დატოვებს თუ არა კოალიციას "ეროვნული ფორუმი" და გახდება ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძის პარტნიორი?! - კვირის პალიტრა

დატოვებს თუ არა კოალიციას "ეროვნული ფორუმი" და გახდება ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძის პარტნიორი?!

"ალბათ ჩემზე ამბობენ, არაფერს აკეთებსო, მაგრამ მირჩევნია ეს თქვან, ვიდრე წამომაძახონ, რაიონში ყველაფრის წილშიაო"

"კოალიციაში პარტია "ქართული ოცნება" წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებაზე, ისე დამარცხებებზე, პასუხისმგებელიც ის არის"

2012 წლის არჩევნების შემდეგ საჯარო სივრცეში მხოლოდ რამდენჯერმე გამოჩნდა. პოლიტიკურ პროცესებსაც ნაკლებად ეხმიანება და როგორც ქუთაისელები ჩივიან, დიდად არც მაჟორიტარის ბიუროს სწყალობს. რატომ გაქრა აქტიური პოლიტიკიდან და რა გეგმები აქვს წინასაარჩევნოდ "ეროვნულ ფორუმს"? "კვირის პალიტრას" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ვიცე-სპიკერი გუბაზ სანიკიძე ექსკლუზიურად ესაუბრება:

- ჩემს გაქრობა-გამოჩენასთან დაკავშირებით, მინდა ყველას პასუხი გავცე: ზოგიერთ საკითხში კომპეტენტური ვარ, მაგრამ ბევრ საკითხში საკუთარ თავზე ამას ვერ ვიტყვი. არც იმ პოლიტიკოსების რიცხვს მივეკუთვნები, ყველაფერზე კომენტარს რომ აკეთებენ. შესაძლოა, არ ჩანს, მაგრამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინტენსიურად ვმუშაობ.

- არჩევნების შემდეგ ქუთაისელები, ფაქტობრივად, ვერ გპოულობენ, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი, იქნებ თავდაპირველად მათი პრობლემებით დაინტერესებულიყავით...

- ქუთაისი ყველაზე დიდი რაიონია და შეუძლებელია, მაჟორიტარმა ყველა ამომრჩევლის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეძლოს. მით უმეტეს, ჩემი პრინციპია, თვითმმართველობის საქმეებში არასოდეს ჩავერიო. ალბათ, ჩემზე ამბობენ, არაფერს აკეთებსო, მაგრამ მირჩევნია ეს თქვან, ვიდრე წამომაძახონ, რაიონში ყველაფრის წილშიაო.

- თქვენს მაჟორიტარ კოლეგებზე მიანიშნებთ?

- ალბათ, ზოგი მაჟორიტარი თვითმმართველობის საქმეებში ერევა, ზოგი - არა, მაგრამ კოლეგების საქმიანობით არ დავინტერესებულვარ. მოსახლეობას მაჟორიტარის ფუნქციებზე არასწორი შეხედულება აქვს. თუ მათი ნაწილი ფეოდალივით იქცევა, ეს მოსახლეობის არასწორი დამოკიდებულების შედეგია.

მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს. თვითმმართველობის გაძლიერებაა აუცილებელი.

- 2016 წლისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას მმართველი გუნდი არ თანხმდება, თქვენ კოლეგებისგან განსხვავებული პოზიცია გაქვთ?

- მთავარია, რომ პოლიტიკური შეთანხმება არსებობს და 2020 წლისთვის მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება. მერწმუნეთ, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა -  თუ მაჟორიტარი ოლქს მოსწყდება, ფეოდალური მმართველობაც დასრულდება და თვითმმართველობაც დეპუტატის გავლენისგან გათავისუფლდება.

ზოგჯერ მაჟორიტარებს კარგი სურვილები ამოძრავებთ, მაგრამ საქმეს ხშირად სწორედ კარგი სურვილები აფუჭებს. "ქართული ოცნების" რამდენიმე წევრი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგებოდა...

- მიზეზი პოლიტიკური ინტერესები იყო?

