"ჩვენ ვართ მშიერი და გადაღლილი ხალხი"
29-02-2016
"ჩვენ ვართ მშიერი და გადაღლილი ხალხი"
"ღმერთმა არ ქნას, მოლაპარაკება არ შედგეს... შეიძლება აქცია უმართავ პროცესებში გადაიზარდოს"

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ტყიბულის შპს "საქნახშირის" ("ჯი-აი-ჯი ჯგუფის") მუშების გაფიცვამ მწვავე ხასიათი­ მიიღო. ისინი ხელფასების 40%-ით გაზრდას და შრომისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. რატომ ვერ მოხერხდა სიტუაციის განმუხტვა და რამ გააღიზიანა გაფიცულები? "კვირის პალიტრამ" ვითარების გარკვევა სცადა.

რუსლან ბუცხრიკიძე, მეშახტე:­
- მოთხოვნათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი ხელფასის მომატებაა. ველოდით, რომ ამ ხნის განმავლობაში მთავრობა­ და "ჯი-აი-ჯი ჯგუფი" რაღაც
რეალურს შემოგვთავაზებდნენ, მაგრამ მათგან დამცინავი წინადადება მოვისმინეთ - ხელფასის მხოლოდ 5%-ით­ გაზრდას დათანხმდნენ. ჩვენ ვართ მშიერი და გადაღლილი ხალხი, ჩვენი მოთმინების ფიალა აივსო, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს.

- ხელფასების 5%-ით გაზრდა არაადეკვატურად რატომ მიიჩნიეთ?
- ისინი ამას სთავაზობენ მხოლოდ 1100 თანამშრომელს (ვისაც მძიმე პირობებში უხდება
მუშაობა). მათ უმრავლესობას ხელფასის 5%-ით გაზრდის შემთხვევაში 10-15 ლარი უნდა მოემატოს. შახტში მომუშავეთათვის ფიქსირებული ხელფასები 200-250 ლარით იწყება,
სანგრის მუშას კი (როგორიც მე ვარ), ვისაც ყველაზე­ მძიმე პირობებში უხდება მუშაობა, 750 ლარი აქვს ხელფასი, ესე იგი, მხოლოდ 37 ლარითა და 50 თეთრით უნდა მომემატოს ხელფასი. ეს დაცინვაა!

მას შემდეგ ლარი გაუფასურდა, ხელში კი ვალები შეგვრჩა. ხუთი წელია, შახტში ვმუშაობ და კვირა არ გაივლის, მსუბუქი დაზიანება არ მივიღო; წელი არ გაივლის, ვინმეს სიკვდილის ან დახეიბრების თვითმხილველი არ გავხდე. ამას იწვევს ის, რომ ელმავლის გასაკეთებელ საქმეს ხელით ვაკეთებთ­. ხელმძღვანელობა თავის წილ მოგებას იღებს და ჩვენი მდგომარეობა არ აინტერესებს. არც ჩვენ გვიხარია სიცივეში გარეთ გდება­ და შიმშილი... ჩვენი ოჯახების წევრები - მათ შორის ბავშვები და ქალებიც - ჩვენ გვერდით არიან. ბავშვებმა სკოლაში სიარული შეწყვიტეს.

- შახტის ადმინისტრაციის შენობა რატომ დაიკავეთ?

- ეს ყურადღების მიქცევის მიზნით გავაკეთეთ. არავის მიზანი არ ყოფილა შენობის დაზიანება ან ისეთი რამის ჩადენა, რაც სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდებოდა.

- რას აპირებთ, თუკი თქვენი­ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება?

- შეიძლება, აქცია უმართავ პროცესებში გადაიზარდოს. ვიმეორებ: გაფიცული არიან ადამი­ანები, რომლებსაც ოჯახის გამოკვებაც კი აღარ შეუძლიათ. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სოლიდარობას გვიცხადებს,­ ბევრი მოდის და მორალურ მხარდაჭერას გვიდასტურებს­. ღმერთმა ნუ ქნას, მოლაპარაკება არ შედგეს და შესაფერისი წინადადება არ მივიღოთ! რადგან შექმნილი მდგომარეობა კარგ შედეგს არავის მოუტანს.

