"ყველა ცდილობს, გადამიბიროს..."
29-02-2016
"ყველა ცდილობს, გადამიბიროს..."
"რუსეთის ზედმეტი ნდობა არ შეიძლება!"

"ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს, "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი"


ჩვენში დიდი ინტერესი გამოიწვია ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის მიერ "საქართველოს განვითარების ფონდის" დაარსებამ. ის აქამდე საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა, ახლა ბევრს ლაპარაკობენ, რომ ფონდის შექმნიდან პოლიტიკური ორგანიზაციის ჩამოყალიბებამდე ერთი ნაბიჯია.
აპირებს თუ არა პოლიტიკაში მოსვლას, როდის შეხვდა ბიძინა ივანიშვილს და როდის მიხეილ სააკაშვილს, ან რატომ
მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კრიზისია? ამ კითხვებზე პასუხს ბატონი პაატასგან ჩვენს ექსკლუზიურ ინტერვიუში წაიკითხავთ.

- ბატონო პაატა, რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც ახლა დაგეფუძნებინათ ფონდი და გაგეკეთებინათ საკმაოდ მწვავე პოლიტიკური განცხადებები?

- დღეს აღმოვჩნდით იმ ვითარებაში, როდესაც დრო სწორედ ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს და თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ქვეყანა
კიდევ უფრო უარეს კრიზისში აღმოჩნდება. ეს ორგანიზაცია არ არის პოლიტიკური, თუმცა ძალიან სერიოზული გეგმები აქვს. ამ ორი კვირის წინ დავპირდით საზოგადოებას, რომ სამ თვეში წარმოვადგენდით ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარების ჩვენეულ ხედვას, რასაც შევთავაზებთ­ მთავრობას. თუ მიიღებს და მის განხორციელებაზე იფიქრებს, უბედნიერესი ადამიანები ვიქნებით.
თუ მთავრობა ისევ ძველებუ­რი ხედვით გააგრძელებს­ საქმიანობას, ანუ უარეს ჩიხში­ მოაქცევს ქვეყანას, მაშინ უკვე სხვანაირად ვიფიქრებთ.

- განაცხადეთ, რომ ქვეყანა დიდ კრიზისშია, წინა ხელისუფლების დროს ვერ ხედავდით კრიზისის ნიშნებს, რადგან არ გვახსოვს თქვენგან ასეთი მწვავე კრიტიკა...

- აქამდე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ახლა აღარ მაქვს... აქვე უნდა ვთქვა, რომ ვინც კი მოდიოდა ხელისუფლებაში, ყველას გვერდში ვედექი. სიმართლე უნდა ითქვას, სააკაშვილმა მმართველობის პირველი წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გააკეთა, ქვეყანა დააყენა ფეხზე. ყოველთვის ვედექი ქვეყნის განვითარებას გვერდში. დღეს მითხარით, ვინ არის ისეთი, ვისაც გვერდში შეიძლება დავუდგე?! ასე რომ გაგრძელდეს კიდევ ოთხი წელი, ალბათ, ისეთ ჭაობში ჩავეფლობით, რომ იქიდან შეიძლება ვეღარც ამოვიდეთ.

- მაინც რას მიიჩნევთ ამ ხელისუფლების ყველაზე დიდ ხარვეზად?
- სამართალს... ვიდრე საქართველოში არ იქნება სამართლიანი სასამართლო, ვიდრე ამ ქვეყანაში მურუსიძე მოსამართლე იქნება, არაფერი გვეშველება.
დღევანდელმა ხელისუფლებამ წინას უსამართლობის მთელი პასუხისმგებლობა გადმოიბარა მას შემდეგ, რაც მურუსიძე შემოისვა მხრებზე და დაატარებს აქეთ-იქით.

- თქვენი ფონდის პრეზენტაციამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონსულტაციებს მართავდით ბიძინა ივანიშვილთან.

- კონსულტაცია არ ყოფილა­, ვთქვი, რომ მასთან კონტაქტი მქონდა და ეს აიტა­ცა მედიამ. კონსულტაცია არავისთან გამიმარ­თავს ან რატომ უნდა გამემართა, როდე­საც ჩვენ არა ვართ პოლიტი­კური პარტია. თუ რამე მოხდა და ჩამოვყალიბდით პოლიტიკურ ძალად, აუცილებლად ყველას შევხვდები. ბიძინა ივანიშვილს 2012 წლის არჩევნების შემდეგ მხოლოდ ერთხელ შევხვდი. ეს მოხდა ბადრი პატარკაციშვილის 60 წლის იუბილეზე, ბადრისთან სახლში. ყველას თვალწინ გადავკოცნეთ ერთმანეთი და მოვიკითხეთ... ეს იყო და ეს.

