რა გახდა აფეთქების მიზეზი ვაჟა-ფშაველაზე... - კვირის პალიტრა

რა გახდა აფეთქების მიზეზი ვაჟა-ფშაველაზე...

"ზაკაევის ძმას 200 ათასამდე დოლარის ვალის გადახდა შეახსენეს"

ჯერ იყო და ჩეჩნეთის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, აჰმად ზაკაევის მეგობარი საიდ ჰუსეინ ტაზბაევი თბილისის შუაგულში გაიტაცეს... ახლახან კი ვაჟა-ფშაველას #47-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის წინ აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ფანჯრის მინები და იქვე მდგარი რამდენიმე ავტომანქანა დაზიანდა.

ხოლო ჩეჩენი ეროვნების რუსლან პაპასკირმა (მეტსახელად "ზონამ") მსუბუქი დაზიანება მიიღო, რომელიც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რა აკავშირებს ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან, "კვირის პალიტრა" სწორედ ამის გარკვევას შეეცადა.

ერთ-ერთი ვერსიით, "ზონა", ისევე როგორც ტაზბაევი, უპირისპირდება ჩეჩნების ერთ-ერთ ჯგუფს, რომლის წევრებიც თავს წინააღმდეგობის მებრძოლთა წარმომადგენლებად ასაღებენ. არაოფიციალური ინფორმაციით, "ზონას" აფეთქება მაშინ მოუწყვეს, როცა ის საცხოვრებელ კორპუსში შედიოდა. ჯერჯერობით უცნობია, როდის გახდა  "ზონა" გვარად პაპასკირი... როგორც, მისმა მეუღლემ, ქალბატონმა ლარისამ გაზეთ "ყველა სიახლესთან" საუბრისას განაცხადა, საქართველოში რუსლანს მტერი არ ჰყოლია, ჩეჩნეთში კი ისინი დიდი ხანია არ ყოფილან... ირკვევა ისიც, რომ  პაპასკირები სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობით ყოფილან დაკავებული.  მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილმა საინტერესო  ინფორმაცია მოგვაწოდა.

- ჩემი ვერსიით ყველაფერი ასლან მასხადოვის პერიოდიდან დაიწყო. მისი პრეზიდენტობის დროს ქართველ და ჩეჩენ ბიზნესმენებს მოჰქონდათ ნავთობი სარეალიზაციოდ. ამ შემთხვევაში ჩეჩენი ბიზნესმენები ოფიციალურ გროზნოსა და ქართულ მხარეს შორის შუამავალ რგოლს წარმოადგენდნენ. მერე, როცა მეორე ომი დაიწყო,  ქართველმა ბიზნესმენებმა "გადააგდეს" ჩეჩენი ბიზნესმენები, ნავთობში ფული არ გადაიხადეს. ყველას ეგონა, რომ ამ ვალებს ომი ჩამოწერდა... რამდენადაც ვიცი, ჩეჩნების ძალიან სერიოზულმა შემადგენლობამ ე.წ. მოკვლევა ჩაატარა და ქართველების "კომპანიონი" ჩეჩნები მიიწვია, აღიარებინა ვალი და მისცა ვადა ფულის დაბრუნებისთვის. ეს ვალი ტყეში გასულ კანონიერი ხელისუფლებისთვის უნდა გადაიხადონ.

ზუსტად არ ვიცი ციფრები, მაგრამ დაახლოებით ლაპარაკია 4-დან 10 მლნ დოლარამდე ღირებულების პროდუქციის რეალიზაციაზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვალის გადახდა ქართულ სახელმწიფოს ეკისრება. ყველამ კარგად იცის, 1997 წლიდან 2003 წლამდე საქართველოში ნავთობპროდუქტების ვაჭრობით ვინ იყო დაკავებული. შეგვიძლია გავიხსენოთ: ვანო ჩხარტიშვილი, ნუგზარ შევარდნაძე, რუდიკო გოგუაძე, ანტონ ინგოროყვა და ა.შ.

- ტყეში გახიზნულებიდან რომელ ჩეჩენ ბიზნესმენებს მოსთხოვეს პასუხი და იყო თუ არა მათ შორის ზაკაევის ძმა?

- მე ამ ბიზნესმენებს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ზაკაევის ძმა პირველად გამოჩნდა ამ საქმეში, როდესაც  ტყეში გასულმა ჩეჩნეთის ხელისუფლებამ ბიზნესმენები დაიბარა და ვალის გადახდა მოსთხოვა. სადღაც 200 ათასამდე  დოლარი ზაკაევის ძმის გადასახდელად მიიჩნიეს... სხვათა შორის, ამასაც  მოჰყვა შემდეგ ახმედ ზაკაევის გააქტიურება დოკუ უმაროვის წინააღმდეგ. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ავიწყდებათ  ქართველ ან ჩეჩენ ბიზნესმენებს, რომ დოკუ უმაროვი დღეს ლეგიტიმური პრეზიდენტია  და მის გარშემომყოფთ ვალების მოთხოვნის უფლება აქვთ.

"ზონასთვის" აფეთქებების მოწყობა ამ დავის გაგრძელებად მიმაჩნია. ამ პერსონას მართლაც არ ვიცნობ, თუმცა ვფიქრობ, ის ზაკაევის ძმისა და მოვალე ჩეჩენი ბიზნესმენების მარაქაში უნდა ყოფილიყო. ვალის თემის პარალელურად, ზაკაევისადმი შურისძიებასაც არ გამოვრიცხავ. ჩეჩნების ერთი ჯგუფი აცხადებს, რომ ზაკაევს არ აპატიებენ დოკუ უმაროვზე ისეთი საეჭვო დეტალების გახმაურებას, რომელიც სიმართლეს არ შეეფერებოდა. ზაკაევმა თქვა, - პირველი ომის დროს დოკუ უმაროვი თავში დაჭრილი როცა იყო, სამხედრო ჰოსპიტალში რუსები მკურნალობდნენო.

ჩვენი ორგანიზაცია ასეთ საქმეებში არასოდეს ჩარეულა, მაგრამ ვინაიდან ძალზე გამწვავდა ვითარება, ჩვენი დამოკიდებულება უნდა გამოვხატო ამ მოვლენის მიმართ. მოვუწოდებ დაპირისპირებულ მხარეებს, - საქართველოს ფარგლებს გარეთ გაარკვიონ ურთიერთობა!  გარდა ამისა, ახლახან დოკუ უმაროვმა  გაავრცელა განცხადება, რომ აპირებს სერიოზული ფრონტის ხაზი გაშალოს რუსეთის ფედერალური ძალების წინააღმდეგ კრასნოდარიდან ასტრახანამდე.

ასე რომ, ამ პერიმეტრზე ვითარების დაძაბვას გაზაფხულიდან უნდა ველოდოთ. არ ვიცით, რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე და ამიტომ ჩვენს ტერიტორიაზე ჩეჩენთა დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებები და საქმის გარჩევები ახლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება...