რა მსგავსებაა ინგა გრიგოლიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის - კვირის პალიტრა

რა მსგავსებაა ინგა გრიგოლიასა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის

წინა კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად ინგა გრიგოლიას პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება იქცა. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ნახევრად გასაიდუმლოებული (ამას გვიმალავდით?!) ნაბიჯი ინგამ სწორად გადადგა. არ ვიცი, როგორი პოლიტიკოსი იქნება, მაგრამ ჟურნალისტიკიდან რომ მიდის, ეს სწორი გადაწყვეტილება მგონია.

იმიტომ კი არა, რომ ცუდი ჟურნალისტი იყო. მისი ჟურნალისტური საქმიანობის შეფასება ასე ცალსახად, ალბათ არ გამოვა. ინგას როგორც ჟურნალისტს, ჰქონდა ბევრი დადებითი და ბევრი უარყოფითი მხარეც. ახლა მათ განხილვას არ შევუდგები. აქ მთავარი ისაა, რომ ჩემი აზრით, ინგამ თავისი თავი ქართულ ჟურნალისტიკაში უკვე ამოწურა. ქართულ ჟურნალისტიკაში გრიგოლიას ეპოქა უნდა დასრულებულიყო.

ამას რომ ვამბობ, სულაც არ ვაკნინებ ინგას. პირიქით, ამ სიტყვებით ფაქტობრივად ვაღიარებ, რომ ინგამ ქართულ ჟურნალისტიკაში თავისი ეპოქა შექმნა. ვიღაც შეიძლება ამ ეპოქას დადებითად აფასებდეს, ვიღაც - უარყოფითად, მაგრამ ფაქტს ვერსად გავექცევით; იგი წლების განმავლობაში საქართველოში ყველაზე რეიტინგული ჟურნალისტი იყო. თუმცა ყველა ეპოქას აქვს თავისი დასასრული და ეს დასასრული სწორედ ახლა დადგა. ქართული ჟურნალისტიკა ნელა და ძნელად, მაგრამ განვითარების სხვა ეტაპზე გადადის (ან უნდა გადავიდეს!).

ინგა რომ ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნებულიყო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ქართულ ჟურნალისტიკას ისევ ერთი ადგილი უნდა ეტკეპნა. მან თავისი საქმე უკვე გააკეთა. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, რესპუბლიკელები ლევან გაჩეჩილაძეზე რომ ამბობენ: გარკვეულ პერიოდში ის საჭირო იყო, როგორც ლიდერი და მან თავისი ფუნქცია ხუთიანზე შეასრულა, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა და ლიდერიც სხვა ტიპის ადამიანი უნდა გახდესო. არ ვიცი, ინგა მიხვდა, რომ მან თავისი მისია ქართულ ჟურნალისტიკაში უკვე შეასრულა და ახლა მისი დრო ნელ-ნელა მიდის, თუ უბრალოდ, სხვა მიზეზების გამო დგამს ამ ნაბიჯს, მაგრამ ერთი ფაქტია: ჩემი აზრით, ჟურნალისტიკიდან რომ მიდის, სწორია. როგორი პოლიტიკოსი იქნება ინგა, - ვერ გეტყვით, თუმცა დარწმუნებული ვარ, თავის გზას არ დაკარგავს.

ამას წინათ, "კავკასიის" ეთერში ვიხუმრე, თეოდორ რუზველტი ამბობდა: კარგი პოლიტიკოსი ის არის, ვინც საჭირო დროს ყველაზე ხმამაღლა ამბობს იმას, რასაც ყველა ფიქრობსო. ჰოდა, ერთ რამეზე უკვე წინასწარ შემიძლია თავი დავდო, სათქმელის ყველაზე ხმამაღლა გამოთქმას ინგა უდავოდ მოახერხებს! დანარჩენს დრო გამოაჩენს.

ბევრი სანაკოევი

იმპერია ყოფილ კოლონიებზე თავისი გავლენის აღდგენას ან შენარჩუნებას სხვადასხვა გზით ცდილობს. მათ შორის ერთ-ერთია პოლიტიკურ მოღვაწეთა გადაბირება-მიმხრობა. ანუ, როდესაც შენი ყოფილი კოლონიის ხელისუფლებასთან ვერ ახერხებ საერთო ენის გამონახვას, მერე იწყებ დასაყრდენის ძებნას მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ პოლიტიკოსებში, ანუ ოპოზიციაში. აქ ინტერესების თანხვედრაა.

ოპოზიციონერისთვის დამატებითი მხარდაჭერა (ამ შემთხვევაში, საგარეო) ზედმეტი არასდროს არის. ხოლო თუ ის ოპოზიციონერი ხელისუფლებაში შენი მხარდაჭერით მოვიდა, მერე შენს ინტერესებს გაატარებინებ. ამიტომ რუსეთის მიზანი, როდესაც ის ყველა ქართველ პოლიტიკოსს ელაპარაკება, გასაგებია. იგი მათ გადაბირებასა და მიმხრობას ცდილობს. ასე მოიქცა თავის დროზე სააკაშვილის ხელისუფლება, - როდესაც სამხრეთ ოსეთზე სხვა მეთოდებით გავლენა ვერ აღადგინა და 2004 წელს ტერიტორიის ძალით დაკავების გეგმა წყალში ჩაეყარა, ადგა და კოკოითის ოპოზიციონერი სანაკოევი გადმოიბირა.

მისი დახმარებით ჯერ ოსი საზოგადოების ნაწილის დარწმუნება სცადა, რომ საქართველოსთან ცხოვრება სჯობდა. ახლა უკვე ოსებს ამაში მარტო ქართველი პოლიტიკოსები კი არა, ოსი პოლიტიკოსი სანაკოევიც არწმუნებდა. ამან შედეგი ვერ გამოიღო, თუმცა სანაკოევის არსებობას აზრი არ დაუკარგავს. კოკოითის სხვა გზით (თუნდაც ძალისმიერი) დამხობის პირობებშიც საჭირო იყო გყოლოდა მისი შემცვლელი, ვინც ოსი საზოგადოებისთვის უცხო სხეული არ იქნებოდა და ამავე დროს, შენს ინტერესებს გაატარებდა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ჩანაფიქრიც ვერ განახორციელა. კოკოითის მეგობრად დიდი რუსეთი გამოუჩნდა.

ახლა რუსეთი იმავეს საქართველოში  ცდილობს. თუმცა აქ რამდენიმე სანაკოევი გამოჩნდა. რა გასაკვირია, საქართველო სამხრეთ ოსეთს რამდენჯერმე აღემატება რიცხოვნობით. ჰოდა, გაცილებით მეტი სანაკოევიც მოიძებნა. ამიტომ მოსკოვში ყველას იღებენ, ცდილობენ კარგად დააკვირდნენ და საუკეთესო "სანაკოევი" იპოვონ. კასტინგი დაწყებულია.

შემდეგ რუსეთი ალბათ ამ პოლიტიკოსების დახმარებით ეცდება ქართველების დარწმუნებას, რომ მასთან ყოფნა ჯობია დასავლეთთან ჩახუტებას. ამისკენ ქართველებს არა მარტო რუსები, არამედ უკვე ქართველი პოლიტიკოსებიც მოუწოდებენ. თუ ეს არ გამოვიდა,  ვინ გამორიცხავს, რომ რუსეთმა საქართველოს ხელისუფლების მსგავსად იმოქმედოს და უკვე სხვა გზებით (მათ შორის ძალისმიერი) სცადოს აქ ხელისუფლების შეცვლა? ახლა საკითხავი ისაა, თუ რუსეთი ამის გაკეთებას გადაწყვეტს, სააკაშვილსაც გამოუჩნდება თუ არა ისეთივე მეგობარი, როგორიც კოკოითის გამოუჩნდა.