დიდი დაშოშმინება - "იყო საკითხები, რაშიც პრემიერი არ დაგვეთანხმა"
07-03-2016
დიდი დაშოშმინება - "იყო საკითხები, რაშიც პრემიერი არ დაგვეთანხმა"
გიორგი ვოლსკი: "ეს შეთანხმება საარჩევნო კვოტებს არ ითვალისწინებს"

"ვისაუბრეთ იმ საკითხზეც, თუ რა შენიშვნები ჰქონდა პრემიერს ხიდაშელის მიმართ"



რესპუბლიკელებისა და "მრეწველების" ლიდერ გოგი თოფაძის დაპირისპირებამ იმ წერტილს მიაღწია, რომ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ჩარევა გახდა საჭირო. დებატების დაუსრულებლად გაგრძელების შემთხვევაში, პრემიერი "შესაძლო ცვლილებებითაც" დაიმუქრა. კანცელარიაში საგანგებო შეხვედრის დასრულებამდე, მოლოდინიც კი გაჩნდა, რომ რესპუბლიკელები კოალიციას დატოვებდნენ, თუმცა, როგორც გაირკვა, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დეტალები დაზუსტდა, მათ შორის ე.წ. ორპარტიული შეთანხმებაც. პრემიერთან საუბრის დეტალებს შეხვედრის
მონაწილე, რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი გვიმხელს:

- შეხვედრა კორექტული საუბრით დაიწყო და დასრულდა - ერთ მხარეს პრემიერი იჯდა, მეორე მხარეს - ოთხი რესპუბლიკელი: მე, თინა ხიდაშელი, დავით­ უსუფაშვილი და პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. როგორც მოვისმინეთ, გიორგი კვირიკაშვილი "ქართული ოცნების" მნიშვნელოვნად განახლებას გეგმავს და სტრატეგიულ საკითხებზე მჭიდრო
თანამშრომლობას რესპუბლიკელებთან აპირებს.

- სწორედ "სტრატეგიული თანამშრომლ­ობის" ხაზგასმა გახდა ბევრისთვის გაუგებარი.
- სტრატეგიული თანამშრომლობა ორპარტიულ შეთანხმებას გულისხმობს, სადაც ქვეყნის განვითარების ხედვები შეთანხმდება. მაგალითად, თვითმმართველობის საკითხი დღეს დამუხრუჭებულია. ხომ უნდა განვსაზღვროთ, როგორ წარმოგვიდგენია თვითმმართველობის განვითარება? ამასთან, მართალია, ევროატლანტიკური კურსი დეკლარირებულია, მაგრამ მმართველ კოალიციაში ამ მიმართულებით კითხვის ნიშნის დასმის შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს.
"ქართული ოცნება" კოალიციაში­ რიგით პირველი პარტიაა, მას პრემიერი ხელმძღვანელობს, მეორე კი ჩვენ ვართ. პასუხისმგებლობაც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს.

- კოალიციაში პოლიტიკური ნუმერაცია რა პრინციპით განსაზღვრეთ?
- ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერმინებია - რესპუბლიკელები კოალიციაში გავლენით მეორე პარტიას წარმოვადგენთ, მთავრობაში მინისტრებით ვართ წარმოდგენილნი, პარლამენტშიც მნიშვნელოვან პოზიციებს ვიკავებთ.

