"ნაცმოძრაობაში" ახლა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობაში" ახლა ძაღლი პატრონს ვერ ცნობს"

"ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. "ნაცმოძრაობაში" ახლა ბრძოლა მიმდინარეობს სავარძლებისთვის - მაქსიმუმ 10-15 ადგილი შეიძლება მიიღონ პარლამენტში."

გასულ კვირას ექსპრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის შეხედულებები საზოგადოების განსჯის საგანი გახდა. ანდრო ბარნოვი კასპის რაიონული ორგანიზაციიდან მიხეილ ბექაურის წასვლას გამოეხმაურა:

"მიშამ კასპში პარტია ჩაიბარა მაშინ, როცა იქიდან ყველა გარბოდა. კასპის ორგანიზაცია, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა. ის კი იქ საკუთარი ინიციატივით მივიდა, მარტომ ათრია იმ დრომდე, ვიდრე პირდაპირი დევნისა და დაშინების საფრთხეები გადაივლიდა. ამ კაცმა და მისნაირებმა გადაარჩინეს პარტია, რომელმაც ისინი "გამოდარებისთანავე" გარიყა". ამ განცხადების შემდეგ ანდრო ბარნოვი თავდასხმის ობიექტი გახდა და მას ახსნა-განმარტებების გაკეთებაც კი მოუხდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ "ნაცმოძრაობის" დუშეთის პარტიული ორგანიზაცია რეზიკო ოთარაშვილმაც დატოვა. მან "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნა:

ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. "ნაცმოძრაობაში" ახლა ბრძოლა მიმდინარეობს სავარძლებისთვის - მაქსიმუმ 10-15 ადგილი შეიძლება მიიღონ პარლამენტში. დიდი შანსია, ეს ადგილებიც ვერ მიიღონ. არ არის გამორიცხული, "ნაცმოძრაობიდან" წასულებმა ახალი პოლიტიკური ორგანიზაციაც შექმნან. პრობლემაა ისიც, რომ დაფინანსება საგრძნობლად შეუმცირდათ. ამიტომაც გაჩნდა რაიონულ ორგანიზაციებში პრობლემები. ფულს ვერ იღებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ფარული მხარდამჭერები იყვნენ. შემცირებული ფული მხოლოდ იმ 10-ოდე კაცზე ნაწილდება, რომლებიც "რუსთავი 2"-ის ეთერით "ნაცმოძრაობის" პოზიციებს ახმაურებენ. გაბაშვილების, რატიანის, ბაქრაძისა და სხვათა კლანი ერთმანეთს უპირისპირდება.

ახლა "ნაცმოძრაობაში" ძაღლი პატრონს ვერ ცნობს".

საინტერესოა, "ნაცმოძრაობიდან" წამოსულები ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩს" შეაფარებენ თავს თუ სხვა ძალის შექმნასაც უნდა ველოდოთ? "კვირის პალიტრას" "გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაჩიძე ესაუბრა:

- ანდრო ბარნოვს "გირჩთან" არავითარი კავშირი არა აქვს, თუმცა ჩვენს თანამოაზრედ მიიჩნიეს, რადგან მისი შეფასებები გარკვეულწილად ჩვენსას დაემთხვა. როცა მე "ნაცმოძრაობიდან" წამოვედი, მიზეზებიც განვმარტე, ახლა კი მართებულად არ მიმაჩნია, რომ ყოფილი პარტიის შიდა საქმეებზე ვილაპარაკო. თუმცა ვიტყვი, რომ "ნაცმოძრაობაში" ახალი ხალხის მიუღებლობის პრობლემა იყო და ამაზე სააკაშვილიც ღიად ლაპარაკობს. "ნაცმოძრაობაში" ხშირად გაიგონებთ, ჩვენი კარი ღიააო... სინამდვილეში, კარი კი აქვთ, მაგრამ ოთახი სავსეა და შიგ ვერ შეხვალ.

"ნაცმოძრაობაში" ყოფნისას ჩვენ ვამბობდით, ვინც თანამდებობებზე ვიყავით, განზე გავდგეთ და ახალი წევრების მოსვლას ხელი შევუწყოთ-მეთქი. მათი მოსვლა პოლიტიკურ თანამდებობებზე შეუძლებელი გახდა და ეს იყო ჩვენი წამოსვლის მთავარი მიზეზი. ახლა უკვე "გირჩის" ოფისში ხორცს ვასხამთ ჩვენს იდეას.

