"პოლიტიკურ "სუფრას" უნდა ჩამოსცილდნენ მეათეხარისხოვანი პოლიტიკოსები" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურ "სუფრას" უნდა ჩამოსცილდნენ მეათეხარისხოვანი პოლიტიკოსები"

"ბურჯანაძემ უკვე აღიარა ნოღაიდელის უპირატესობა და ამით თვითონვე უარყო პოლიტიკური ლიდერის ამბიცია"

თანამედროვე საქართველოში ბევრი რამ არის გაუგებარი ჩვეულებრივი მოკვდავისთვის: არსებობს უამრავი პოლიტიკური დაჯგუფება, ოპოზიცია დაქსაქსულია, ხელისუფლება კი არჩევნების წინ ძველ, ნაცად მეთოდებს არ ღალატობს. ამ პირობებში ბევრი ვერ გარკვეულა, ვის მიემხროს და რა გზას დაადგეს. რასაკვირველია, ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ქართველი ინტელიგენცია, როგორ წარმოუდგენია ქვეყნის აწმყო, მომავალი.

გვესაუბრება ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლადო პაპავა:

- ბატონო ლადო, ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების წინ ოპოზიციაში სერიოზული არეულობაა. თქვენ როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას?

- მოდი, ყველაფერს სხვა თვალით შევხედოთ: არეულობა და დაქსაქსულობა არა მარტო ოპოზიციაშია. განა ხელისუფლებამ წამოაყენა თავისი კანდიდატი მერის პოსტზე? - არა! მაშასადამე, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაშია" სიტუაცია მთლად დალაგებული. რაღა დარჩა არჩევნებამდე? ქალაქს ჰყავს საკმაოდ აქტიური მერი, რომელსაც აქვს ამბიცია, დარჩეს პოსტზე, მაგრამ "ნაციონალურ მოძრაობას" ჯერ ის მერობის კანდიდატად არ დაუსახელებია. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ არც "ნაციონალურ მოძრაობაშია" ბოლომდე ნათელი სიტუაცია.

რაც შეეხება ოპოზიციას, იქ ახლა დუღილის პროცესი მიმდინარეობს. აქამდე ყველაფერი ერთ ქვაბში იყო ჩაყრილი. საპროტესტო აქციების დროს ოპოზიცია ერთად იყო შეკრული იმ მიზნით, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გაემარჯვა. ამ "შეკვრაში" ერთმანეთის გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ სრულიად განსხვავებული შეხედულებების ან საერთოდ, არანაირი შეხედულებების მქონე პოლიტიკური პარტიები. სიტყვა "პარტიას" პირობითად ვხმარობ, რადგან გაერთიანებას, რომელსაც არა აქვს საკუთარი არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური შეხედულებები ან ცხვირსახოცივით იცვლის მათ, პარტია არ ჰქვია. ხელისუფლების შეცვლის სურვილმა ჩამოაყალიბა აბსოლუტურად სხვადასხვა ვექტორის მქონე პირებისა და ჯგუფების  ერთობლიობა.

დღეს რა ხდება? - ერთ მხარესაა რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და უსახური პარტიების დიდი რიცხვი და მეორე მხარეს არის უფრო თანამიმდევრული პოლიტიკური ერთიანობა. რას ვგულისხმობ? - დავუშვათ ზვიად ძიძიგური, კახა კუკავა და კობა დავითაშვილი ცნობილი პერსონებია, მაგრამ მათ პარტიებს სერიოზული გავლენა ნამდვილად არა აქვს ჩვენს საზოგადოებაზე. ალბათ ნოღაიდელის პარტიაზეც იგივე ითქმის, რადგან იქ ნოღაიდელისა და პეტრე მამრაძის გარდა საზოგადოება პრაქტიკულად არავის იცნობს. იმდენი პარტიაა საქართველოში რეგისტრირებული, რომ მათი გაერთიანების ლიდერად ყოფნა ოპოზიციის ლიდერობას ნამდვილად არ ნიშნავს.

არავისზე ნაკლები პოლიტიკოსები არ არიან დავით გამყრელიძე და დავით უსუფაშვილი ცოდნით, კულტურით, მომზადებით, პოლიტიკური აქტიურობით, მაგრამ ორივემ პრაქტიკულად დათმო თავისი ამბიცია. არა მარტო პირადი ამბიცია, თავიანთი პარტიული ლოგოც დათმეს, როცა "ალიანსი საქართველოსთვის" შექმნეს, ხშირად მისი სახელით საუბრობენ და არა "რესპუბლიკელების" ან "ახალი მემარჯვენეების".

