"დანაშაული არც მე და არც თავდაცვის მინისტრს არ ჩაგვიდენია"
29-02-2016
"დანაშაული არც მე და არც თავდაცვის მინისტრს არ ჩაგვიდენია"
საგარეჯოში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რაშიც ბრალს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ვდებ. ხიდაშელმა ხომ გადაიყვანა კადრების განკარგულებაში ის სამხედრო პირები, რომელთა ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება, ახლა თავადაც გადადგეს გამოძიების დასრულებამდე

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" თავმჯდომარის, ეკა გიგაურის მოთხოვნის საფუძველზე, საგარეჯოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყება საქმეს 332-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. რატომ მოითხოვა არჩევნების საკითხის გამოძიების დაწყება, ამ კითხვაზე
კონკრეტული პასუხი ეკა გიგაურისგან ვერ მოვისმინეთ. როგორც მან განგვიმარტა, რესპუბლიკელების ნერვიულობაზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა "საერთაშორისო გამჭვირვალობას" ასე მიმართა: "გამჭვირვალობამ" თქვა, რომ რაკი თოფაძე ამბობს, საქმე უნდა აღიძრასო, ერთი საათის შემდეგ კი პროკურატურა, რომელიც დიდი მეგობარი არ არის "გამჭვირვალობის", მაგრამ
ამბობს, მომმართეს და ამიტომ საქმე უნდა აღვძრაო, იქნებ დაფიქრდეს "გამჭვირვალობა", რატომ გაუჩინეს მას ეს მოულოდნელი ინტერესი, რომ თოფაძის ნალაპარაკებზე საქმე უნდა ყოფილიყო აღძრული". რა მოლოდინი აქვთ რესპუბლიკელებს გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით, "კვირის პალიტრა" საგარეჯოს მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს თამარ ხიდაშელს დაუკავშირდა:

- ჩემი მოლოდინი ერთადერთია - გამოძიება მალე უნდა დამთავრდეს. შედეგი კი, უკვე კარგად ვიცი, დანაშაული არც მე და მით უმეტეს არც თავდაცვის მინისტრს არ ჩაგვიდენია. ამ ვითარებაში ჩემთვის მოულოდნელი "საერთაშორისო გამჭვირვალობის" პოზიცია გახდა.
ეკა გიგაურს დიდ პატივს­ ვცემ და მის ორგანიზაციასთანაც აქტიურად ვთანამშრომლობ, თუმცა, ვერ ამიხსნია, რატომ მოითხოვა პროკურატურისგან საქმის გამოძიება? მას ინფორმაციის მოპოვება მარტივად შეეძლო, კანონიერი იყო თუ არა სპეცუბნის შექმნა, პირადად მეც მზად ვიყავი, ნებისმიერი კითხვისთვის ამომწურავი პასუხი გამეცა.

- რა შედეგით შეიძლება გამოძიება დასრულდეს ან რამდენად დიდია­ ალბათობა, პროკურატურამ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვოს?

- საერთოდ არ მაქვს მსგავსი ვერსიები. ვიმეორებ, დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ვისი ბრალეულობა უნდა გამოავლინოს ან გადადგომა მოითხოვოს პროკურატურამ?! რესპუბლიკელები გამოძიების დასრულებას მშვიდად და აუღელვებლად დაველოდებით.

პრემიერ-მინისტრს თინა ხიდაშელის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებს "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამორიცხავს,­ თავდაცვის მინისტრმა სამხედროებზე ზეწოლა განახორციელოს: "გამოძიების პარალელურად, პრემიერმა თინა ხიდაშელი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს. ეს გამორიცხავს თავდაცვის მინისტრის მხრიდან სამხედრო პირებსა და სხვა მოწმეებზე ზეწოლის შესაძლებლობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზეწოლა გარდაუვალი იქნება. თინა ხიდაშელს კი ვურჩევ, თავი დაანებოს ე.წ. ვექტორებზე ლაპარაკს და ნუ ცდილობს, ვექტორებით პასუხისმგებლობისგან გაქცევას.
საგარეჯოში ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რაშიც ბრალს თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ვდებ. ხიდაშელმა ხომ გადაიყვანა კადრების განკარგულებაში ის სამხედრო პირები, რომელთა ირგვლივ მიმდინარეობს გამოძიება?! ვგულისხმობ, აფრიკაში, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ქართველი ჯარისკაცების შესაძლო მონაწილეობის თემას. ახლა თავადაც გადადგეს გამოძიების დასრულებამდე. მით უმეტეს, რომ პროკურატურას მისი დაკითხვაც მოუწევს.
პროდასავლურობაზე მოსაუბრე ხიდაშელს არ უჩნდება კითხვა, როგორ მოხდა, რომ ჯარის 100%-მა ხმა მისცა სახელისუფლებო კანდიდატს და ხმა არ მისცა ერთმა ჯარისკაცმაც კი აფხაზეთის ომის ვეტერანს, ჩემი სახით. როგორ მოხდა, რომ არჩევნებამდე 10 დღით ადრე ჯარის დისლოკაციის ადგილის შეცვლა დაიწყო? - ამ კითხვებზე პასუხს გამოძიებისგან ველოდები."

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით