ახალი სსრკ იქმნება? - კვირის პალიტრა

ახალი სსრკ იქმნება?

ბევრი ყაზახი შიშობს, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ახალი საბაჟო კავშირი უთანასწორო პარტნიორობაში გადაიზრდება. ამ წლის დასაწყისში რუსეთის,

ყაზახეთისა და ბელორუსიის საბაჟო კავშირის შექმნა კრემლის ძველი მიზნისკენ - ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეკონომიკური ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო.

არავის ეეჭვებოდა, რომ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მთავარ როლს რუსეთის მთავრობა ითამაშებდა. ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კრემლი საბჭოთა კავშირის განახლებული ვერსიის შექმნას გეგმავს, ყოველ შემთხვევაში, ეკონომიკურ დონეზე მაინც.

ჯერჯერობით საბაჟო კავშირი ძალიან ახალგაზრდაა. სამმა ქვეყანამ საერთო ტარიფი პირველი იანვრიდან შემოიღო და ზოგიერთ პროდუქციაზე ის დროებით არ ვრცელდება. თუმცა ახალ ზომებს უკვე მოჰყვა ყაზახ მომხმარებელთა აღშფოთება - ზოგიერთი პროდუქტის გაძვირებით უკმაყოფილონი არიან. საბაჟო გადასახადების ზრდასთან ერთად გაიზარდა იმპორტირებული ტანსაცმლის, ტყავის საქონლის, ფეხსაცმლისა და პარფიუმერიის ფასები.

თუმცა, მოსკოვის ამბიციები საბაჟო კავშირით არ შემოიფარგლება. რუსეთის, ყაზახეთის და ბელორუსიის ლიდერებმა უკვე მოაწერეს ხელი დოკუმენტებს 2012 წლის 1-ელი იანვრისთვის "ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნის"“(პროდუქციის საერთო ბაზრის, ინვესტიციებისა და სამუშაო ძალის) შესახებ.

ერთი შეხედვით იმპორტზე მაღალი გადასახადები ყაზახ მწარმოებლებს უცხოელებთან შედარებით უპირატესობას მიანიჭებს, სინამდვილეში კი ძველ კონკურენტებს ახლები შეცვლიან. რუსეთის მთავრობა საბაჟო კავშირის კოორდინირებულ სტრუქტურებში გადამწყვეტ გავლენას ფლობს და ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის მართვა შეუძლია. შედეგად, ყაზახური კომპანიები შეიძლება რუსული ფირმების მხრიდან კონკურენციას წააწყდნენ, თანაც არათანაბარ პირობებში.

ეკონომიკური მაჩვენებლები ასევე ხაზს უსვამენ იმ წამყვან როლს, რომელსაც რუსეთი ახალ საბაჟო კავშირში და მოსალოდნელ საერთო ბაზარზე ითამაშებს.

მართალია, ყაზახეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ეკონომიკა აქვს და მსოფლიო ბანკის შეფასებით, მისმა მშპ-მა (მთლიანი შიდა პროდუქტი) 2008 წელს 132 მლრდ დოლარი შეადგინა, მაგრამ ეს რუსეთის მშპ-ის ერთ მეათედზე ნაკლებია. საბაჟო კავშირის შექმნის კვალად კრემლთან დაახლოებული პირის გამარჯვებამ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში, მოსკოვის სწრაფვას, განამტკიცოს ბატონობა პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ სივრცეზე, შეიძლება ახალი ბიძგი მისცეს.

უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ბრიტანული გაზეთის, Daily  Telegraph-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ ის რუსეთის მიერ შექმნილ მზარდ ეკონომიკურ ზონასთან მიერთების მომხრეა. რადგან კრემლი ევრაზიაში თავისი გავლენის აღდგენას ესწრაფვის, თუკი უკრაინა რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილ ეკონომიკურ ზონაში გაწევრდება, ამ ზეწოლის სიმძიმე დააწვება ბალტიის ქვეყნებს, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებს, რომლებიც ადრე ვარშავის ხელშეკრულების წევრები იყვნენ.

ტრანზიშენ ონლაინი, აშშ