- პრემიერმა განცხადებაში თინა ხიდაშელს მიუთითა, რომ ის პირველ რიგში თავდაცვის­ მინისტრია და არა პარტიის ლიდერი. ამ საკითხზე კვირიკაშვილთან არ გისაუბრიათ?
- რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ. უკიდურესად მცდარია, როდესაც ვამბობთ, რომ მინისტრები მთავრობაში მხოლოდ საკუთარი კვალიფიკაციის და არა პოლიტიკური კუთვნილების გამო არიან. თინა ხიდაშელი რესპუბლიკელი მინისტრია, ისევე როგორც კახი კალაძეა პარტია "ქართული ოცნების" მინისტრი. დეკლარირებულია, რომ კვირ­იკაშვილიც პარტიის თავმჯდომარე იქნება და შეხვედრაზეც სწორედ­ პარტიის ლიდერს ვესაუბრეთ. ასეთ ვითარებაში ნომერ პირველმა და მეორე პარტიამ თუ პასუხისმგებლობები მკაფიოდ გაარკვიეს, ეს ქვეყნის მართვას ეფექტურს გახდის. პრემიერთან შეხვედრაზე ბევრ საკითხზე შევთანხმდით. იყო საკითხები, რაშიც კვირიკაშვილი არ დაგვეთანხმა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არ ვისაუბრებ, ყველა დეტალს ვერ გავახმაურებ.

- რატომ დადგა მსგავსი შეხვედრის აუცილებლობა დღის წესრიგში?
- კვირიკ­აშვილის განცხადებამ ობიექტურად შეუწყო ხელი რესპუბლიკელებსა და პრემიერს შორის მეტი შეთანხმების მიღწევას.
პარტია "ქართულ ოცნებასა" და რესპუბლიკელებს შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა - ჩვენი პარტიული სტრუქტურა ბევრად გამართულად მუშაობს და გამოცდილებაც დიდი გვაქვს. შეთ­ანხმებულად ვმოქმედებთ, "ქართულ ოცნებაში" კი პრემიერი სხვა კილოთი გვესაუბრება, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე კი განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებს. მისგან მოვისმინეთ, რომ თურმე პარტია მზად არის არჩევნებში დამოუკიდებლად გავი­დეს, მაგრამ კოალიციის დაშლას მაინც არ ემხრობა, ამასთან, "ქართული ოცნების" დეპუტაციის ნაწილი ნიშნის მოგებითაც კი ამბობდა, აბა, რა ეგონათ რესპუბლიკელებსო. ამ ტექსტით პოლიტიკურ პარტნიორს არ უნდა ელაპარაკო, მით უმეტეს, როდესაც­ შენი პარტიის ლიდერი განსხვავებულ განცხადებებს აკეთებს.

- საინტერესოა, თუ "ქართული ოცნება"­ თვისებრივად არ განახლდა, მით უმეტეს, ამ კონფლიქტის ფონზე, კოალიციაში საკუთარ ადგილს თუ ხედავთ?
- ჩვენთვის პრობლემა არ არსებობს და განახლებულ "ქართულ ოცნებასთან" ვითანამშრომლებთ. ვის მოიაზრებს საკუთარ­ პარტიაში კვირიკაშვილი, ეს მისი პასუხისმგებლობის სფეროა. შეხვედრაზე ამ საკითხზე არც გვისაუბრია. როგორც ჩანს, "ქართულმა ოცნებამ" პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო და მისთვის­ ყველაზე ახლობელ პარტიასთან ორპარტიული შეთანხმების გაფორმებაზე თანახმაა. მან გვითხრა, რომ ამ შეთანხმებას კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების დასტურიც სჭირდება...

"დაპირისპირება ზღვარს გასცდა"
"ქართულ ოცნებასა" და რესპუბლიკელებს შორის ორპარტიულ შეთანხმებაზე­ ინფორმაცია არა აქვს "ნომერი პირველი" პარტიის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვოლსკის, თუმცა გამორიცხავს, რომ პრემიერთან შეხვედრაზე კვოტების საკითხი შეთანხმებულიყო:
- რესპუბლიკელებისა და "მრეწველების" გამონათქვამები თავიდანვე უსიამოვნო იყო, მაგრამ პოლიტიკაში მსგავსი პრობლემები ხშირად არის. ვფიქრობ, კარგ ადამიანურ ურთიერთობებს საქმეშიც პოზიტიური ეფექტი აქვს, მაგრამ რას ვიზამთ, დაპირისპირება ზღვარს გასცდა...

