რუსეთი ნატოში - კვირის პალიტრა

რუსეთი ნატოში

ევროატლანტიკურ რეგიონს მსოფლიოში მშვიდობა და სტაბილურობა სჭირდება. დღევანდელი ფორმით ნატოს ამ ამოცანებთან გამკლავება არ შეუძლია. მომავალშიალიანსმა საკუთარი თავი უნდა მოიაზროს, როგორც სამი ცენტრის - ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და რუსეთის - ჩარჩო-სტრუქტურამ. ამ სამეულს საერთო ინტერესები აქვს და მსგავსი პრობლემების წინაშეც დგანან. თუკი ალიანსს სურს ყველა კრიზისის გადაწყვეტის ფორუმად იქცეს, საამისოდ აუცილებელი ინსტიტუციონალური ჩარჩოები უნდა შექმნას. ნატოში წევრობის კარი რუსეთისთვის ღია უნდა იყოს. თავის მხრივ, რუსეთი მზად უნდა იყოს ნატოს წევრის უფლებებისა და ვალდებულებების სხვებთან ერთად გასაზიარებლად.

ცხადია, ამ ქვეყანას დიდი გზის გავლა მოუწევს გაწევრების პირობების შესრულებამდე. თუმცა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1949 წელს მოეწერა, რუსეთს დაბრკოლებას არ უქმნის. ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ხელშეკრულების წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ, შესთავაზონ ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანას, მიმართოს ალიანსს გაწევრების თხოვნით იმ პირობით, რომ ის შეასრულებს ხელშეკრულების ძირითად პრინციპებს და ხელს შეუწყობს ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას. 21-ე საუკუნეში უსაფრთხოების კონცეფცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვით, ის გულისხმობს ასევე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების პატივისცემას, რაშიც პოლიტიკური პლურალიზმი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა, პრესის თავისუფლება და სხვა ფუძემდებლური უფლებები შედის.

ბოლო წლებში ნატომ კარი ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გაუხსნა. ცოტა ხნის წინ, ამ მოვლენების კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპაში ყველა ქვეყანამ იპოვა საკუთარი ადგილი, რუსეთის გარდაო. ალიანსი დიდი ხნის განმავლობაში პირს არ უჩვენებდა რუსეთს, ორმხრივი ურთიერთობები ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის სტილით არ ვითარდებოდა და რუსეთმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობები, რადგან ნატოს მტრის ხატის სახელი შეინარჩუნა.

რუსეთი მუდმივად გვაგრძნობინებდა, რომ თავს გარიყულად გრძნობდა ნატოს გაფართოებისა და იმის გამო, რომ ალიანსის საზღვარმა აღმოსავლეთისკენ წაიწია.

რუსეთი ბლოკში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრების წინააღმდეგია. თუკი თვითონ ნატოს წევრი გახდება, მაშინ საქართველოს და უკრაინის ევროპაში ინტეგრაცია უფრო გამარტივდება, ხოლო ალიანსის წევრობის სურვილიც კი, უკვე ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას გულისხმობს.

ევროატლანტიკურ თანამეგობრობას რუსეთი არაერთი მიზეზის გამო სჭირდება. ესენია: ენერგეტიკული უსაფრთხოება, განიარაღება, შეიარაღებაზე კონტროლი, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ირანის, ავღანეთის და ახლოაღმოსავლური კონფლიქტების მოგვარება, ცენტრალურ აზიაში შესაძლო კრიზისის და კონფლიქტის წარმოქმნის შეკავება, გაეროს უშიშროების საბჭოში მოსაზრებების ფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შემსუბუქება. რუსეთი ევროპას სჭირდება "დიდი რვიანისა" და "დიდი ოცეულის" ჯგუფების ფარგლებში.

"დერ შპიგელი", გერმანია