მათ აჩვენეს ახალი ფენომენი ქართულ პოლიტიკაში და ამას ხალხი ზოგჯერ სწორად ვერ აღიქვამს. დავით გამყრელიძე პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ახლა თბილისის მერობას ვერ შეძლებს? მაგრამ პირადი მე”უკანა პლანზე გადასწიეს და ადგილი დაუთმეს ირაკლი ალასანიას. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ალიანსს" შეუერთდა საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონა - სოზარ სუბარი. იგი "ალიანსში" პირველკაცობის პრეტენზიით არ მისულა, მანაც აღიარა ირაკლი ალასანიას უპირატესობა. ფაქტია, რომ აქ არის განსაზღვრულ ფასეულობაზე დაფუძნებული ურთიერთობა.

- არსებობენ სხვა ძალებიც და ჩვენს მოქალაქეებს სწორედ ეს სიმრავლე უბნევს თავგზას...

- რასაკვირველია, არის კიდევ სხვა ოპოზიციაც: ე.წ. საპარლამენტო - "ქრისტიან-დემოკრატები" თავიანთი მერობის კანდიდატით; გარდა ამისა, ის პარტიები, რომლებიც არჩევნებში არ მონაწილეობენ. აქ მხედველობაშია მისაღები "ეროვნული ფორუმი", "ლეიბორისტები", იმავე ნინო ბურჯანაძისა და სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც ასევე ბოიკოტს უცხადებენ ადგილობრივ არჩევნებს; აუცილებლად უნდა ვახსენოთ "მრეწველები" და გოგი თოფაძე, ძალიან ცნობილი პიროვნება. მათ შორის ერთიანობაზე ლაპარაკი არ არის და არც შეიძლება იყოს, რადგან მიმდინარეობს ჩვეულებრივი დაღვინების პროცესი.

შეიძლება ამან თბილისის მერის არჩევნებს ხელი შეუშალოს და ოპოზიციისათვის საზიანოც იყოს, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის, იმისათვის, რომ პოლიტიკურ "სუფრას" ჩამოსცილდნენ მეათეხარისხოვანი პოლიტიკური ლიდერები, ეს აბსოლუტურად სწორი პროცესია. მთავარი პოლიტიკური ბატალიები საქართველოს წინა აქვს, ეს არის მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები, როცა აუცილებლად უნდა იყოს გამოკვეთილი რეალური პოლიტიკური ლიდერიც და პოლიტიკური პარტიებიც.

- ბოლო ხანებში ბევრს ლაპარაკობენ ნოღაიდელზე...

- ვთვლი, რომ ნოღაიდელის მიერ წამოწყებული თამაში სრულად ჯდება ხელისუფლების ინტერესში, თანაც ნოღაიდელი ხელისუფლებისათვის საშიში არ არის. გეტყვით, რატომ: საშიში იყო მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, იმიტომ, რომ ჰქონდა მუხტი, რომლითაც ხალხი აიყოლია, ამიტომ ოქრუაშვილს კორუფციაში დასდეს ბრალი (თანაც, ამის ობიექტური საფუძველიც არსებობდა) და ციხეში ჩასვეს. ნოღაიდელი კი იმდენად არაპოპულარულია, რომ ხელისუფლებისთვის ხელსაყრელიცაა სწორედ ის იყოს რუსეთთან გზის გამკვალავი მოღალატე! ხელისუფლება ცდილობს შექმნას ასეთი თამაშის წესი: თითქოს არის პროდასავლური ხელისუფლება და ჰყავს პრორუსული ოპოზიცია.

ნოღაიდელი მოღალატეა და ის მოღალატე ახლა, პუტინთან ჩასვლის შემდეგ კი არ გამხდარა. მან ქვეყნის ღალატი მაშინ დაიწყო, როცა ფინანსთა მინისტრობისა და პრემიერმინისტრობის დროს კონსტიტუციისა და კანონების დარღვევით დაფინანსება შეუწყვიტა ქართულ მეცნიერებასა და უნივერსიტეტს; მან უღალატა ქართველ მწერლებს, როცა ისინი თავიანთი შენობიდან გამოყარეს; მან უღალატა ქართველ კომპოზიტორებს, რომლებსაც კომპოზიტორთა დასასვენებელი სახლის წართმევა დაუპირა; მან უღალატა ქართულ სპორტს, როცა სპორტის აკადემია გააუქმა; მან უღალატა მცირე ბიზნესს, როცა სალარო-აპარატების შემოღება დააძალა;

მან უღალატა თბილისელებს, როცა თაბუკაშვილის ქუჩაზე ბარბაროსული მეთოდებით დაანგრიეს სახლი; მან უღალატა ყველა ქართველ ბიზნესმენს, რომელთა საკუთრების უფლებები შეილახა მისი პრემიერმინისტრობის დროს... ახლა კი ამტკიცებს, მოსკოვთან საერთო ენა უნდა გამოვნახო და ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზარი უნდა აღვადგინოო... კი მაგრამ, ეს დაბლოკვა რომ მოხდა, პრემიერ-მინისტრი არ იყო?! ერთხელ მაინც გახსოვთ ყოველივე აღნიშნულისადმი მისი საწინააღმდეგო რეაქცია? მაშინ უფრო არ შეეძლო ჩასულიყო მოსკოვში და შეხვედროდა რუსეთის ხელმძღვანელობას? ამის უფლებამოსილება ხომ ნამდვილად ჰქონდა! ამიტომ, მიმაჩნია, რომ ნოღაიდელმა ქვეყნის ღალატი დაიწყო დიდი ხნის წინ... დღეს კი ნოღაიდელის შეხვედრები პუტინთან მხოლოდ სპექტაკლებია.