- მომავალში როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება?

- მისასალმებელია, მაგრამ არ არის აუცილებელი, კოალიციაში გაერთიანებულ ყველა პირს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეს. ბუნებრივია, არსებობს ალბათობა, რომ წინასაარჩევნოდ ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდება, მაგრამ არა მგონია, ეს დამაზიანებელი იყოს - ალბათ, საზოგადოებაც შეეჩვია, რომ კოალიცია ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული პოლიტიკური ძალა არ არის. საარჩევნო სიების შეთანხმება მთელ მსოფლიოშიც ვნებათაღელვასთან არის დაკავშირებული...

- თუ რესპუბლიკელების მსგავსად ორპარ­ტიული შეთანხმების გაფორმება კოალიციის სხვა სუბიექტებმაც მოითხოვეს, თქვენი პოზიცია როგორი იქნება?

- შეთანხმების სხვადასხვა ფორმა არს­ებობს, მაგალითად, კოალიციაში სოციალ-დემოკრატები კოალიციის წევრებად არ მოიაზრებიან, მაგრამ მათთან პოლიტიკური­ მემორანდუმი გავაფორმეთ. ამ პროცესში პოზიტიური ელემენტების დანახვაც შეგვიძლია.
მთავარია, რა ელემენტებით შეივსება დოკუმენტი - იმედია, რესპუბლიკელები დახვეწილ პროექტს წარმოადგენენ.

- ორპარტიული შეთანხმება ნიშნავს თუ არა კვოტების თანაბრად გადანაწილებასაც?
- ეს შეთანხმება საარჩევნო კვოტებს არ ითვალისწინებს, დეტალებს, ალბათ, თავად რესპუბლიკელები გაასაჯაროებენ.

- პრემიერმა "ქართული ოცნების" განახლებაც დააანონსა.
- წინასაარჩევნოდ პარტიები ყოველთვის სიახლეებისკენ ისწრაფვიან და ამაში გასაოცარი არაფერია...


"რესპუბლიკელები გადამეტებული ამბიციებით გამოირჩევიან"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი: "ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტისთვის­ ამოსავალი წერტილი ამომრჩევლისთვის ერთიანობის დემონსტრირება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებაში ქაოსური განწყობები იქმნება და შედეგიც ყოველთვის უარყოფითია. ერთიანობის შესაქმნელად კი, პირველ რიგში, კოალიციის "გაწმენდაა" საჭირო... ფაქტია, რომ დღეს რესპუბლიკელები გადამეტებული პოლიტიკური ამბიციებით გამოირჩევიან, რაც პირველ რიგში პარტია "ქართული ოცნების" დამსახურებაა. ამ პარტიამ სტრუქტურულად ჩამოყალიბება ვერ შეძლო, რასაც რესპუბლიკელები ყველაზე კარგად გრძნობენ.
ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება, თუ კვირიკაშვილი პარტია "ქართულ ოცნებას" გააძლიერებს, რაც კოალიციაში ძალთა ბალანსს შექმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევანი დადგება ნაკლებად ერთგულ რესპუბლიკურ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის, რომელთა შორის სრულიად გაუგებარი და მიუღებელი სუბიექტები დარჩებიან "მრეწველების" სახით. ამ ეტაპზე ფაქტია, რომ რესპუბლიკელები კოალიციის მთლიან ნაწილად თავს აღარ აღიქვამენ და მხოლოდ ორი კონკრეტული პარტიის საერთო ინტერესების თანხვედრას ახდენენ. ეს რესპუბლიკელების კოალიციისგან მეტ დისტანცირებას გამოიწვევს. ისინი, დიდი ალბათობით, კიდევ უფრო ნაკლებად ერთგული პარტნიორები გახდებიან "ქართული ოცნებისთვის".

