"ამოიღეთ ჩემი გარდაცვლილი სიმამრი საარჩევნო სიიდან!" - კვირის პალიტრა

"ამოიღეთ ჩემი გარდაცვლილი სიმამრი საარჩევნო სიიდან!"

საქართველო კიდევ ერთი, ახალი არჩევნების მოლოდინშია. ჩვენი ხალხისათვის წინასაარჩევნო ფუსფუსი და ციებ-ცხელება უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა, ისეთივე ჩვეულებრივად, როგორიც დილის საუზმე, ან ხალხით გაჭედილი ყვითელი ავტობუსით მგზავრობაა.

მრავალჭირნახულ და მრავლისმნახველ ქართველ საზოგადოებას ვერავინ და ვერაფერი აკვირვებს, ვერც ის, ხშირად არჩევნებში "მკვდარი სულებიც" რომ აქტიურობენ. არ გჯერათ? - მაშინ ჩვენს რესპონდენტებს მოუსმინეთ:

ნუგზარ ნაჭყებია, საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თანამშრომელი:

- 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე "გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელი ვიყავი გლდანის რაიონში. ამასთანავე მაჟორიტარი დეპუტატიც გახლდით, რის გამოც შემეძლო ნებისმიერ საარჩევნო უბანში შესვლა და დოკუმენტაციის გადამოწმება. დაახლოებით 500 კაცამდე გვყავდა დასაქმებული იმისათვის, რომ გამოგვევლინა გარდაცვლილი პირები და ის ხალხი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. საარჩევნო სიებში ამ კატეგორიის 7 ათასამდე კაცი მაინც გამოვავლინეთ.

შევადგინეთ ოქმები, შესაბამისი დოკუმენტაცია და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარვადგინეთ. რატომღაც სიიდან მხოლოდ 270-280 კაცი ამოიღეს. ამის შემდეგ საარჩევნო სიებს კვლავ გადავხედე და ჰოი საოცრებავ, ამომრჩევლებს შორის აღმოვაჩინე ჩემი სიმამრი, სევერიან ბოხაშვილი, რომელიც 2004 წლის დეკემბერში გარდაიცვალა! კარგა ხანს ვეხვეწებოდი კომისიის თავმჯდომარეს, დიმიტრი ორმოცაძეს - ეს ჩემი სიმამრი ამოიღეთ საარჩევნო სიიდან-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. დავწერე ოფიციალური განცხადება და ჩავაბარე, თუმცა საბოლოოდ მაინც უარი მივიღე.

- რით გაამართლეს ეს უარი?

- თურმე, მე ვარ სიძე, ამიტომაც არ ვითვლები ოჯახის წევრად და არა მაქვს უფლება ხელი შევუშალო ჩემს გარდაცვლილ სიმამრს, თუ მას არჩევნებში მონაწილეობა სურს (?!)"

ალბათ, მკითხველისათვის ცნობილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ საარჩევნო სიების მონიტორინგი დაიწყო. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რა შედეგები მიიღეს მათ:

ლადო ბულბულაშვილი - "კონსერვატიული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე:

- ცესკოს მიერ მოწოდებულ მონაცემთა ბაზაში არის ისეთი ხალხი, რომელიც რეალურად არ არსებობს. მათ მისამართის ნაცვლად უწერიათ სიტყვა "უმისამართო". სიებში არის ისეთი ქუჩები, საცხოვრებელი კორპუსები და სახლები, რომლებიც ბუნებაში საერთოდ არ არსებობს. კონკრეტული მაგალითები გაინტერესებთ? - გეტყვით ჩემი კორპუსის მაგალითზე: ვარკეთილში, 41-ე კორპუსში ვცხოვრობ, ჩემი სადარბაზო გადავამოწმე და მხოლოდ იქ, ერთ სადარბაზოში 30 არარსებული ადამიანი აღმოვაჩინე.

ჩნდება კითხვა - ვინ არიან ეს არარსებული ადამიანები? მათგან დაახლოებით 40 პროცენტი საქართველოში არ ცხოვრობს, არ ცხოვრობდნენ წინა არჩევნების დროსაც, მაგრამ რატომღაც ისევ არიან სიაში. "მკვდარი სულებიც" აღმოვაჩინეთ, ისეთები, რომლებიც წინა არჩევნების დროს უკვე აღარ იყვნენ ცოცხლები და ისინიც, ვინც არჩევნების შემდეგ დაიღუპნენ, სიებში კი მაინც არიან.

გვაქვს ბათუმისა და ქუთაისის სიებიც, შემდეგ კი გადავალთ რაიონებზეც. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გადაამოწმოს თავისი თავი, არის თუ არა ამ სიაში.

ხათუნა ჩიგოგიძე