- რას იტყვით ნინო ბურჯანაძეზე?

- ვფიქრობ, მან პუტინთან შეხვედრით სერიოზული შეცდომა დაუშვა, თუმცა მის პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს პირველი შეცდომა როდია... ჯერ ერთი, თუ პრეტენზია გაქვს, ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი გახდე, ნოღაიდელის ნაკვალევზე რატომ უნდა იარო? ეს არის იმ პერსონის პოზიცია, რომელსაც პრეტენზია აქვს, გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი?! როცა დავითაშვილს ან ძიძიგურს უნდათ პუტინთან ჩაეწერონ მიღებაზე, მესმის, რადგან პუტინის კარზე რიგია, მაგრამ ქალბატონ ნინოს ხომ პრეზიდენტობის პრეტენზია აქვს. თავი დავანებოთ მორალურ მხარეს, რამდენად მართალია ახლა პუტინთან ჩასვლა და ლაპარაკი. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ ბურჯანაძემ უკვე აღიარა ნოღაიდელის უპირატესობა, ამიტომ სავარაუდოდ, გაუცნობიერებლად, თვითონვე უარყო პოლიტიკური ლიდერის ამბიცია.

იდეალური შემთხვევა იქნებოდა, თუ სააკაშვილი აიღებდა პასუხისმგებლობას და საქართველოს გადარჩენისათვის ნებაყოფლობით გადადგებოდა, მაგრამ ვიცით, რომ ის ამას არ გააკეთებს. მეორე მხრივ, ოპოზიციის სიარული მოსკოვში, რასაც არანაირი სახელმწიფო ბერკეტი არა აქვს, აბსოლუტური უაზრობაა. ახლა ვიკითხოთ, არის თუ არა კონტაქტი რუსეთსა და საქართველოს შორის? კონტაქტი რომ არ იყოს, როგორღა გახსნეს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი? შეიძლება სააკაშვილს არ ელაპარაკება არც მედვედევი და არც პუტინი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უფრო დაბალ დონეზე არ წყდება რიგი საკითხები. ამგვარად, იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილი არსად წამსვლელი არ არის 2013 წლამდე (თუმცა შემდეგაც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის, წავა თუ არა საერთოდ აქტიური პოლიტიკიდან), ერთადერთი გზა, რომელიც დღეს საქართველოს აქვს, გახლავთ უცხოელი პარტნიორების, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება.

- როგორც გატყობთ, თქვენი შეხედულებით, ამ სიტუაციაში "ალიანსი საქართველოსთვის" ყველაზე კონკურენტუნარიან ძალად გეჩვენებათ.

- ალასანია დღეს დასავლეთისთვის არის შესაძლო რეალური ალტერნატივა, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს სააკაშვილი. ნუ დავკარგავთ ამ ალტერნატივას. დასავლეთი ლევან გაჩეჩილაძეს არასდროს მიიჩნევდა ალტერნატივად. გაჩეჩილაძეს მართალია, ბევრი ვუჭერდით მხარს, მაგრამ დასავლეთისათვის ის ყოველთვის მიუღებელი იყო.

"ალიანსის" არსებობა ჩვენს ხელისუფლებას ყელში აქვს გაჩხერილი. ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს პროდასავლური ოპოზიცია. ლევან გაჩეჩილაძე ბევრს მოიგებს, თუ ჩამოშორდება ნოღაიდელის გარშემო შექმნილ კონგლომერატს და მხარს დაუჭერს პროდასავლურ ძალებს.

P.S ინტერვიუ უკვე ჩაწერილი გვქონდა, რომ ტელეკომპანია "იმედზე" გასულმა შემაძრწუნებელმა სიუჟეტმა გადაცემაში "სპეციალური რეპორტაჟი" მორიგი ომის დაწყება გვამცნო, - თითქოსდა რუსული ტანკები უკვე თბილისისკენ მოემართებოდნენ. ამ სიუჟეტმა მთელი საქართველო შოკში ჩააგდო.

ამასთან დაკავშირებით ლადო პაპავას კომენტარი ვთხოვეთ:

- ამგვარი ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ეს არის ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. აუცილებლად უნდა დადგეს როგორც ამ გადაცემის მესვეურთა და "იმედის" ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის, ასევე "იმედისთვის" ლიცენზიის ჩამორთმევის საკითხი.

ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმ განწყობის შექმნას, რომ ოპოზიცია არის პრორუსული და გათვალისწინებული იყო საზოგადოებაზე ერთგვარი ფსიქოლოგიური გავლენის მოსახდენად.

ხათუნა ჩიგოგიძე