"რა ჩაიწერება დოკუმენტში, რამდენიმე ადამიანმა იცის"


სოსო ვახტანგიშვილი, "ეროვნული ფორუმი": "კოალიციაში არსებული დაპირისპირება გაერთიანებისთვის დამაზიანებელია... რაც შეეხება "ფორუმის" პოზიციას, დეტალებს გავარკვევთ, რაზე თანხმდებიან ორი პარტიის წარმომადგენლები, რადგან, როგორც აღმოჩნდა, ის არა მხოლოდ ჩვენთვის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარისთვისაც კი უცნობი ყოფილა...
იდეის დონეზე ამ საკითხის განხილვა იყო, მაგრამ დღეს რა ჩაიწერება დოკუმენტში, მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის. საერთოდ, "ფორუმს" არასდროს არაფერი მოუთხოვია და ხედავთ, სამთავრობო ბლოკიც როგორ დაკომპლექტდა. 2012 წელს ჩვენი მიზანი "ნაციონალების" მოშორება იყო, ახალ რეალობაში კი სხვა გამოწვევების წინაშე დავდექით".

"არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ პრემიერმა რესპუბლიკელებს გარანტია მისცა"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი: "კოალიციაში დაძაბული ვითარების განსამუხტად გიორგი კვირიკაშვილმა უდავოდ პოზიტიური როლი ითამაშა, თანაც, არ დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ პრემიერმა შეთანხმებაზე ხელმოწერის გარანტია მისცა რესპუბლიკელებს. ზოგადად, რესპუბლიკელების მიერ წამოყენებული შეთანხმება კოალიციაში მეტ პრობლემას შექმნის. თუ მსგავსი შეთანხმება გაფორმდა, ანალოგიური სურვილი კოალიციის სხვა პარტიებსაც გაუჩნდებათ, ხუთი პოლიტიკური ძალის პრეტენზიების შეჯერება კი აბსოლუტურად წარმოუდგენელია.

საერთოდ, მსგავსი გარჩევები კოალიციას ბევრ ენერგიას ართმევს, მით უმეტეს, ისეთი მძიმე არჩევნების წინ, როგორიც ოქტომბერში გველოდება. ისიც ვერ წარმომიდგენია, როგორ დაცხრება რესპუბლიკელებსა და "მრეწველებს" შორის კონფლიქტი, როცა მათ შორის უზარმაზარმა შავმა კატამ გაირბინა. შიდა აფეთქებების დაცხრობის პარალელურად, კვირიკაშვილმა ეფექტური წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვა როგორ უნდა მოახერხოს? თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა პოლიტიკურმა გარჩევებმა და ვაჭრობამ თავად კოალიცია დააზარალოს, რისი გამოსწორებაც შემდეგ "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება".

"პარტიების რიგითობა არავის განუსაზღვრავს"


ზურაბ ტყემალაძე, "მრეწველების" ლიდერი:
"ჩემთვის უცნობია რესპუბლიკელებთან რა ტიპის შეთანხმება უნდა გაფორმდეს, მაგრამ როგორც შევიტყვე, პროცესი სექტემბრისთვის იგეგმება. ვფიქრობ, ამით არაფერი იცვლება, არჩევნების წინ საარჩევნო ბლოკი ისედაც თანხმდება ბევრ საკითხზე და წესდებაც კონკრეტულად განისაზღვრება. რაც მთავარია, არ ვიცი, რესპუბლიკელები რა კრიტერიუმებით განსაზღვრავენ, რომ კოალიციაში ნომერ მეორე თუ მეთორმეტე პარტიას წარმოადგენენ. 2012 წელს ყველამ ერთად გავაფორმეთ წესდება, სადაც პარტიების რიგითობა არავის განუსაზღვრავს. რაც შეეხება რესპუბლიკელებთან თანამშრომლობას, პრემიერის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, დანარჩენზე კი პოლიტსაბჭოს დანიშვნის შემდეგ ვისაუბრებთ".

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით