"პრემიერმა ხიდაშელი აირჩია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს" - "ოცნების" კრიზისი?! - კვირის პალიტრა

"პრემიერმა ხიდაშელი აირჩია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს" - "ოცნების" კრიზისი?!

"თუ ვინმეს ჰგონია, რომ კოალიციაში გულში ჩახუტება უნდა იყოს, პოლიტიკის არაფერი გაეგება"

"კანონში ხაზგასმით წერია, რომ ოჯახი კაცისა და ქალის ერთობაა, ამის წინააღმდეგი რომ ვიყოთ, კანონიდან მის ამოღებას ხომ მოვითხოვდით?! ცრუობს ბატონი ბრეგაძე, ის, უბრალოდ, უსაქმური ადამიანია და საერთოდ, მიკვირს, რატომ დაინიშნა თავიდანვე ამ თანამდებობაზე"

"პრემიერმა ხიდაშელი აირჩია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. არადა, ხიდაშელი კოალიციას არცხვენს - რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს დოკუმენტები, როგორ გააყალბა მან საგარეჯოში არჩევნები და ირმა ინაშვილს გამარჯვება წაართვა"

თოფაძე თუ რესპუბლიკელები? - ამ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის კოალიციას არჩევანის გაკეთება მოუწევს. გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. მანამდე კი, აშკარაა, რომ მმართველ პოლიტიკურ გაერთიანებაში კრიზისია.

"რესპუბლიკელებმა ბოდიში მომიხადონ!"

დატოვებს თუ არა პარტიას და რატომ გაახსენდა საგარეჯოს არჩევნების შედეგები რამდენიმე თვის შემდეგ? ამის გარკვევა "მრეწველების" ლიდერ გოგი თოფაძესთან ვცადეთ:

- თინა ხიდაშელზე საუბარი მას შემდეგ დავიწყე, რაც საჯაროდ შეურაცხყოფა მომაყენა. დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოისმინონ განცხადებები, რომლებიც თავდაცვის მინისტრმა ჩემი მისამართით გააკეთა. სწორედ ამის შემდეგ ვთქვი, ხიდაშელის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით და ამას ჩვენი პარტნიორებიც მალე გაგვიხსენებენ-მეთქი. მხოლოდ ის ვთქვი, რომ ჯარისკაცები სხვადასხვა რაიონიდან საგარეჯოში ჩაიყვანეს...

- პრემიერმა ეს მთელი მთავრობის შეურაცხყოფად აღიქვა. არ ფიქრობთ, რომ ხიდაშელის საწინააღმდეგო განცხადებით კოალიციას დაუპირისპირდით?

- მალე პოლიტსაბჭო შეიკრიბება და ამ საკითხზე პრემიერთან პირისპირ ვისაუბრებთ. მართალია, განსახილველ თემებს პრემიერი ადგენს, მაგრამ რესპუბლიკელებზე საუბარი მაინც მოგვიწევს.

- დღეს კოალიცია არჩევანის წინაშე დგას: ან თქვენ უნდა დატოვოთ პარტია, ან - რესპუბლიკელებმა. პოლიტსაბჭოზე რა მოთხოვნის წამოყენებას გეგმავთ?

- რესპუბლიკელებს ისეთი პოზიცია აქვთ, თითქოს არჩევნები მათ მოგვაგებინეს, არადა, ყველამ იცის, რომ საკუთარი ძალებით ხელისუფლებაში ვერასდროს მოვიდოდნენ... რაც შეეხება გუნდის დატოვებას, რესპუბლიკელებმა ბოდიში მომიხადონ შეურაცხყოფისთვის და მერე ვნახოთ, რა იქნება.

"თოფაძე სახელმწიფოს დაუპირისპირდა"

ვინ დარჩება კოალიციაში და ვის მოუწევს გაერთიანებიდან წასვლა? "კვირის პალიტრას" ლევან ბერძენიშვილი ესაუბრება:

- რესპუბლიკელებს არც "მრეწველების" პარტიასთან და არც მათ ფრაქციასთან კონფლიქტი არ გვაქვს. პრობლემას მხოლოდ გოგი თოფაძე წარმოადგენს, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს პარტიას, არამედ, როგორც პრემიერმა განაცხადა, მთლიანად სახელმწიფოს დაუპირისპირდა. რეალურად, თოფაძეს ქვეყნის საგარეო კურსი არ მოსწონს და ცდილობს, საკუთარი პოზიცია რესპუბლიკელებთან დავის კონტექსტში წარმოაჩინოს. ან მე რას მერჩის, სასამართლომ ჩემი ერთი დანაშაული მაინც გამოააშკარავა?

- თოფაძე თქვენ ადრინდელ საქმიანობას გახსენებთ და იმ ჩვენებებზე მიგანიშნებთ, რომლებიც თითქოს საბჭოთა ხელისუფლების დროს ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიეცით.

- გოგი თოფაძეს რაღაცები აერია. ლევან ბერძენიშვილმა ცოლი ჩაუშვა, ძმა თუ ბიძაშვილი, ეს საკითხი ვერ გადაფარავს თოფაძის განცხადებას - ნატო არის აგრესიული ძალა და საქართველო ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდესო. ეს პოზიცია სახელმწიფოს დეკლარირებულ პოლიტიკას ეწინააღმდეგება, თუმცა, თოფაძე ამ ბრძოლაში მარტოა,

რადგან მას პარტიის წევრებიც არ ეთანხმებიან - ნატოს საწინააღმდეგო სიტყვა არც ერთ მათგანს არ წამოსცდენია.

- თუ თოფაძემ კოალიციის დატოვებაზე უარი განაცხადა, ამ დაპირისპირების ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ "მრეწველებთან" ერთ კოალიციაში ყოფნა?

- მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, თოფაძემ პარტია დატოვოს, მისი პარტიის საწინააღმდეგო კი არაფერი გვაქვს. ჩემთვის ამოწურულია ეს ადამიანი და ის არც პოლიტიკაში და არც ბიზნესში არ მაინტერესებს. ისტორიაში ბერძენიშვილი დარჩება, როგორც პატრიოტი, რომელიც ამისთვის კომუნისტებმა ციხეში ჩასვეს, თოფაძე კი - კომუნისტი საქმოსანი, რომელიც იპარავდა.

- სანდრო ბრეგაძეც აცხადებს, რომ თანამდებობიდან რესპუბლიკელების ზეწოლის გამო გადადგა. ამბობს, რომ გუნდის 80% თქვენ მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი...

- თუ ბრეგაძემ თანამდებობაზე არ გაამართლა, რესპუბლიკელები რა შუაში არიან? კანონში ხაზგასმით წერია, რომ ოჯახი კაცისა და ქალის ერთობაა. ამის წინააღმდეგი რომ ვიყოთ, კანონიდან მის ამოღებას ხომ მოვითხოვდით?! ცრუობს ბატონი ბრეგაძე, ის, უბრალოდ, უსაქმური ადამიანია და საერთოდ, მიკვირს, რატომ დაინიშნა თავიდანვე ამ თანამდებობაზე. რაც შეეხება კოალიციის განწყობას, გაერთიანებაში ჩვეულებრივი კონკურენციაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ კოალიციაში გულში ჩახუტება უნდა იყოს, პოლიტიკის არაფერი გაეგება.