- ამას არავინ ამბობს, გულში კი ვინ რას ფიქრობს, ვერ გამოვიცნობ. ამ ეტაპზე არჩევნებისთვის ვემზადებით. გაზაფხულზე ყრილობას ჩავატარებთ, სადაც პარტიის წევრებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - ვრჩებით თუ გავდივართ კოალიციიდან! მე პარტიის წევრების გადაწყვეტილებას უპირობოდ დავემორჩილები.

- რატომ დადგა კოალიციაში ყოფნა-არყოფნის საკითხი პარტიის დღის წესრიგში?

- 2012 წელს იდეოლოგიური კოალიცია არ შექმნილა, ეს მხოლოდ საარჩევნო გაერთიანება იყო. დღეს სხვა ვითარებაა. ვერ ვხედავ სერიოზულ მიზეზს, რატომ უნდა დავტოვოთ კოალიცია. შესაძლოა, გარკვეულ საკითხებზე ვერ ვთანხმდებით, მაგრამ პრინციპები საერთო გვაქვს. კოალიცია თვითშეზღუდვას გულისხმობს, ჩვენს პარტიას კი კოალიციისთვის პრობლემა არასოდეს შეუქმნია, არც კვოტებზე. კოალიციაში ვისაც მეტი წილი ხვდა, ბევრ საკითხზე პასუხისმგებლობაც მას ეკისრება. დიახ, "ფორუმი" მაღალ თანამდებობებზე წარმოდგენილი არ გახლავთ - აღმასრულებელ ხელისუფლებაში მინისტრი არ გვყავს, პარლამენტში კი მხოლოდ ორი - ვიცე-სპიკერისა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი გვაქვს. ვიღაცები ამას ჩვენს სისუსტედ მიიჩნევენ, მაგრამ მე განსხვავებული პოზიცია მაქვს - მნიშვნელოვანი თანამდებობა კი არა, გავლენაა.

- ვინ არის დღეს კოალიციაში გავლენიანი პოლიტიკური ძალა და გუნდის პასუხისმგებლობაზე წინასაარჩევნოდ რატომ საუბრობთ?

- საკუთარ გავლენებზე სხვებმა ისაუბრონ... ვისაც ათი მინისტრი ჰყავს, პროცესებზე მეტი პასუხისმგებლობაც მან უნდა იტვირთოს. კოალიციაში პარტია "ქართული ოცნება" წამყვანი ორგანიზაციაა, ამიტომ როგორც წარმატებაზე, ისე დამარცხებებზე, პასუხისმგებელიც ის არის.

სამთავრობო გადაწყვეტილებებში "ფორუმი" არ მონაწილეობს, რადგან იქ ჩვენი პარტიის წარმომადგენელი არ არის.

- ეს თქვენი სურვილით მოხდა, თუ გუნდი კადრებს გიწუნებთ?

- ჩვენი სურვილიც იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კარგი სპეციალისტები არ გვყავს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საკადრო შესაძლებლობებზე კარგი წარმოდგენა გვაქვს, კოლეგები თვლიან, რომ მათ მართვა უკეთესად შეუძლიათ. კი ბატონო, ხელს არ შევუშლით. რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, ვფიქრობ, ოპტიმალურად შევძელით იმ პრობლემების გადაჭრა, რაც ქვეყანაში არსებობდა. უამრავი საფრთხე ავარიდეთ ქვეყანას, რაც საზოგადოებას არც კი გაუგია. უსაფრთხოება დიდი შრომის ფასად გვიჯდება, მით უმეტეს, რეგიონში შექმნილი დაძAაბულობის ფონზე.

ფაქტობრივად, ბეწვის ხიდზე დავდივართ, ამიტომ ყრილობაზე "ფორუმი" გადაწყვეტილებას მხოლოდ ეროვნული ინტერესების შესაბამისად მიიღებს.

- მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ თქვენ და "მრეწველებმა", შესაძლოა, გაერთიანება დატოვოთ. კულუარებში ისიც კი ითქვა, რომ ნინო ბურჯანაძესთან თანამშრომლობისთვის ემზადებით.

- ნინო ბურჯანაძე ჩემი შვილის ნათლიაა, მეგობრებსა და ნათესავებზე კი არასოდეს ვამბობ უარს. მეტიც, ნინოს ჩემს ოჯახსაც კი ვანდობ. რამე რომ დამემართოს, ვიცი, ჩემებს ლუკმაპურს არ მოაკლებს. რაც შეეხება პოლიტიკურ ერთობას, ნინოს თავისი საქმეები აქვს, მე - ჩემი. როცა ვხვდებით, ჩვენს საქმეებზე არ ვსაუბრობთ.

- ამომრჩეველს 250-ლარიან პენსიასა და "უფასო ფულს" ჰპირდებოდით... ოთხწლიანი დუმილის შემდეგ ამომრჩეველთან ახალი დაპირებებით მისვლას გეგმავთ?

- ამომრჩეველს უნდა ვუთხრათ, რომელი დაპირება ვერ შევასრულეთ და რა იყო ამის მიზეზი. იმის თქმა, რომ ყველაფერი გაკეთდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. დიახ, მეც ვპირდებოდი ხალხს ბევრ რამეს, მაგრამ თუ ყველაფერი ვერ გაკეთდა, 80%-ით საგარეო ფაქტორების შედეგია.

შეხედეთ, რეგიონში რა ხდება - მოსკოვი უფრო შორს არის ჩვენგან, ვიდრე - დამასკო, ვაშინგტონი კი სულ სხვა პლანეტაა. დიდი გეოპოლიტიკური ძვრები ხდება. ამ ვითარებიდან ფრთხილად გამოსვლას დიდი ნიჭი სჭირდება. კი ბატონო, ლარიც გაუფასურდა, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ საქართველოში არ მომხდარა?!

- ცოტა ხნის წინ თქვენმა თანაგუნდელმა სოსო ვახტანგიშვილმა "გაზპრომთან" მოლაპარაკებები გააკრიტიკა და ლადო პაპავას მოსაზრებებს დაეთანხმა. თქვენც ფიქრობთ, რომ "გაზპრომის" წინადადებებზე დათანხმება ქვეყნის წინაშე დანაშაული იქნება?

- "გაზპრომთან" მოლაპარაკებები არ არის ქვეყნის ღალატი და არც კახი კალაძეს შეუძლია, ქვეყანას უღალატოს. ადრე თუ გვიან, რუსეთთან ურთიერთობა უნდა დავიწყოთ. რუსებსაც ჩვენთან საუბარი უნდათ - იზოლაციაში არიან და საქართველო სჭირდებათ. როგორ მხნედაც უნდა გამოიყურებოდნენ, სირიაში ჭაობში აღმოჩნდნენ და ეს კარგად ესმით. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როცა სალაპარაკოდ დავსხდებით, როგორი პოზიცია გვექნება? მე ვმუშაობ ბევრ საკითხზე, რომ როცა კონტაქტი შედგება, მყარი პოზიცია გვქონდეს.

- კონკრეტულად რას აკეთებთ? და პანკისზე ლავროვის მინიშნების შემდეგ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებით რას ელით?

- დეტალებს არ გავამხელ. რაც შეეხება ლავროვს, პრეზიდენტი მარგველაშვილი კარგად მოიქცა, როდესაც პანკისში დიპლომატები ჩაიყვანა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ - საქართველოს პანკისიდან საფრთხე არ ემუქრება! ნეტავ, ყველა ქართველი ისეთი პატრიოტი იყოს, როგორიც ქისტები არიან. რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, პუტინმა პირველად განაცხადა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე აფხაზებსა და ოსებს დაელაპარაკეთო. ეს მნიშვნელოვანი მინიშნება იყო. ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად მხოლოდ დასავლეთის ფაქტორზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, აუცილებელია, ამ საქმეში მხარს სხვა მეზობლებიც გვიჭერდნენ. მეც სწორედ ამ საქმეებში ვარ ჩართული.

რუსუდან შელია