"პროკურატურა მონდომებით ცდილობს, ტყუილები უტიფრად "გააპრავოს" - კვირის პალიტრა

"პროკურატურა მონდომებით ცდილობს, ტყუილები უტიფრად "გააპრავოს"

"არც ირაკლი რუხაძეს და არც მის რომელიმე კომპანიას "თავისუფალი დემოკრატებისთვის" თანხა არასოდეს შემოუწირავს"

ალექსი ბატიაშვილის ჩვენება ბოლო ლურსმანი იყო პროკურატურის საქმეში, რითაც თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის წინააღმდეგ არსებული ბრალდება, ფაქტობრივად, დასამარდა

ე.წ. კაბელების საქმის განხილვაზე პროკურატურის მოწმე ალექსი ბატიაშვილმა ჩვენება შეცვალა და "თავისუფალი დემოკრატების" პოზიცია გაიზიარა. დეტალებზე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს, ირაკლი ალასანიას ვესაუბრეთ:

- ალექსი ბატიაშვილის ჩვენება ბოლო ლურსმანი იყო პროკურატურის საქმეში, რითაც თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის წინააღმდეგ არსებული ბრალდება, ფაქტობრივად, დასამარდა. ბატიაშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ "დელტაკომი" იმავე მომსახურებას, რომელსაც "სილქნეტი" თავდაცვის სამინისტროს უწევს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც ახორციელებს. ფაქტია, პროკურატურა მონდომებით ცდილობს, ტყუილები უტიფრად "გააპრავოს", მაგრამ ეს არ გამოუვიდა და არც მომავალში გამოუვა. იმედი მაქვს, სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამ საქმეს ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს - შემეძლო ისე მოვქცეულიყავი, როგორც მათ უნდოდათ - მიმეტოვებინა ბიჭები და პოლიტიკაში "კასტრირებული" დავრჩენილიყავი.

- ვინ ითხოვდა ამას თქვენგან?

- ჩემი თანაგუნდელების ციხეში ჩასმა სწორედ ამის მიმანიშნებელი იყო. ვინც უსამართლოდ დაკავებულ გუნდის წევრებს ბედის ანაბარა მიატოვებს, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება. ამიტომ ამ საქმეს ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ფაქტია, თავის მხრივ, პროკურატურა ადეიშვილის მეთოდებით მოქმედებს და ტყუილის "გაპრავებას" ყველა მეთოდით ცდილობს, თუმცა არაფერი გამოუვიდათ და არც მომავალში გამოუვათ.

- რაც შეეხება სხვა პროცესებს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე, რომელიც "მაესტროს" ირგვლივ მიმდინარე პროცესებში ფიგურირებს, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გაფინანსებდათ. დიდი ხანია მასთან მეგობრობთ?

- ირაკლი რუხაძე მაშინ გავიცანი, როდესაც სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლი გახდა, მოგეხსენებათ, შეშინების მიზნით მას მანქანაც აუფეთქეს. ბოლოს ირაკლი იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო. ბუნებრივია, პოლიტიკოსებს მის მიმართ სიმპათია გვქონდა, რადგან ის სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან იჩაგრებოდა. რაც შეეხება დაფინანსებას, არც მას და არც მის რომელიმე კომპანიას "თავისუფალი დემოკრატებისთვის" თანხა არასოდეს შემოუწირავს.

ირაკლი რუხაძე საკმაოდ ჭკვიანი ეკონომისტია, მისი ეკონომიკური ხედვებიც ჩვენი პარტიისას ემთხვევა. პერიოდულად ვხვდებით, მაგრამ ბოლო პერიოდში ის ნამდვილად არ მინახავს.

- ის არც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე იქნება თქვენი ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი?

- შემოწირულობისთვის ჩვენი პარტია ყოველთვის ღიაა. ვფიქრობ, წინასაარჩევნოდ ფინანსების მოზიდვის პრაქტიკაც უნდა დაიხვეწოს.

დღეს აღარ გვაქვს სააკაშვილისდროინდელი მოცემულობა, როდესაც ბიზნესმენები ტერორში იყვნენ და პოლიტიკოსებთან ურთიერთობას კატეგორიულად ერიდებოდნენ. დღეს შეგვიძლია მეგობარ ბიზნესმენებს თავისუფლად დაველაპარაკოთ და მეტიც, ჩვენთან თანამშრომლობისთვის მოვხიბლოთ.

რაც შეეხება "მაესტროს" საკითხს, პროცესს ნეგატიურად ვაფასებ. ფაქტია, რომ წინასაარჩევნოდ წილების შეუნიღბავი გადანაწილება სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას უკავშირდება. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მნიშვნელოვანია, "მაესტრო" სახელმწიფო გავლენას არ დაექვემდებაროს.

- ტელევიზიაში სახელისუფლებო ჩარევაზე რა მიგანიშნებთ?

- რატომ არ დაიწყო გაჩეჩილაძემ ამ დრომდე დავა და რატომ ხდება ეს ყველაფერი წინასაარჩევნო წელს? ამ ყველაფერს ცუდად დაემთხვა პრემიერისა და გაჩეჩილაძის შეხვედრაც, მსგავს შეხვედრაზე მეგობრულ საკითხებზე, მხოლოდ პირად ურთიერთობებზე არ საუბრობენ. როდესაც კოალიცია ხელისუფლებაში მოდიოდა, ორი მთავარი ღირებულება გვქონდა - თავისუფალი სასამართლო და დამოუკიდებელი მედია. სამწუხაროდ, ორივე მიმართულებით კითხვის ნიშნები ჩნდება. ტელევიზიებიდან გაურკვეველი მიზეზებით ჟურნალისტებს ათავისუფლებენ, სასამართლო კი, ადეიშვილის გამობრძმედილი კადრებით კომპლექტდება. ამაზე ჩვენი პარტნიორებიც უკვე ღიად საუბრობენ.

- სასამართლო რეფორმაზე პასუხისმგებლობას ყოფილ თანაგუნდელ მინისტრს აკისრებთ?

- რა თქმა უნდა, სასამართლო რეფორმა თეა წულუკიანმა ჩააგდო და პროცესში მისი პასუხისმგებლობაც დიდია.

რუსუდან შელია