტილებასაც ამის შემდეგ მივიღებთ".

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებით, ფრაქცია "ქართულ ოცნება" უახლოეს დღეებში გამართავს სხდომას, სადაც გვენეტაძის კანდიდატურის შესახებ იმსჯელებენ.

კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს  არც მთავრობაში აკეთებენ. საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ.

"კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ" - განაცხადა, ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კობა გვენეტაძეს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2002 წელს აქვს შევსებული ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ყოფნისას. დეკლარაციის მიხედვით, ჰყავს ფინანსისტი მეუღლე, ირინე კოკაია. მის სახელზეა 30 000 ლარიანი ბინა თბილისში, ავტოფარეხი. 2002 წლისთვის გვენეტაძე იმდროს არსებული ერთ-ერთი კომპანიის პარტნიორი იყო.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით