აშშ აღიარებს სომხების გენოციდს?! - კვირის პალიტრა

აშშ აღიარებს სომხების გენოციდს?!

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა ურთიერთობის კომიტეტმა მოიწონა რეზოლუცია, რომელიც ვაშინგტონს მოუწოდებს, აღიაროს სომეხთა

მასობრივი გაჟლეტის ფაქტი ოსმანთა იმპერიის მიწურულს. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თურქეთის ურთიერთობას როგორც აშშ-ის, ასევე თვით სომხეთის მიმართ.

თურქეთმა დაგმო ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად 1915 წელს სომეხი მოსახლეობის მასობრივი ამოჟლეტა კვალიფიცირდება, როგორც გენოციდი და თავისი ელჩი ვაშინგტონიდან საკონსულტაციოდ გაიწვია. თურქეთის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, "ჩვენ ვგმობთ რეზოლუციას, რომელიც თურქეთს ადანაშაულებს იმაში, რაც მას არ ჩაუდენია".

თურქეთმა არაერთხელ გააფრთხილა აშშ, რომ გენოციდთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი რეზოლუცია აუცილებლად დაძაბავს ურთიერთობას ორ ქვეყანას შორის და ჩაშლის ანკარის ერევანთან უთანხმოების აღმოფხვრის გეგმას. მსგავსი რეზოლუციები კონგრესის პროფილურ კომიტეტში 2000, 2005 და 2007 წლებშიც განიხილეს, მაგრამ კონგრესის ქვედა პალატაში არ წარუდგენიათ ბილ კლინტონისა და ჯორჯ ბუში-უმცროსის ადმინისტრაციის ძლიერი ზეწოლის გამო.

წინასაარჩევნო კამპანიისას ობამა ამომრჩევლებს დაჰპირდა სომეხი მოსახლეობის მასობრივი განადგურების, როგორც "გენოციდის", აღიარებას, თუმცა შარშან სამგლოვიარო თარიღთან დაკავშირებით სომხეთში გაგზავნილ წერილში ეს ტერმინი აღარ გამოუყენებია. თურქეთი გადაჭრით უარყოფს ტერმინ "გენოციდს". მისი შეფასებით, 300-დან 500 ათასამდე სომეხი და დაახლოებით ამდენივე თურქი სამოქალაქო პირი მღელვარების დროს დაიღუპა.

P.S. ბი-ბი-სის ინფორმაციით, შვედეთის პარლამენტში კენჭი უყარეს კანონპროექტს, რომელიც აღიარებს 1915 წელს სომეხთა გენოციდს ოსმანთა იმპერიაში. საპასუხოდ თურქეთმა თავისი ელჩი გაიწვია შვედეთის დედაქალაქიდან და გადადო 7 მარტს პრემიერ-მინისტრ რეჯებ თაიფ ერდოღანის ვიზიტი სტოკჰოლმში. "თურქეი დეილი ნიუსი", თურქეთი