რატომ ადანაშაულებენ გიორგობიანს "ჩაწყობილ" ტენდერებში - კვირის პალიტრა

რატომ ადანაშაულებენ გიორგობიანს "ჩაწყობილ" ტენდერებში

წყალში გადაყრილი 300 ათასი ლარისა და 1 ლარად შეძენილი 5-ცენტიანი ნერგების საქმე

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დედაქალაქში გაზაფხულზე 180 000 ნერგისა და მილიონი ყვავილის დარგვა იგეგმება, რისთვისაც მერიამ 900 ათასი ლარი გამოყო. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის თბილისის პარტიზანული მებაღეობის წევრები, ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებენ და მერიის წარსულ ცუდ გამოცდილებაზე ლაპარაკობენ. "კვირის პალიტრა" მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" წევრ ნატა ფერაძეს ესაუბრა:

- მთავარი ხეების დარგვა კი არა, გახარებაა, რაც რთული პროცესია. ჯერჯერობით დედაქალაქს სიმწვანე არ ეტყობა, თანაც მერია არაერთ ტყუილშიც გამოვიჭირეთ - დღემდე ვერ გაგვირკვევია, სად გაქრა ნერგები, რომლებიც თითქოს მერიამ ასიათასობით დარგო. დარგვის წესები ირღვევა. ამ მხრივ მერიაში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო მაშინ, როდესაც გამწვანების საქალაქო სამსახურს ბიძინა გიორგობიანი ხელმძღვანელობდა.

- რას გულისხმობთ?

- ვითარება აბსოლუტურად უკონტროლო იყო. ერთი თვით ადრე, სანამ გიორგობიანი თანამდებობიდან გადადგებოდა, გარემოს დაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულ სანერგე მეურნეობაში მივედით. იქ მყოფ პირს გიორგობიანმა ჰკითხა, ჩემი ნერგები სად არისო, მანაც პირდაპირ საგანგებოდ გამოყოფილ ნერგებთან მიიყვანა.

ნერგების ღირებულება, რომლებიც მეურნეობაში დავათვალიერეთ, მსოფლიო ბაზარზე 5 ცენტს არ აღემატება, თუმცა რატომღაც გიორგობიანმა რამდენიმე დღეში ტენდერი გამოაცხადა და წინასწარ დათვალიერებულ ნერგებს 1 ლარი დაადო. რაც მთავარია, ადგილზევე შევთანხმდით, რომ ეს ნერგები გახმობისთვის იყო განწირული მეტისმეტი სინორჩის გამო, თუმცა გიორგობიანმა ეს მაინც არ გაითვალისწინა.

- როგორ ფიქრობთ, რატომ?

- გიორგობიანმა თავიდანვე იცოდა, რის ყიდვასაც აპირებდა, თანაც არარეალური ფასის გამოცხადება კიდევ უფრო მიმძაფრებს ეჭვს, რომ მეურნეობის ხელმძღვანელობასთან გარიგებული იყო... ამასთან, ტენდერი საჭიროებიდან გამომდინარე კი არა, გიორგობიანის პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ინიშნებოდა - ტენდერში მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებულმა სანერგე მეურნეობამ გაიმარჯვა, ანუ იმან, ვინც გიორგობიანმა წინასწარ შეითანხმა.

არაფერს ვამბობ იმ დარღვევებზე, რაც ნერგების დარგვის შემდეგ ხდებოდა. რატომღაც გიორგობიანს არასოდეს უზრუნია ნერგების გახარებაზე - ნერგებს გამარგვლა, მოვლა და მორწყვა სჭირდება. ბიძინა გიორგობიანის დროს კი, ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ კომპანიებს ახალი ნერგები წელიწადში ორჯერ უნდა მოერწყათ. ეს წარმოუდგენელი გულუბრყვილობაა, გიორგობიანს უნდა სცოდნოდა, რომ ორჯერ მორწყვა მხოლოდ დიდი ხეებისთვისაა საკმარისი. ფაქტია, რომ მერიის მიზანი მხოლოდ სტატისტიკის შექმნა იყო - ფურცელზე უნდოდათ დაეფიქსირებინათ, რომ ნერგები ნამდვილად დარგეს.

დღესაც იგივე ვითარებაა. როგორც მეუბნებიან, გიორგობიანს თავის შემცვლელთანაც მჭიდრო კავშირი აქვს.

- გამწვანების საქალაქო სამსახურს ნინო სულხანიშვილი ხელმძღვანელობს, ბიძინა გიორგობიანს რა კავშირი აქვს დღეს უწყებასთან?

- სულხანიშვილი მხოლოდ ფორმალური ხელმძღვანელია, გადაწყვეტილებებს იღებს მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური, რომელთანაც გიორგობიანს მრავალწლიანი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. კიდევ ერთი ფაქტი - მერიამ გიორგობიანის პერიოდში 300 000 ლარად ტენდერით ყვავილები შეიძინა, თუმცა რამდენიმე დღეში ყველა გახმა, რადგან გიორგობიანს დედაქალაქში სარწყავი სისტემების მოწესრიგება "დაავიწყდა".

პარტიზანმა მებაღეებმა გიორგობიანს რამდენჯერმე შევთავაზეთ, საქართველოში არსებული სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებს შეხვედროდა. უარი გვითხრა. რამდენიმე დღეში კი გავრცელდა ინფორმაცია, სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებს შეხვდაო. მაშინვე ჩამოვრეკე ნაცნობებთან და ვკითხე, შეხვდნენ თუ არა მას. აღმოჩნდა, რომ შეხვედრაზე გიორგობიანმა მხოლოდ ორი, მისთვის ნაცნობი კომპანია მოიწვია. ნათელი შეიქნა, რომ გამწვანების სამსახური მხოლოდ იმ კომპანიებთან ურთიერთობდა, ვისთანაც, დიდი ალბათობით, გარკვეული ინტერესები აკავშირებდა. ამ სამსახურის არაკომპეტენტურობა სხვა ღონისძიებებშიც გამოიკვეთა. მოგეხსენებათ, თბილისის ირგვლივ ხეები დაავადებულია, ხმება და მათი მოჭრა აუცილებელია. დიდი ხანია ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. თუ მერიამ არ იზრუნა, ორ-სამ წელიწადში ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხეების გარეშე დავრჩებით.

ჩვენ თბილისის გამწვანების საქალაქო სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა გიორგობიანსაც დავუკავშირდით (ამჟამად ის კანცელარიის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მრჩეველია): - ნატა ფერაძეს არა აქვს წარმოდგენა, როგორ მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვები. ნერგები სახელმწიფო ტარიფებით შევიძინეთ. რაც შეეხება ყვავილებს, ტენდერის ყველა პირობა იყო დაცული და მხოლოდ იმ ადგილებში დაირგო, სადაც სარწყავი სისტემებია დამონტაჟებული. საერთოდ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიზანია, მოგებული სასამართლო პროცესებით საზღვარგარეთიდან დაფინანსება მიიღონ. კარგად ვთანამშრომლობდი ნატა ფერაძესთან და გამხმარ ხეებზეც 2015 წლამდე არავინ იღებდა ხმას. ახლა ჭრიან გამხმარ ხეებს? გიენებივით მიესევიან ადამიანს და შავ პიარს უგორებენ. ბევრი რამ გავაკეთე, ჩემს დროს დაირგო 430 ათასი ძირი ხე, ახლა როგორ მოუვლიან, არ ვიცი".

რუსუდან შელია