"ელისაშვილი კომიკური პიროვნება გახდა, მის საქმეზე ყველა იცინის" - კვირის პალიტრა

"ელისაშვილი კომიკური პიროვნება გახდა, მის საქმეზე ყველა იცინის"

"აბა, იკითხეთ საკრებულოში და მოგიყვებიან, როგორ ითხოვდა გაზრდილ ხელფასსა და სხვა რამეებსაც"

"გამოძიება გააჭიანურა ელისაშვილის ჯადოსნურ ტელეფონზე ექსპერტიზამ, რატომ არ შეინახა ის წერილები, რომლებსაც თურმე მანანა კობახიძე უგზავნიდა? შეიძლება ჟურნალისტმა სამხილი გააქროს?"

ფაქტია, რომ ე.წ. კოკაინის საქმე აქტუალობას არ კარგავს - საქმეში ახალი ფიგურები ჩნდებიან, პროკურატურა კი გამოძიების შედეგებს არ ახმაურებს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გვესაუბრება:

- მოდი, დავსვათ მარტივი კითხვა - რა სახით, რა ფორმით, როგორ ვახდენდი მე ელისაშვილზე ზეწოლას? თვეების განმავლობაში მედიამ ისე ატრიალა ეს თემა, რომ ამ კითხვაზე პასუხი არავის მიუღია. ვიმეორებ, ელისაშვილი, რომელიც დღეს მატყუარა პოლიტიკოსად ჩამოყალიბდა, ვერაფერს ასაბუთებს - კარგად იცის, რომ ამ საკითხზე მასთან არასოდეს მისაუბრია. სწორედ ამიტომ გაექცა ჩემთან ღია ეთერში შეხვედრას, არ უნდოდა საზოგადოებას სიმართლე დაენახა. ეს უნიჭოდ დადგმული სცენაა, რომელიც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების დახმარებით მომზადდა. დააკვირდით პროცესს, ელისაშვილმა რითი დაიწყო? პატრიარქის განცხადებას მხარი რომ დავუჭირეთ, ამას მოჰყვა მისი მრისხანება და ცრუ განცხადებები ჯერ პოლიტპატიმრების თემაზე, შემდეგ კი ე.წ. კოკაინის საქმეზე. რა მოხდა? - პოლიტპატიმრებმა პრინციპული პოზიცია დაიკავეს, ელისაშვილი შეშინდა და უარყო ის, რაც საჯაროდ განაცხადა, პოლიტპატიმრების თემაზე არაფერი მითქვამსო.

- არ ფიქრობთ, რომ ინტერესთა კონფლიქტია, როდესაც პროკურატურა იძიებს საქმეს, რომელშიც თქვენ ფიგურირებთ, პარალელურად კი პროკურორთა საბჭოს წევრი ხართ?

- გამოძიება გააჭიანურა ელისაშვილის ჯადოსნურ ტელეფონზე ექსპერტიზამ, რატომ არ შეინახა ის წერილები, რომლებსაც თურმე მანანა კობახიძე უგზავნიდა? შეიძლება ჟურნალისტმა სამხილი გააქროს? იმედია, პროკურატურა მალე გამოაქვეყნებს ყველა მასალას. მეტიც, პირადად მოვითხოვ, დოკუმენტები საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდეს. დასამალი არაფერი მაქვს, ამ პროცესს ბოლომდე მივიყვან და არ მოვეშვები, ვიდრე არ აღიარებს, რომ ჩემზე ტყუილი თქვა.

ელისაშვილი ვითომ წესიერი კაცის ნიღაბს ირგებს. აბა, იკითხეთ საკრებულოში და მოგიყვებიან, როგორ ითხოვდა გაზრდილ ხელფასსა და სხვა რამეებსაც. გარდა ამისა, ბევრი წერილი მივიღე მისი საქმიანობის შესახებ პატიმრებისგანაც. ყველა იმ პირს სამართლებრივად მოვთხოვ პასუხს, ვინც ცილისწამებითა და ცრუ დასმენით არის დაკავებული. რაც შეეხება საპროკურორო საბჭოს, ინტერესთა კონფლიქტი რომ ყოფილიყო, არათუ საბჭოში, არსად არ ვიქნებოდი, მაგრამ ელისაშვილი კომიკური პიროვნება გახდა და მის საქმეზე უკვე ყველა იცინის.

- ცნობილი გახდა, რომ ე.წ. კოკაინის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ანასტასია ზაუტაშვილი და სხვა დაკავებულები თვითდაზიანებით იმუქრებიან, შესრულდება თუ არა მათი მოთხოვნები გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით?

- ვიცი, რომ გამოძიება დაწყებულია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა გარემოება სამართლიანად დადგინდეს.

- ელისაშვილისა და ზაუტაშვილის შეხვედრის შემდეგ, გაჩნდა აზრი, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე გასამართლებულები ამჯერად თქვენ წინააღმდეგ ამოქმედდნენ. ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ ზაუტაშვილმა მტკიცებულებებიც მიაწოდოს ამ საქმეზე. არ დაინტერესებულხართ, რატომ ხვდება ზაუტაშვილი ელისაშვილს და რატომ სთხოვს ადვოკატის შერჩევას?

- ეს ფაქტი არის ელისაშვილის პირდაპირი აღიარება, რომ ცრუობდა. ადვოკატისგან ცნობილია, რომ ელისაშვილი ანასტასია ზაუტაშვილს ორჯერ შეხვდა და ბოდიშიც მოუხადა, რომ ცრუ განცხადებებით მართლაც დიდი ზიანი მიაყენა. რატომ შესთავაზა თავისი მეგობარი ადვოკატი მალხაზ ჯანგირაშვილი, ნინო ჯანგირაშვილის ძმა?

- ზაუტაშვილის ახალი ადვოკატები თქვენს ნდობას არ იმსახურებენ?

- ელისაშვილს სურს ადვოკატ მირიან ნიკოლაძის განეიტრალება. ვინმეს სჯერა, რომ ასეთი მატყუარა კაცი ზაუტაშვილის ბედით დაინტერესდა? ალბათ, ჰპირდება, რომ პრეზიდენტთან შეწყალებაში დაეხმარება.

- ბიძინა ივანიშვილს ელისაშვილის ბრალდებებზე სასაუბროდ თუ შეხვდით?

- ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილმა კომენტარი საჯაროდ გააკეთა და სახელიც დაარქვა, თუ ვისგან იმართება ეს ცრუ პროცესი. ბიძინა ივანიშვილს პირადად შევხვდი, ის ზუსტად აფასებს ამ ავანტიურას, ხოლო რა თქვა კონკრეტულად ამ მატყუარა ელისაშვილზე, არ გავიმეორებ. …

- თქვენი სახელი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთ სკანდალს დაუკავშირდა - გავრცელებული ინფორმაციით, ვინმე ღურწკაიამ თქვენი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები ერთ-ერთ გაზეთში მიიტანა.

- გამოძიების ორგანო არა ვარ, რომ ეს საკითხები გავარკვიო. სააკაშვილის დროს ყველა მის ოპონენტსა და საჯარო პირს უკანონოდ უთვალთვალებდნენ, უსმენდნენ და ა.შ. ნაწილს ჩანაწერებს უქვეყნებდნენ, ნაწილს კი შანტაჟისთვის ინახავდნენ. ჩემი ოჯახიც იმ სისტემის მსხვერპლი იყო და დღესაც თუ ვინმე გაბედავს ამ უკანონობის გაგრძელებას, მკაცრად დაისჯება.

- როგორ აფასებთ რესპუბლიკელებსა და "მრეწველებს" შორის დაპირისპირებას? ცნობილია, რომ თქვენც უკმაყოფილო იყავით პარლამენტის თავმჯდომარით, რადგან ელისაშვილის საპასუხოდ სოლიდარობა არ გამოგიცხადათ.

- კოლეგებზე საჯაროდ არ ვსაუბრობ... რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის ინერტულობას, სოლიდარობა მე კი არა, პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოწერილ აქტს სჭირდებოდა.

ელისაშვილმა ყველას მიაყენა შეურაცხყოფა, თუ სიას მხოლოდ ბესელია წერდა?! მოგვიანებით ამ საკითხზე უსუფაშვილმა ისაუბრა და ელისაშვილმა მისგანაც ადეკვატური პასუხი მიიღო!

- კულუარებში ამბობენ, რომ შესაძლოა, ახალ სიაში თქვენ ვეღარ მოხვდეთ.

- როგორც პოლიტსაბჭოს წევრი, სიის შედგენაში ჩართული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით მუშაობა არ დაგვიწყია. რაც შეეხება ჩემს საკითხს, საკუთარ თავზე ლაპარაკი არაკორექტულია...

