"რობერტ სტურუამ უნდა იცოდეს, რომ იმ მედალს ქართველების სისხლი სცხია" - კვირის პალიტრა

"რობერტ სტურუამ უნდა იცოდეს, რომ იმ მედალს ქართველების სისხლი სცხია"

რუსუდან კერვალიშვილი: ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მივაყენეთ დიდი ტკივილი ჩვენს ხალხს

ტელეკომპანია "იმედის" პირდაპირი ეთერით შაბათ საღამოს გასულმა საინფორმაციო პროგრამა "ქრონიკის" ე.წ. "მოდელირებულმა გამოშვებამ" მოვლენები ისე "გააშუქა", ქართველი საზოგადოება შოკში ჩააგდო.

სიუჟეტის მიხედვით, ოპოზიციამ არჩევნები წააგო და აჯანყდა, ამით კი რუსეთმა ისარგებლა და საქართველოს სრული ანექსიაც მოახდინა, გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის ლიკვიდაციის შესახებაც(!).

ტელეკომპანია "იმედის" ვერსიით, ოპოზიციის ერთი ნაწილი რუსეთის მოკავშირე იყო.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეთერით გასული სიმართლედ მიიღო. ხალხმა ხელმეორედ განიცადა 2008 წლის აგვისტოს საშინელება. როდესაც საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას ლამის გული გახეთქოდა (ერთი მოქალაქე სიუჟეტის ნახვის შემდეგ, სამწუხაროდ, გულის შეტევით გარდაიცვალა) და ქუჩაში გამორბოდა, საქართველოს პრეზიდენტმა აღშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ აღნიშნულ სიუჟეტს არ სდევდა წარწერა, რომ ის იმიტირებული იყო.

ვის და რაში სჭირდება საქართველოს მოსახლეობის ნერვების მოსინჯვა და მოთმინების გამოცდა? ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობამ მომხდარზე  კომენტარს თავი აარიდა.

კომენტარზე მხოლოდ რუსუდან კერვალიშვილი და  დავით დარჩიაშვილი დაგვთანხმდნენ.

KvirisPalitra.Geრუსუდან კერვალიშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი: - ჩემდა საუბედუროდ, ვნახე ეს გადაცემა. პირველივე წუთებიდან მივხვდი, რომ ეს მოდულაცია იყო, მაგრამ აღშფოთებული ვარ მომხდარით. ჩვენს საზოგადოებას ისედაც არ აკლია სტრესი და დამატებით აღარ სჭირდება. აქ იყო ანტიპროპაგანდა, რომელმაც ძალზე  ცუდი სამსახური გაუწია საზოგადოებას. მე ვუერთდები საზოგადოების აღშფოთებას. ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მივაყენეთ ტკივილი ჩვენს ხალხს. ის, რაც მოხდა, მიუღებელი, დაუშვებელია. ასეთი რამ არ შეიძლება განმეორდეს. მეტიც, ეს არ უნდა მომხდარიყო.

დავით დარჩიაშვილი, პარლამენტარი: - ტელევიზიით ფილმს ვუყურებდი, დამირეკეს, "იმედის" სიუჟეტი ნახეო. გადავრთე და... თუ ამ გადაცემის გამო ერთ კაცს მაინც შეექმნა პრობლემა, მან უნდა დააყენოს ამ გადაცემის ავტორთა პასუხისმგებლობის საკითხი. ეზოში გავედი და ხალხი დავაწყნარე. მესმის ნებისმიერის აღშფოთება. უნდა დადგეს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს გადაცემა მოამზადა. უნდა გაირკვეს, ვისთან შეთანხმდა ეს სიუჟეტი. ტიტრის გარეშე სიუჟეტი არ უნდა გასულიყო.

შოკის მომგვრელი სიუჟეტის შემდგომ რამდენჯერმე ვცადეთ მიხეილ მაჭავარიანთან დაკავშირება, მომხდარზე კომენტარის გასაკეთებლად. მისი ტელეფონი ქრონიკულად დაკავებული იყო. მოგვიანებით კი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მეორე პირმა მობილური ტელეფონი გამორთო. ამიტომაც ვერ მოვახერხეთ ბატონი მიხეილისთვის დაგვესვა კითხვები იმაზე, რაც ჩვენი ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ მოხდა.

