ირანის პრეზიდენტის ანტიამერიკული ვიზიტი - კვირის პალიტრა

ირანის პრეზიდენტის ანტიამერიკული ვიზიტი

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი მეორედ გაპრეზიდენტების შემდეგ პირველად ეწვია ავღანეთს. ირანის პრეზიდენტის ვიზიტის წინადღეს ქაბულში

მოულოდნელად ჩასულმა პენტაგონის თავკაცმა, რობერტ გეიტსმა ირანი ორმაგ თამაშში დაადანაშაულა - ავღანეთის მთავრობასაც უჭერს მხარს და თალიბებსაცო.

ამერიკის სპეცსამსახურები ირწმუნებიან, რომ თეირანი ავღანური მოძრაობა "თალიბანის" მებრძოლებს იარაღითა და ფულით ამარაგებს, პენტაგონის აზრით, ნაწილობრივ ამით არის განპირობებული ავღანეთის სამთავრობო ჯარისა და დასავლეთის კოალიციის სამხედრო კონტინგენტის წარუმატებლობა ადგილობრივ ისლამისტებთან ბრძოლაში.

მაჰმუდ აჰმადინეჯადი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებას, თითქოს ირანი ორმაგ თამაშს ეწეოდეს და ქაბულში ყოფნისას პრესკონფერენციაზე მისულ ამერიკელებს ჰკითხა, - რას აკეთებთ აქ, თქვენი სახლიდან 12 ათასი კმ-ის დაშორებით? თუ საამისოდ სხვა მიზეზი გაქვთ, ვაჟკაცურად აღიარეთ. თქვენ თვითონ შექმენით "თალიბანიც" და "ალ-ქაიდაც", აფინანსებდით და ყველანაირად მხარს უჭერდით, ახლა კი ტერმინ "ტერორიზმს" იყენებთ თქვენი აქ ყოფნის გასამართლებლადო.

ამ ტირადის დროს აჰმადინეჯადის გვერდით მდგარ ავღანეთის პრეზიდენტს, ჰამიდ ყარზაის თავი ისე ეჭირა, თითქოს მას არაფერი ეხებოდა. ყარზაიმ მადლობა გადაუხადა თეირანს ქვეყანაში პირველი რკინიგზის აგებასა და სხვა ეკონომიკური პროექტების განხორციელებაში დახმარებისთვის.

"გარდიანი", დიდი ბრიტანეთი