"კობა კობახიძე "ნაცმოძრაობისა" და ყოფილი პოლიციელების თამაშს თამაშობს"

ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების ყოფილი ადვოკატი კობა კობახიძე ალაპარაკდა. მისი განცხადებით, ანასტასია ზაუტაშვილის ოჯახთან მანანა კობახიძის ძმამ, თედო კობახიძემ დააკავშირა, რომელიც საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ბონუსად 75 ათას ევროს დაჰპირდა.

- თედო კობახიძემ მითხრა, სანამ ზაუტაშვილისა და სხვა დაკავებულების ინტერესებს დაიცავ, პრეზიდენტთან შეწყალების თემაზე მე ვიმუშავებო. მაშინვე მივხვდი, რომ ამას მანანას დახმარებით აპირებდა, რადგან თედოს მხოლოდ მისი დის გამო სცემენ პატივს. თედომ ისიც მითხრა, თუ დაკავებულების გათავისუფლებას მოვახერხებდით, ხუთივე დაკავებულისგან 75 ათასი ევრო უნდა მოგვეთხოვა - ფულის პრობლემა არა აქვთო. თუმცა თანხა მაინც ბევრი მომეჩვენა, ანუ თითოეულისგან 15 ათასი...

- თუ კორუფციულ გარიგებაზე ინფორმაცია გქონდათ, ამ დრომდე რატომ არ ამხელდით, ან რა მტკიცებულებები წარუდგინეთ პროკურატურას?

- პროკურატურაში მტკიცებულების სახით 13 აუდიო და სატელეფონო ჩანაწერი წარვადგინე და თუ ჩემ მიმართ ცილისმწამებლური კამპანია გაგრძელდება, სხვა მტკიცებულებებსაც გავასაჯაროებ. ამაზე საუბარი ახლა იმ მიზეზით გადავწყვიტე, რომ კობახიძე ურცხვად იტყუება - ალეკო ელისაშვილი მართალია, მანანა კობახიძე ამ საქმით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო. დიდი ხანია მანანას ვიცნობ. მას არაერთ საქმესთან დაკავშირებით უთქვამს, ადვოკატად ჩაერთეო. ახლა კი თედო დამიკავშირდა, დაეხმარე და არ ინანებო... ჩემი განცხადებების შემდეგ მანანა კობახიძის დის ქმარი, ლევან ონიანი დამემუქრა და პროკურატურას ეს მტკიცებულებებიც წარვუდგინე.

- რამდენიმე დღის წინ მის სამართლებრივ დარღვევებზეც ისაუბრეთ. რა საქმეში ფიგურირებს მანანა კობახიძის სიძე?

- შარშან ლევან ონიანმა მეზობელი დაჭრა, სხეულზე მძიმე დაზიანებები მიაყენა, თუმცა ეს საქმე მანანასა და თედოს გავლენით პროკურატურაში დღემდე თაროზეა შემოდებული. თავად თედო მეუბნებოდა, პროკურატურაში საქმეს ვაგვარებო.

მანანა კობახიძე, ვიცე-სპიკერი: - კობა კობახიძე "ნაციონალური მოძრაობისა" და ყოფილი პოლიციელების თამაშს თამაშობს, რომლის მიზანიც "ქართული ოცნებისა" და პირადად ჩემი დისკრედიტაციაა. ძალოვანი უწყებების ის თანამშრომლები, რომლებიც ჯერაც ამ სისტემაში არიან, ეწინააღმდეგებიან ისეთი საქმეების გამოძიებას, რომლებიც მათთვის შეიძლება პრობლემური იყოს - თუ საქმის განახლება მათ პასუხისმგებლობამდე მივა, ეს, ბუნებრივია, ხელს არ აძლევთ. "შეწყალების სკანდალი" არ არის იმ სირთულის საქმე, რომელსაც გამოსაძიებლად რამდენიმე თვე სჭირდება, ამიტომ პროკურატურას მივმართავ, გამოძიება დროულად დასრულდეს!

რაც შეეხება კობა კობახიძეს, ბოლო დღეებში კიდევ უფრო გამიმძაფრდა ეჭვი, რომ 2012 წლის შემდეგ ის აქტიურად იყენებს ჩემს გვარსა და სახელს თავის კლიენტებთან ურთიერთობაში, რათა სარფიანად გაყიდოს თავისი საადვოკატო მომსახურება.

რუსუდან შელია