"რესპუბლიკელებისგან" ასეთი გამოხტომა პირველი არაა!" - "ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში" დადანაშაულებული თოფაძე და არეულობა კოალიციაში - კვირის პალიტრა

"რესპუბლიკელებისგან" ასეთი გამოხტომა პირველი არაა!" - "ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში" დადანაშაულებული თოფაძე და არეულობა კოალიციაში

როგორც ამბობენ, საბოლოდ ამ ბასტი-ბუბუს დალაგება ერთი კაცის - ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩქარობს მიუჩინოს ყველას თავისი ადგილი.

"თუ ვინმეს აქვს სურვილი სიტუაციის დაძაბვისა, მიიღებენ საკადრის პასუხს"

17 თებერვალს, ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა ფრაქცია "მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის გოგი თოფაძის მიერ თინა ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკოალიციური უწოდა და მმართველი კოალიციისგან საპასუხო პოზიციის დაფიქსირება მოითხოვა. შესაბამისი განცხადება ბერძენიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა. მისი შეფასებით, თავდაცვის მინისტრის მიმართ ორკესტრირებულ კამპანია მიმდინარეობს, თუმცა ამ კამპანიის დირიჟორი ვინ არის, არ დაუსახელებია. "მინდა, გოგი თოფაძის განცხადებას გამოვეხმაურო, რომელიც მორიგი შეტევაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის წინააღმდეგ. ხაზსგასმით ვამბობ, რომ კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსით ვსაუბრობ. ამ თემაზე პოლიტსაბჭოზეც ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა, საზოგადოებამ იცოდეს, რომ ორკესტრირებული კამპანიაა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიმართ და სამიზნედ შერჩეული იქნა ევროატლანტიკურ ასპარეზზე ჩვენი ხელისუფლების თანამდებობის პირი. გოგი თოფაძის მიერ პარლამენტის შიგნით თუ მის გარეთ, მხარდამჭერების თუ შემკვეთების შესრულებით მიმდინარეობს ანტიკოალიციური, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული კამპანია" - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა, რასაც მასა და ზურაბ ტყემალაძეს და გოგი თოფაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარის შემდეგ დავუკავშირდით გოგ- თოფაძეს, რომელიც ჩვენთან საუბრისას მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლა: "რესპუბლიკელებისგან" ასეთი გამოხტომა პირველი არ არის!"

ზურაბ ტყემალაძემ კი აი, რა გვითხრა:

- ინციდენტზე უმჯობესი იქნება თუ დავით ბერძენიშვილის დაუსვამთ კითხვებს და ის გეტყვით თუ რაზე ნერვიულობს, ხოლო რაც შეეხება მის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეს არის მტკნარი სიცრუე, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან. პროდასავლურ კურსს არავინ ეწინააღმდეგება და ეს მეც ბევრჯერ მითქვამს და ბატონ გოგი თოფაძესაც, მეტსაც გეტყვით, ხელიც გვაქვს მოწერილი, კოალიციის მიერ შემუშავებლ შესაბამის დოკუმენტზე. პრო-დასავლურ კურსთან ბრძოლა, თუ ვინმეს ის ჰგონია რომ ზოგ მინისტრზე შენიშვნა გამოვთქვათ, ეგ უკვე მათი პრობლემაა.

-

თავდაცვის მინისტრის არჩევნების გაყალბებაში დადანაშაულება , არ არის კოალიციის დამაზიანებელი, რაზეც გია ვოლსკიმაც ილაპარაკა...

- არჩევნების გაყალბებაში არავინ არავის დაუდანაშაულებია. თოფაძე ლაპარაკობდა იმ სპეცუბნის ფორმირებაზე, რომელიც საგარეჯოს რაიონში იყო და არა იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა. არჩევნები ჩატარდა კანონის ყველა წესის დაცვით და მისი შედეგები აღიარეს საერთაშორის ორგანიზაციებმაც.

- ამგვარი ინციდენტის გამო დაძაბულობა არ იქნება კოალიციაში?

- ჩვენი მხრიდან დაძაბულობა არასოდეს არ ყოფილა და თუ ვინმეს აქვს სურვილი სიტუაციის დაძაბვისა, მიიღებენ საკადრის პასუხს.

- დღეს მომხადრ ინციდენტს პარტიის პოლიტსაბჭოზე თუ განიხილავთ?

- და რა მოხდა დღეს ისეთი, რაც განხილვად ღირს?! პარტიის წევრმა განცხადება გააკეთა და ეს მუდმივი პროცესია. განცხადებას კი ზოგი არ ეთანხება და ზოგიც ეთანხმება ესაა და ეს.

მართალია ბატონი ტყემალაძე ამტკიცებს, განსაკუთრებული არაფერი ხდება, მაგრამ უკვე ცხადად ჩანს, რომ კოალიციაში გვარიანი დაპირისპირებაა, რაც, სავარაუდოდ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო და უფრო გაღრმავდება. თოფაძის მთელი ეს აგრესია კი, სავარაუდოდ, გამოწვეული იმით, რომ რესპუბლიკური პარტია, განსაკუთრებით კი სწორედ თინა ხიდაშელი, კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან კოალიციაში "მრეწველების" დარჩენის, რადგან მათ წარსულის გადმონაშთად და საბჭოთა მენტალიტეტის პატრონებად მიიჩნევენ. თავის მხრივ "მრეწველთა" პარტია და პარტია "ქართული ოცნების" ნაწილი, სავარაუდოდ, ის "ბებერი ნიანგები", რომელზეც ამ ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა ამასწინათ ილაპარაკა, მოითხოვენ "რესპუბლიკელებმა" დატოვონ კოალიცია. საბოლოდ ამ ბასტი-ბუბუს დალაგება, როგორც ამბობენ, ერთი კაცის - ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რომელიც ჯერჯერობით არ ჩქარობს მიუჩინოს ყველას თავისი ადგილი. სწორედ მის გადაწყვეტილებაზ ეიქნება, სავარაუდოდ, დამოკიდებული, ვინ - კოალიციაში და ვინ კიდევ "გუგულის ბუდეში" აღმოჩნდება...

იხილეთ ასევე: კოალიციის "ბებერი ნიანგები", დრომოჭმული პოლიტიკოსები და რეფორმატორები - ვინ ვის უპირისპირდება "ქართულ ოცნებაში"?!

ლადო გოგოლძე (სპეციალურად საიტისთვის)