"ანტიქართული ძალა კოალიციიდან უნდა გაირიყოს"

მმართველ გუნდში გოგი თოფაძე არ აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც რესპუბლიკელებს დაუპირისპირდა. 19 თებერვალს თანამდებობიდან მოულოდნელად სანდრო ბრეგაძე გადადგა, მიზეზად კი თინა ხიდაშელის ზეწოლა დაასახელა. "კვირის პალიტრა" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილეს, სანდრო ბრეგაძეს დაუკავშირდა:

- ხაზგასმით ვაცხადებ, თანამდებობიდან გადადგომა მაიძულეს. კატეგორიულად მთხოვდნენ, იმ პრინციპებზე მეთქვა უარი, რომელთა ერთგული ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან ვარ... როგორც მინისტრმა გელა დუმბაძემ მითხრა, ჩემს გადადგომას მთავრობის წევრები ითხოვდნენ. კანცელარიიდან კი ინფორმაცია მომივიდა, თურმე პრემიერთან შეხვედრაზე არჩევნების გამყალბებელი თინა ხიდაშელი იმყოფებოდა და კვირიკაშვილისგან ჩემი გათავისუფლება კატეგორიულად მოუთხოვია. დიდი ხანია, რესპუბლიკელებს ჩემი მთავრობაში ყოფნა აღიზიანებთ. ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ პარლამენტში ხელმოწერების შეგროვება რესპუბლიკელებისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა.

- ზეწოლაში რას გულისხმობთ, თუ თანამდებობას არ დატოვებდით, რესპუბლიკელები კოალიციის დატოვებით იმუქრებოდნენ?

- დიახ, თუ ბრეგაძე იქნება მინისტრის მოადგილე, ჩვენ წავალთ კოალიციიდანო. პრემიერმა ხიდაშელი აირჩია და ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს. არადა, ხიდაშელი კოალიციას არცხვენს - რამდენიმე დღის წინ მომაწოდეს დოკუმენტები, როგორ გააყალბა მან საგარეჯოში არჩევნები და ირმა ინაშვილს გამარჯვება წაართვა.

- ინაშვილი შემთხვევით ახსენეთ, თუ მასთან პოლიტიკურ გაერთიანებას გეგმავთ?

- როდესაც მთავრობაში ვიყავი, სერიოზული პოლიტიკური ორგანიზაციები მათთან გაერთიანებას მთხოვდნენ, მაგრამ არ ვარ მოღალატე და არ შემიძლია, გუნდის ზურგს უკან მოლაპარაკებები ვაწარმოო, ამიტომ ყველა შემოთავაზებაზე უარი განვაცხადე... რაც შეეხება ინაშვილთან გაერთიანებას, ყველაფერს მომავალი გვიჩვენებს. მანამდე კი ვაცხადებ: პოლიტიკაში უფრო აქტიური ვიქნები, ვიდრე აქამდე ვიყავი! საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებას არასოდეს დავუშვებ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დავიცავ ჩემს სარწმუნოებასა და პატრიარქს. ბევრი რამ ბიძინა ივანიშვილის ხათრით ვითმინე, მაგრამ ახლა თავისუფლად ვიმოქმედებ. რესპუბლიკელების ადგილი პოლიტიკაში აღარ არის და ნუ მოექცევიან ხელისუფლების პირველი პირები მათი შანტაჟის ტყვეობაში. სხვათა შორის, რესპუბლიკელების მიმართ 80% ნეგატიურად არის განწყობილი, იმაზე უარესს ამბობენ, ვიდრე გოგი თოფაძემ თქვა. უბრალოდ, ბევრს არ ჰყოფნის ვაჟკაცობა, ეს ხმამაღლა განაცხადოს.

- იქნებ გვითხრათ, თოფაძის გარდა, ვინ ლაპარაკობს რესპუბლიკელებზე ნეგატიურ კონტექსტში...

- ამ ადამიანებს შანსს მივცემ, თვითონ აღიარონ, რას ფიქრობენ რესპუბლიკელებზე, თუ არადა, მათ საჯაროდ დავასახელებ. ამაზრზენია, როცა "მრეწველებს" თავს აშკარად ესხმიან, თავად კი ზურგს უკან უარესს ამბობენ. მათ კა-გე-ბეს აგენტებს ეძახიან... ეს უნდა დამთავრდეს, ეს ანტიქართული ძალა კოალიციიდან უნდა გაირიყოს.

"ბებერ ნიანგებთან ბრძოლაში დავმარცხდით"

კოალიციის გარდა, კონფლიქტი დაიწყო პარტია "ქართულ ოცნებაშიც", სადაც ერთმანეთს პარტიის ლიდერები - არმაზ ახვლედიანი და გიორგი ვოლსკი დაუპირისპირდნენ. არმაზ ახვლედიანის აზრით, თუ "ქართულ ოცნებაში" პოლიტიკოსების წმენდა არ დაიწყო, პარტია ამომრჩევლის ნდობას დაკარგავს და არსებობასაც დაასრულებს:

- დაკვირვებული ადამიანი მიხვდებოდა, რას ვგულისხმობდი "ბებერ პოლიტიკურ ნიანგებში". პიროვნულად არავინ მიხსენებია, თავს არ მივცემ უფლებას, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.

- მაგრამ ბევრმა ეს პიროვნულ შეურაცხყოფად მიიღო და გიორგი ვოლსკის პასუხმაც არ დააყოვნა - პროცესებს არაადეკვატურად აფასებს და ვერც მართვაში ერკვევაო.

- სასაცილოდაც არ მყოფნის მისი შეფასება. პირიქით, მან ჩემზე კარგი რომ თქვას, მეწყინება კიდეც. რაც უფრო სწრაფად გათავისუფლდება პარტია "ქართული ოცნება" ვაიპოლიტიკოსებისგან, ქვეყანასაც მალე ეშველება. თითო-ოროლა კონფორმისტი პოლიტიკოსის აზრი, ყველა ხელისუფლებასთან რომ პოულობს საერთო ენას, არ მანაღვლებს. პარტიაში შექმნილ პრობლემებზე საუბარი ჯერ კიდევ 2013 წელს დავიწყე. "ქართულ ოცნებაში" გაერთიანება ჩემთვის იყო შესაძლებლობა, სწორად მოაზროვნე თანაგუნდელებთან ერთად პარტია თანამედროვე, საქვეყნო ინტერესებზე ორიენტირებულ ინსტიტუტად გვექცია. დღეს ვხვდები, რომ მაშინ ბებერ პოლიტიკურ ნიანგებთან ბრძოლაში დავმარცხდით.

- რატომ არ აკონკრეტებთ, ვის გულისხმობთ?

- არაერთმა ამოიცნო თავი! მათ სერიოზული დაჯგუფება შექმნეს პარტიაში. მსგავსი სხვა პოლიტიკურ ძალებშიც გვინახავს, მაგრამ მმართველი პარტიისთვის ეს ყოველთვის სახიფათოა! დემოკრატიული რეფორმების დაწყება და პარტიული დისციპლინის ჩამოყალიბება "ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

- რა არ მოგწონთ და რა მიმართულებით ხედავთ დისციპლინის დეფიციტს?

- პოლიტიკური ძალის სტრატეგია მისი წევრების აზრის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს და გადაწყვეტილებები გამჭვირვალე უნდა იყოს. პარტია უნდა აცნობიერებდეს, რომ მის უკან უმთავრესი ძალა - ამომრჩეველი დგას. სანამ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე გახლდათ, პროგრესის შემაფერხებელ ძალასთან გამკლავება მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო, მისი წასვლის შემდეგ კი ქაოსური ვითარება შეიქმნა.

- ვინ აიღო პარტიის მართვის სადავეები?

- დაიწყო გაუმართლებელი ექსპერიმენტები. მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე ჯანყარაშვილის დანიშვნასაც ვგულისხმობ. სანამ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარე იყო, ამ საკითხებზე მასთანაც პრინციპულად ვსაუბრობდი...

- დღემდე პოლიტსაბჭოს წევრი ხართ. პარტიიდან თქვენი გარიცხვის საკითხი დადგება?

- პარტიის ყრილობაზე გადაწყდება, ვინ რჩება და ვინ მიდის. იმედი მაქვს, პარტია განახლდება. ვფიქრობ, კვირიკაშვილი ამას შეძლებს, მაგრამ დრო იწურება და თუ ცვლილებები დაგვიანდა, მათ დაწყებას აზრიც აღარ ექნება.

- რატომ იქნება დაგვიანებული?

- ვერ წარმომიდგენია, საარჩევნოდ "ქართული ოცნება" ამ შემადგენლობით დარჩეს. ის ვეღარც პარტიად ივარგებს და ამომრჩევლის ნდობასაც დაკარგავს. ვაიპოლიტიკოსებისგან გათავისუფლება სასიცოცხლოდაა აუცილებელი. რაც მთავარია, ჯგუფმა, რომელზეც ვლაპარაკობ, საარჩევნო სიის შედგენაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს!

- შეიძლება, საზოგადოების ნაწილმა ჩათვალოს, რომ განაწყენებული ხართ, რადგან არ არის გამორიცხული, ახალ სიაში ვერ მოხვდეთ.

- არ ვფიქრობ, რომ სიაში აუცილებლად უნდა მოვხვდე. არ შეიძლება ეს თვითმიზანი გახდეს, ამაზე ოცნება არანორმალურია! მე იმ ადამიანებს ვგულშემატკივრობ, ვინც ჩვენზე უკეთესია საქმითა და ერთგულებით. მადლობა ღმერთს, ასეთი ბევრია.

"ახვლედიანი შეურაცხყოფს ჩემს კოლეგებს, როცა საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს"

არმაზ ახვლედიანის ბრალდებებსა და კოალიციაში განვითარებულ მოვლენებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აფასებს:

- ახვლედიანი მართვის საკითხებში ვერ ერკვევა და არც იმ ვითარების ადეკვატურია, რაც დღეს არის შექმნილი. სწორედ საბჭოთა მართვის მეთოდებისა და ზედმეტი შენიშვნების გამო ვთხოვეთ, პოლიტსაბჭოს წევრობა შეეჩერებინა და ვხვდები, რომ სწორი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. ის შეურაცხყოფს ჩემს კოლეგებს, როცა საბჭოთა მენტალიტეტზე საუბრობს.

- რესპუბლიკელებსა და თოფაძეს შორის დაპირისპირებაც პიკს აღწევს. პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდი ვის აირჩევს?

- რესპუბლიკელებისა და გოგი თოფაძის საკითხს პოლიტსაბჭოზე განვიხილავთ, რადგან ეს დაპირისპირება ორი პიროვნებისა თუ ფრაქციის ურთიერთობას გასცდა.

არის საკითხები, რომლებიც გოგი თოფაძემ უნდა განმარტოს, მათ შორის - თავისი პოლიტიკური კურსიც. მას ყველაფრის ახსნის შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რადგან თავისი საქმიანობით მან ეს დაიმსახურა. რესპუბლიკელების წინააღმდეგ განცხადება უადგილო იყო, მაგრამ რესპუბლიკელებსაც თავშეკავება უნდა გამოეჩინათ. პიროვნული შეხლა-შემოხლა ადვილი გადასალახია. ბევრი დაპირისპირება გვინახავს, მაგრამ სხვა საკითხია ქვეყნის კურსსა და პრინციპების შეცვლაზე საუბარი. დანარჩენს პოლიტსაბჭოზე გავარკვევთ.

- არჩევნების მოახლოებასთან ერთად კოალიციაში დაპირისპირების გამწვავებას ელოდებით?

- წინასაარჩევნოდ პოლიტიკური ურთიერთობები ყოველთვის დაძაბულია, ვნებათაღელვა იმატებს, მაგრამ ვეცდებით, კონფლიქტები ავირიდოთ.

რუსუდან შელია