მეგობრული ურთიერთობა მაქვს როგორც ბატონ ბიძინასთან, ასევე ირაკლი ალასანიასა და ბევრ სხვასთან, მათ შორის "ნაციონალებთან". ყველა ცდილობს, გადამიბიროს...…
ან რა შეთავაზებაზე უნდა იყოს ლაპარაკი, როდესაც არა ვართ პოლიტიკური პარტია... არ არის აუცილებელი, პოლიტიკოსი იყო და ისე ემსახურო შენს ქვეყანას, მაგრამ როცა ხედავ, რომ ქვეყანა არ ვითარდება სწორი გზით, მაშინ იძულებული ხარ, შეხვიდე პოლიტიკაში. ჩვენ ვცდილობთ, ეს ამბავი როგორმე ავიცილოთ თავიდან. სხვათა შორის, ამ მთავრობის მინისტრებთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს, ზოგიერთთან ვმეგობრობ კიდეც, მაგრამ ჩემი პირადი ურთიერთობები და მეგობრები არაფერ შუაშია ქვეყნის განვითარებასთან. უმნიშვნელოვანეს საკითხად მიმაჩნია ის, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მოახერხოს და პირად პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები დააყენოს.

- გია ხუხაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2012 წელს არსებობდა ასეთი გეგმა: "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ ივანიშვილი პრემიერი იქნებოდა, თქვენ კი პრეზიდენტობის კანდიდატი.
- იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე და ბატონმა ბიძინამ გადავწყვიტეთ, რომ ჩემი პოლიტიკაში შემოსვლის აუცილებლობა მაშინ არ იყო.

- ხშირად თქვენს ფონდს რუსულ პროექტად მოიხსენიებენ. ასევე იხსენებენ თქვენს ციტატებსაც. ერთ-ერთ ინტერვიუში ბრძანეთ, რომ პატივია თქვენთვის, როდესაც რუსულ ბანად მოგიხსენიებენ, მეორეში კი განაცხადეთ, რომ 2008 წლის რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში საქართველოს ბრალეულობაც არისო... იმასაც ამბობენ, რომ რუსეთში სერიოზული კავშირები გაქვთ...
- მართალია, რუსეთში მართლაც მაქვს კავშირები, ისევე როგორც დასავლეთში­ - ევროპასა და მთელ მსოფლიოში. თქვენ მიერ ნახსენებ ინტერვიუში ვთქვი, - გულითა და სულით ქართველი ვარ, მაგრამ მსიამოვნებს, მსოფლიოში რუსულ ბანად რომ მომიხსენიებენ-მეთქი. ამას დღესაც ვიმეორებ. რაც შეეხება ჩვენს შეცდომას 2008 წელს, არ მიგულისხმია ამაში ის, რომ რუსეთის აგრესიას პასუხი გავეცით. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ ჩვენი მთელი ისტორიის განმავლობაში ზედმეტად ვენდობოდით რუსულ პოლიტიკას, იგივე მოხდა 2008 წელსაც. ვფიქრობ, დღესაც იმავე შეცდომას ვუშვებთ. რუსეთის ზედმეტი ნდობა არ შეიძლება! ჩვენ აღარ ვჩანვართ ევროპისა და აშშ-ის რადარებზე, უკვე აღარავინ ახსენებს საქართველოს. არ ვიცი, იქნებ ვიღაცისთვის ეს სწორი პოლიტიკაა და რუსეთს ამით ვაწყნარებთ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს შეცდომაა.
რუსეთთან, ასეთ დიდ ქვეყანასთან, რა თქმა უნდა, არ უნდა გვქონდეს მტრული ურთიერთობა, მაგრამ არა ზედმეტი ნდობის ხარჯზე. ჩვენი ფონდის კურსი მხოლოდ დასავლურია, საქართველოს გზა ევროპის გზაა.
ძალიან უნდათ "ნაციონალებს", რუსულ პროექტად გამომიყვანონ, "ქართულ ოცნებას" სურს "ნაციონალების" პროექტად მომნათლოს, მაგრამ ვაცხადებ - მე ვარ ქართველი ხალხის პროექტი.

- ამ ორიოდე თვის წინ გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობდა, რომ თქვენ და თქვენი ფონდი უნდა ჩამოყალიბდეთ "მესამე ძალად" და რომ თქვენ თავისი ხალხი "ჩაგიბათ"...

- ჩვენ თუ ჩამოვყალიბდებით პოლიტიკურ ძალად, მესამე კი არა, აუცილებლად პირველი ძალა ვიქნებით.
მეორე-მესამეზე სხვები განაწილდნენ. ეგ ჩანაწერები სრული სისულელეა, არ ღირს მაგაზე ლაპარაკი...

- რამდენიმე დღის წინ თქვენი ფონდის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა დატოვა ვანო მაჭავარიანმა, რატომ?