მე და პალიკო კუბლაშვილი აღარ ვაპირებთ დეპუტატებად კენჭისყრას. ზურაბ ჯაფარიძის გარშემო, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნით არ არის დამძიმებული და საუკეთესო ეკონომიკური ხედვებიც აქვს, შეიკრიბებიან ახალი სახეები, განსაკუთრებით - ახალგაზრდები.

- "ნაცმოძრაობის" ზოგიერთი მხარდამჭერი საარჩევნო სიაში სანდრა რულოვსისა და ანი ნადარეიშვილის შეყვანას ითხოვს...

- "ნაცმოძრაობის" საქმეა, ვის შეიყვანს სიაში და ვის არა...

- "ნაცმოძრაობას" "იდეების მოპარვაში" რატომ ადანაშაულებთ?

- სამი თვის წინ დავდეთ ჩვენი პროგრამა, რომლის მიდგომები ყველა მემარჯვენე ორიენტაციის პოლიტიკურმა პარტიამ უაპელაციოდ გამოიყენა. სახელმწიფომ რეესტრში გაუტარებელი მიწების დარეგისტრირება რომ დაიწყო, ჩვენ საგანგებო ბრიფინგი გავმართეთ და ხელისუფლებას გამოსავალიც შევთავაზეთ. რაიონებში გავედით, ხალხს ვესაუბრეთ და კანონპროექტიც მოვამზადეთ, თუ როგორ მარტივად უნდა მოხდეს მიწების რეგისტრაცია იმ გლეხებისთვის, რომლებიც, ფაქტობრივად, მას წლების განმავლობაში ფლობდნენ. ცოტა ხანში დათო ბაქრაძემ გაახმოვანა იგივე იდეა, შემდეგ კი "ნაცმოძრაობის" ახალი კანონპროექტი შევიდა პარლამენტში, რომლის თანაავტორებიც თურმე გიგი წერეთელი და გიორგი ღვინიაშვილი ყოფილან(?!). ამ კანონპროექტით იმავეს ამბობენ, რასაც ჩვენ და იდეების მოპარვა თუ არა, ამ ყველაფერს რა სახელი დავარქვა?!

"ასეთი პარტია უნამუსო და მატყუარაა, რომელსაც 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა, სხვა მიზანი არ ამოძრავებს"

"გავიყიდე რას ნიშნავს? რომ დავანებე ყველაფერს თავი, სოფელში წავედი და მარნის მოვლით დავკავდი, ამის გამო უნდა მაკადროთ, რომ "გავიყიდე?..

"ენმ" ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") უნდა გახსნილიყო ახალი ენერგიული ლიდერების მიმართ. ამის ნაცვლად ჩაიკეტნენ და ახალ ხალხს ყველა დონეზე დაუწყეს ბრძოლა. ის, ვინც ენთუზიასტი და "იდეის ტიპი" იყო, ჯერ გამოიყენეს, როგორც კი საფრთხემ გადაიარა, გვერდზე გასწიეს!..

ვისაც სახელმწიფოს ინტერესები აღელვებს, იმაზეც იფიქროს, როცა პარტია (თუნდაც 100 000 მყარი მხარდამჭერით) ცდილობს მხოლოდ ფონს გასვლას და არა ფართო მასებზე ზემოქმედებას, არც არაფერი აქვს სალაპარაკო და კონკურენტებს უნამუსოდ ჰპარავს მესიჯებს, მის წევრებს კი ოფისიდან გასვლა ეზარებათ. ასეთი პარტია მებრძოლი კი არა, უნამუსო და მატყუარა ბიუროკრატია, რომელსაც 15 კაცის პარლამენტში შეთრევის გარდა, სხვა მიზანი არ ამოძრავებს. მიმაჩნია, რომ მიშა პარტიას კი არ უნდა გამოჰკიდებოდა, არამედ უფრო ფართო მესიჯზე ეფიქრა და დიდი საზოგადოებრივი მოძრაობისთვის მიეცა გასაქანი. არც ერთ მომენტში ეს არ გააკეთა. ბოლოს, როცა მე მაინც წამოვედი პარტიიდან და განვაცხადე, საზოგადოებრივ მოძრაობას ჩავუყრი სათავეს-მეთქი, დამირეკა, ჩემი პარტიიდან რადგან წახვედი, იძულებული ვარ, ბიბლიოთეკაშიც სხვა მოვძებნოო.

...ახლა რა ხდება? სანდრა აშკარად გააქტიურდა, ბოკერია კი აცხადებს, სიაში სანდრა არ იქნებაო. დაპირისპირებას ვერ ხედავთ?! თუმცა ამ შემთხვევაში ბოკერიას გავამართლებ, რადგან არაფორმალური მმართველობა რომ არ გვინდა, ბიძინას იმიტომ ვებრძვით".