უგულავას მეგობარი მერიას 11 მილიონს სთხოვს?! - კვირის პალიტრა

უგულავას მეგობარი მერიას 11 მილიონს სთხოვს?!

"უზარმაზარი ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ბიზნესმენების ვაჭრული ხრიკია"

სამოქალაქო მოძრაობამ "ვაკის პარკის გადასარჩენად" ბრძოლა მოიგო. თბილისის საქალაქო სასამართლომ გააბათილა პარკში სასტუმრო "ბუდაპეშტის" აშენების ნებართვა, რომელიც გიგი უგულავას მერობის დროს მისივე ხელმოწერით გაიცა. სასტუმრო ქართველ და უცხოელ ინვესტორებს უნდა აეშენებინათ, მათ შორის - უგულავას მეგობარ გოგა ზაქაიძეს. თუმცა თავიდანვე ითქვა, რომ ზაქაიძე ფიქციური მშენებელია, მის უკან თავად ყოფილი მერი დგას, რომელმაც სარეკრეაციო ზონაში მშენებლობის ნებართვის გასაცემად თვითნებურად შეცვალა საკანონმდებლო რეგულაციები და ამ ტერიტორიას "დაცულის" სტატუსი მოუხსნა.

"ბუდაპეშტის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები უგულავას ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ. დავა ორი წელია მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში გოგა ზაქაიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ თუ მერიის თანხმობა გაუქმდება, "ბუდაპეშტის" მშენებლები თავიანთ ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ. "ტიფლის ბიზნეს ჯგუფი" საპროტესტო აქციების დაწყებისთანავე აცხადებდა, რომ მზად იყო "ბუდაპეშტის" აშენებაზე უარი ეთქვა, თუ მერია ზარალს აუნაზღაურებდა - ვაკის პარკში მიწა 3 მლნ აშშ დოლარად შევიძინეთ, ერთი მილიონიც ერთი წლის განმავლობაში (საძირკვლის ამოსათხრელად) დავხარჯეთ, ამასთან, პროექტში სულ ცოტა, 7 მლნ დოლარის მოგებას ვვარაუდობდითო. მოკლედ, გავრცელებული ინფორმაციით, ეს ჯგუფი 11 მილიონ დოლარს ითხოვს მშენებლობაზე უარის სანაცვლოდ. გიგი უგულავას მეგობარი ზაქაიძე კი იმუქრება, მიწათმონაცვლეობასაც არ დავთანხმდებით, თუ ვაკის პარკის ალტერნატივას ჩვენთვის მისაღებ ადგილზე არ მივიღებთ, საქართველოდან წავალთ და სასტუმროს იქ ავაშენებთ, სადაც კერძო საკუთრება დაცულიაო. ამჯერად, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მომჩივანთა მოთხოვნა, გააუქმა ვაკის პარკში მშენებლობაზე უგულავასეული თანხმობა, მაგრამ თბილისის მერიას საკითხი განსახილველად დაუტოვა.

ზურაბ ბაქრაძე, მოძრაობა "პარტიზანი მებაღეები":- საკითხის ნაწილობრივ დაკმაყოფილება ნიშნავს იმას, რომ მერიას შეუძლია გააპროტესტოს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სააპელაციოში იჩივლოს. ჩვენ ვუჩიოდით თბილისის მერიას, რომელმაც სასტუმროს მშენებლობაზე ნებართვა გასცა, და არა ბიზნესმენებს თუ მათ ჯგუფს, რომელიც გაურკვეველი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს (ისინი მესამე მხარე არიან). ჩვენი ინფორმაციით, მიწა, სადაც მშენებლობას აპირებდნენ, ნისიად აიღეს, გადახდას აპირებდნენ მას შემდეგ, რაც მშენებლობას დაიწყებდნენ. თუ გამოიძიებთ, ნახავთ, რომ "ბუდაპეშტის" მშენებლობის დასაწყებად ან იმ მიწაზე რაიმე პრეტენზიის გასაცხადებლად ბევრი არაფერი დახარჯულა და უზარმაზარი ზარალის ანაზღაურებაზე ლაპარაკი ბიზნესმენების ვაჭრული ხრიკია. მერიაში გვეუბნებოდნენ, რომ ბიზნესმენებთან მიწის მონაცვლეობაზე ლაპარაკი სურდათ. ინვესტორი აცხადებდა, არავინ დაგვკავშირებიაო.

მერიას შეუძლია განაახლოს საქმის წარმოება, გასცეს ახალი ნებართვა, რაც შესაძლოა კვლავ სადავო იყოს ან არ იყოს. ასევე შეუძლია იჩივლოს ან არ იჩივლოს შემდგომ ინსტანციაში. ამის უფლება აქვს და თუ გამოიყენებს, თავიდან დაიწყება ბრძოლა. ამიტომაც სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნაწილობრივ ჩვენი გამარჯვებაა."

"კვირის პალიტრა" შეეცადა მერიის პოზიციაც შეეტყო, თუმცა საზოგადოებასა და პრესასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მერია კომენტარს არ აკეთებს და ამზადებს ოფიციალურ განცხადებას. შევეცადეთ, არაოფიციალური წყაროს საშუალებით მოგვეპოვებინა ინფორმაცია, რის თანახმადაც, მერია სააპელაციოში ჩივილს არ აპირებს და ბიზნესმენებს ვაკის პარკის მიწის სანაცვლოს შესთავაზებს. მერიაში არაოფიციალურ საუბრებში იმასაც გვიდასტურებენ, რომ ვაკის პარკის ის ნაწილი, სადაც სასტუმროს აშენება სურდათ, მართლაც ნისიად არის გაყიდული. ამასთან, არასერიოზულად მიიჩნევენ ბიზნესმენების მოთხოვნას ზარალის, 11 მლნ დოლარის ანაზღაურებაზე. "იურისტები ჩვენც გვყავს და ვიცით, კანონით ვის რა ეკუთვნის. არ ვაპირებთ ვინმეს ტყუილად გადავუხადოთ თანხა, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან საქმეს უნდა მოხმარდეს", - აცხადებენ არაოფიციალურ საუბრებში. არადა, თანამდებობაზე ყოფნის დროს სხვანაირად ლაპარაკობდა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი ნინო ღოღობერიძე - ბიზნესმენებს "ბუდაპეშტის" მშენებლობაზე წინა ხელისუფლებისგან აქვთ თანხმობა და მათი შეზღუდვა არავის შეუძლიაო. ღოღობერიძეს ვერც ის გაეგო, მშენებლობის შემთხვევაში ვაკის პარკს მნიშვნელოვანი ზიანი რატომ მიადგებოდა. როგორც ჩანს, მერიაში სამსახურების უფროსების შეცვლასთან ერთად თავგასული ბიზნესმენების მიმართ მიდგომებიც შეიცვალა და მათი ალოგიკური მოთხოვნების შემზღუდველი მექანიზმიც იპოვეს. თუმცა, ვინ იცის?! ვნახოთ, მერია ოფიციალურად რას განაცხადებს, ნარმანია თავის სიტყვებს უკან წაიღებს თუ არა. როდესაც მშენებლობის წინააღმდეგ აქციები დაიწყო, მერმა განაცხადა, ინვესტორს კანონიერი უფლება აქვს და აშენებსო...

სასამართლომ მშენებლობის უფლება იმიტომ გააუქმა, რომ მერიის მიერ ზონალური შეთანხმების გაცემისას არ გამოკვლეულა, რა ნეგატიური ფაქტორები მოჰყვებოდა მშენებლობას ვაკის პარკში და რა გავლენას იქონიებდა რეკრეაციულ გარემოზე. იმდროინდელმა მერმა საზოგადოების ინტერესებიც არაფრად მიიჩნია.