- მას თავისი გეგმები ჰქონდა, მადლიერი ვარ, რომ დამთანხმდა იყოს ჩემი მრჩეველი საგარეო საკითხებში. მასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. რამდენიმე რეგიონში უკვე გავხსენით ჩვენი წარმომადგენლობა, მართალი გითხრათ, კი ვიცოდი რთულ მდგომარეობაში რომ იყო მოსახლეობა, მაგრამ ნანახმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, ამიტომაც გადავწყვიტე უფრო აქტიურად ჩავერთო ფონდის მუშაობაში და აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაც მე შევითავსე...

- რა თანხებით ფინანსდება თქვენი ფონდი?
- თვითონ ვაფინანსებ, გარდა ამისა, მეხმარებიან ჩემი ქართველი და ევროპელი მეგობრები. თუ ოდესმე ფონდი გადაწყვეტს პარტიად ჩამოყალიბებას, მაშინ ყველა თეთრის წარმომავლობა გასაჯაროვდება.

- თუ დაგჭირდათ პოლიტიკაში მოსვლა, ფიქრობთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებთ მონაწილეობას, თუ თქვენი სამიზნე საპრეზიდენტო არჩევნებია?
- ჯერ არსებითად ვერაფერს გეტყვით, სამი თვე მაცალეთ, დავდებთ ამ გეგმას, შევთავაზებთ მთავრობას, ვნახოთ, რას გვიპასუხებს... ღმერთმა ქნას, წაიყვანონ ქვეყანა უკეთესობისკენ, თუ არ წაიყვანენ, პირველი იქნებით, ვისაც პოლიტიკურ ინტერვიუს მოგცემთ.

- ერთ-ერთ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: "ბურჭულაძის საქმიანობასთან კითხვები მაქვს, რატომ არ აფათურებდა წინა ხელისუფლება მისი ფონდის საქმიანობაში ხელს, როდესაც ქვეყანაში ნებისმიერი ფულადი გადარიცხვები კონტროლდებოდა? მისი ფონდი ლამის ოფიციალური სტატუსითაც სარგებლობდა".
- მაგაზე პასუხის გაცემა უზნეობა იქნება. მინდა ვკითხო თავად მას, მაინც რას ფიქრობს, რატომ არ აფათურებდა?! თვითონ იქნებ იცის პასუხი ამ სულელურ შეკითხვაზე, ან რა იყო იქ ხელის საფათურებელი?! იყო პერიოდი, როდე­საც "ნაციონალური მოძრაობა" ხელს გვიშლიდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ მოსკოვში საქველმოქმედო კონცერტში მივიღე მონაწილეობა. არ მქონდა უფლება, არ მემღერა ავადმყოფი ბავშვების დასახმარებლად. მთავრობიდან დამირეკეს და ამიკრძალეს, მე მაინც წავედი, ამას მოჰყვა ის, რომ სამშობლოს მტრად გამომაცხადეს. ამ კონცერტიდან ერთ წელიწადში სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენი გადმომცა. იმ ხელისუფლებას ეყო სინდისი, არ გაეფუჭებინა კარგი საქმე, რომლის ეგიდითაც 110 ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები...

"სააკაშვილმა ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში"

პაატა ბურჭულაძე 2015 წლის სექტემბერში ოდესაში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს:
"ორი წლით ადრე მქონდა დაგეგმილი 2015 წლის სექტემბერში ოდესაში, ახალი ფესტივალის გახსნაში მონაწილეობა. მის გახსნამდე 10 დღით ადრე დაინიშნა სააკაშვილი გუბერნატორად. დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიდოდა კონცერტზე და ასეც მოხდა. სცენაზე ნახევარსაათიანი სიტყვა დაარტყა და ისე გამოიყვანა, რომ მან ჩამიყვანა ოდესაში... კონცერტის მერე მიმიპატიჟა, მაგრამ ვუთხარი, რომ ორგანიზატორებს გამზადებული ჰქონდათ უკვე სუფრა და აქეთ დავპატიჟე, მოვიდა... სულ ეს იყო".

ნათია დოლიძე
ლიკა
13 მაისი 2016 17:15
შეეგუეთ ნაცებო და ქოცებო_ წასულია თქვენი დრო და აგერ მოსულია ახალი ძალა, ძალა რომელიც არ იკადრებს ნაციონალებივით ხალხის დაჩაგვრას და ივანიშვილივით ხალხის გაბითურებას
luxo
13 მაისი 2016 15:02
ნაკლის დანახვა- ცოტა არ არი,
მაგრამ წამალი -არის მთავარი.
ika
05 მარტი 2016 09:22
მართლაც ამაზრზენია, ასეთი გაჭირვების მქონე ხალხის საყურებლად ასეთი მრავალრიცხოვანი უვიცი,მუქთამჭამელა, არაფრისმკეთებელი, პარაზიტი პარლამენტარის ყურება...სამმილიონიან ქვეყანას 10 მუქთამჭამელიც ეყოფა . ჩვენი მწირი ბიუჯეტის შესაჭმელად და გამოსახრავად

რედაქტორის რჩევით