ახლა გთავაზობთ ინტერვიუს მიხეილ მაჭავარიანთან, რომელიც  ტელეკომპანია ”იმედზე” ”სპეციალური რეპორტაჟის” გასვლამდე ჩავწერეთ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, ოპოზიციის შეფასებით ძალზე კრიტიკულია. სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნასა და ბოლოდროინდელი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვან თემებზე პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანს ვესაუბრეთ:

- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აკეთებს დასკვნას. არის საკითხები, რომლებიც მოგვარებულია, ზოგი კი მოსაგვარებელია; არის საკითხები, რაზეც დამატებითი ინფორმაციის მიცემა გვინდა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის. დასკვნის შედგენისას ტარდება მოქალაქეების გამოკითხვა, ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციიდან და ზოგჯერ ინფორმაცია გადასამოწმებელია. აქვე შევნიშნავ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ევროკავშირის  წევრი ზოგი ქვეყანა გაცილებით მწვავედ შეაფასა, ვიდრე საქართველო. ხელისუფლება შორს არის იმ აზრისაგან, რომ საქართველოში დემოკრატია სრულყოფილია და მეტის გაკეთება არ არის საჭირო.

- გასულ კვირას რუსულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, საქართველოს პრეზიდენტის ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხის თაობაზე. რას ემსახურება ამგვარი ინფორმაციის "გაჟონვა"?

- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მეორე დღეს ინფორმაცია რუსული საიტებიდან გაქრა. როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება. ჩანს, რუსი საზოგადოების ერთ ნაწილს ასეთი ინფორმაცია ჰქონდა და გაჟონა კიდეც პრესაში.

ვიღაცებს რომ ასეთი აზრები უჩნდებათ, ამას ერთადერთი საფუძველი აქვს, - ჩვენ გვინდა საქართველო წინ წავიდეს, ჩვენს მოწინააღმდეგეებს კი საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისის დაბრუნება სურთ, როდესაც რუსეთის წაქეზებით ქართველი ქართველს ესროდა. რუსეთი დღეს ბაზრის გახსნასა და საქართველოსთვის სიკეთის მოტანას კი არა, იმას ცდილობს, ქვეყანა არიოს და ყველაფერი ხელისუფლებას დააბრალოს. განა არ გვახსოვს, რუსები როგორ აძლევდნენ დაპირისპირებულ მხარეებს იარაღს და როდესაც ტყვია გავარდა, განაცხადეს, ქართველებმა ერთმანეთში ვერ მოილაპარაკესო. რუსეთის სცენარი ახლაც იგივეა. თუ ადრე შენიღბულად აკეთებდნენ ამას, ახლა გაცილებით მოურიდებლად მოქმედებენ. რუსეთს ერთი სული აქვს, როდის დაამხობს მისთვის მიუღებელ საქართველოს ხელისუფლებას, რადგან ეს უამრავ პრობლემას უქმნის.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კონფლიქტები საათისმექანიზმიანი ნაღმივით აქვს ჩადებული რუსეთს, რათა თავის შავბნელ პოლიტიკას ხორცი შეასხას.

- თქვენ ლაპარაკობთ ქვეყნის  წინსვლაზე, მაშინ როდესაც ერთი შეხედვით ელემენტარული რამ, ამომრჩეველთა სიები ვერ დაზუსტებულა, რაც მუდმივი კამათის საგანია.

- ძალიან კარგია, რომ ამ საქმეს ცესკო აკეთებს და ტელევიზიით ძალზე არგუმენტირებული პასუხებიც მოვისმინე. ცესკო და სამოქალაქო რეესტრი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად მუშაობს სიების დაზუსტებაზე. მათი ერთადერთი თხოვნაა, პარტიებმა ამ თემით პოლიტიკური პიარი კი არ გააკეთონ, კონკრეტული დარღვევების ფაქტები წარმოადგინონ.  კარგია, რომ სიების დაზუსტებისთვის მუშაობა არჩევნებამდე ორი კვირით კი არა, სამი თვით ადრე დაიწყო. ამ პრობლემის დაძლევისთვის 10 პოლიტიკურ პარტიას 1 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი. ამ თანხით შეუძლიათ კარდაკარ ჩამოიარონ და ამომრჩეველი აღრიცხონ.

- ისინი არიან რუსეთის დასაყრდენი?

- დიახ. არც ფილიპე მახარაძესა და სერგო ორჯონიკიძეს ჰქონდათ რეიტინგი საქართველოში 1921 წელს, მაგრამ სტალინის დასაყრდენი იყვნენ და შეუსრულეს კიდეც მზაკვრული ჩანაფიქრი. რუსეთი, რომელიც დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველა სცენარს განიხილავს საქართველოს წინააღმდეგ. დღეს ეწევიან იმ აზრის კულტივირებას, რომ საქართველოს მოსახლეობაში რუსეთი პოპულარულია და მხოლოდ ხელისუფლება ქმნის პრობლემას.

მოსკოვში ჩასული ოპოზიციონერები საფუძველს უმაგრებენ რუსეთის ხელისუფლების ზღაპარს, ქართველ ხალხს კი არა, საქართველოს ხელისუფლებას ვერჩითო.

- ეს პირები ოდესღაც თქვენი თანაგუნდელები იყვნენ.

- მე და ზურაბ ნოღაიდელს ყოველთვის განსხვავებული შეხედულებები გვქონდა. რაც ნინო პარლამენტიდან წავიდა, ბევრი რამ აღმოვაჩინე. კი ჰქონდა ბევრ საკითხზე თავისი შეხედულება, მაგრამ რუსეთთან დაკავშირებული ნამდვილად სიახლე იყო ჩემთვის. ისევე როგორც სიახლე იყო აპრილის აქციებზე მისი საქციელი. როდესაც ხალხს აქციაზე უხმობ და სთავაზობ სცენარს, ვიცი, პრეზიდენტი გაიქცევა და ხელისუფლება დაემხობაო, რას ნიშნავს?

- ნაციონალური ტელევიზიები იუწყებოდნენ რუსულ სცენარზეც, რომელსაც მიზნად ხელოვანთა მიმხრობა აქვს. განა ხელოვანებს შეუძლიათ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა?

- ეს ემსახურება პუტინის თემის (მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას ვერჩითო) ჯერ რუსეთში და შემდეგ კი საქართველოში დამკვიდრებას. სქემა აბსოლუტურად რეალურია. ცდილობენ, ჩაგვინერგონ აზრი, - ქართველებო, თქვენი ხაჭაპური, მწვადი და ცეკვა-თამაში ძალიან გვიყვარს. რად გინდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა? გააკეთეთ მწვადი და ხაჭაპური, გაგვართეთ, გაგვაცინეთ, თავი დაანებეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე ფიქრს, აკეთეთ და ხარჯეთ ფული რუსეთშიო. ბევრი წამოეგო ამ ანკესს. თავად მომისმენია, თავი დავანებოთ რუსეთთან დაპირისპირებას, არ გვირჩევნია, მშვიდად ვიცხოვროთო.

- რობერტ სტურუა თუ მოსკოვში სპექტაკლს დადგამს, ამით თავისუფლება შეეზღუდება და რუსეთის სამსახურში ჩადგება?

- თუ რობერტ სტურუა მიიჩნევს, რომ სპექტაკლი უნდა დადგას იმ ქვეყანაში და იმ ხელისუფლისთვის, რომელმაც საქართველოს უამრავი უბედურება მოუტანა, მეტიც, თუ ამ სპექტაკლის დადგმისთვის მედალსაც მიიღებს, ეს მისი პრობლემაა, მაგრამ ისიც უნდა იცოდეს, რომ იმ მედალს ქართველების სისხლი სცხია, მას იმ ხელისუფლისაგან იღებს, რომელსაც ხელები ქართველების სისხლში აქვს. რუსები ჩაგვჩიჩინებენ, ორი საუკუნის განმავლობაში დაგავიწყეთ, რა იყო სახელმწიფო და ნუღარც გაიხსენებთ. განა ის არ სჯობდა, როდესაც ჩვენ გითვლიდით, რამდენი სახლი უნდა აგეშენებინათ, რამდენი სპექტაკლი უნდა დაგედგათ და რამდენი კინო გადაგეღოთ. მაშინ ხომ ბევრად კომფორტულად იყავით, ვიდრე დღეს ხართო.

თუ სტურუას ასეთი საზოგადოებისთვის სპექტაკლის დადგმა უნდა, ღმერთმა ხელი მოუმართოს. მე ძალიან მომწონს ფრანკლინის სიტყვები: "ის ერი, რომელიც თავისულებას უსაფრთხოებაზე გაცვლის, ვერც უსაფრთხოებას მიიღებს და ვერც თავისუფლებას".