თამაზ დოლაბერიძე, საქ­ართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშათა პროფკავშირის თავმჯდომარე: - ვთვლით, რომ კომპანიამ უნდა შეასრულოს ის პირობები მაინც, რაც 2011 წელს წერილობითი შეთანხმებით იკისრა. რამდენიმე პუნქტი მართლაც შეასრულა, თუმცა, ოთხი მთავარი პუნქტი ისევ შეუსრულებელია. მათგან პირველი შრომის უსაფრთხოების მონიტორინგის ორმხრივი საბჭოს შექმნაა, მეორე - სადღესასწაულო დღეებში მუშაობისთვის გაზრდილი ტარიფის დაწესება, მესამე - კოლექტიური ხელშეკრულების დადება პროფკავშირთან; მეოთხე - კომპანიას 2011 წლიდან მოყოლებული, ყოველ წელს ხელფასების ინდექსაცია უნდა განეხორციელებინა. ამ ბოლო პუნქტის შესრულების შემთხვევაში შახტში მომუშავეთა იმდროინდელი ხელფასი 15%-ით უკვე გაზრდილი უნდა ყოფილიყო. ასე რომ, კომპანიას გამოსავლის პოვნის გასაღები ჯიბეში უდევს - მან მეშახტეთა ხელფასი 15%-ით მაინც უნდა გაზარდოს, რასაც ჯერჯერობით არ აკეთებს.

- 15%-ით ხელფასების გაზრდას გაფიცულები დათანხმდებიან?

- დათანხმდებიან, თუ კომპანიის წარმომადგენელი მათ აუხსნის, რა რისკთან არის დაკავშირებული ამ ეტაპზე ხელფასების 40%-იანი მატება და ანაზღაურების მომატებას სამომავლოდაც დაჰპირდება... ბოლო წლების განმავლობაში შახტში ძალიან გაიზარდა როგორც სიკვდილიანობის, ასევე ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მაჩვენებელი.

- თქვენი ინფორმაციით, რა იწვევს ადამიანების სიკვდილს და მძი­მე დაზიანებებს?
- ძირითადი მიზეზებიდან ორს გამოვყოფ. პირველია მეთანის აალება, მეორე კი - სარკინიგზო ხაზების გაუმართაობა. ვაგონსა და ვაგონს შორის არაერთხელ მოყვა ადამიანი, ელმავალმა რამდენიმე მუშა კედელს მიასრისა ან დაეჯახა ადამიანს, ეს კი იმიტომ მოხდა, რომ იმ ადგილზე განათება არ იყო. იყო შემთხვევა, როცა ელმავლიდან გადმოსული მუშა დენმა იმსხვერპლა.
ნინო ჯორბენაძე, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ადმინისტრაციული დირექტორი (აღნიშნული ჯგუფის შვილობილი კომპანიაა შპს "საქნახშირი"): - თანახმა ვართ, ხელფასის გაზრდის საკითხი განვიხილოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კომპანიისთვის დიდი ფინანსური დარტყმა იქნება. ჯერჯერობით ვერ დაგიზუსტებთ, რამდენი პროცენტით გაეზრდებათ თანამშრომლებს­ ხელფასი. იმედი გვაქვს, რომ გაფიცვა უახლოეს ხანში შეწყდება.

უბედური შემთხვევები შახტში


ტყიბულის შახტში 2013 წლის 13 ივნისს შპს "ქვანახშირის" მუშა ზურაბ ჯაფარიძე დაიღუპა. ქვანახშირით დატვირთულ ვაგონი რელსიდან გადავარდა. ჯაფარიძე შეეცადა ჩავარდნილი ვაგონის ჩახსნას, მაგრამ ვაგონებს შორის მოყვა და თავის არეში სასიკვდილო ტრავმა მიიღო. 2013 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა შპს "საქნახშირის" მუშა ლევან ნეფარიძე. უბედური შემთხვევა სამთო დარტყმის შედეგად სამთო მასის ჩამოშლამ გამოიწვია.

2014 წლის 28 იანვარს შპს ,,საქნახშირის" მაღაროს დირექტორის მოადგილე, 51 წლის ტარიელ ქასრაშვილი ვაგონებს შორის მოყვა, რის შედეგადაც თავის ქალა დაუზიანდა და გარდაიცვალა. 2014 წლის 9 ივნისს ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს საწარმოო უბანში სამთო მაშველებისა და მაღაროელების ჯგუფი აწარმოებდა ნახშირის ფენებში წარმოქმნილი ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს. მუშაობის დროს აალებულ უბანში ნახშირის ფენები ჩამოიშალა და გვირაბში ცხელი ჰაერის მასები გავრცელდა. შვიდმა ადამიანმა ხელების მძიმე დამწვრობა მიიღო.
2015 წლის 21 თებერვალს მინდელის სახელობის მაღაროში სატრანსპორტო უბნის სამთო ოსტატი კოტე ბახუტაშვილი დაიღუპა. იგი დატვირთულ მოძრავ ვაგონებსა და გვირაბის კედელს შორის მოყვა და გაისრისა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით