გოგა ხაინდრავა: "მაუწყებლობა კრემლის ფულით რომ ფინანსდება, არაფერია?!" - კვირის პალიტრა

გოგა ხაინდრავა: "მაუწყებლობა კრემლის ფულით რომ ფინანსდება, არაფერია?!"

ბაია გადაბაძე: "ხაინდრავა მთელი ცხოვრება ასოცირებულია რუსეთთან"

"მთელი "მაესტრო" იყო "პა-სეანსი", "მაესტროდ" კი მას შემდეგ გადაიქცა, რაც ოპოზიციამ დაუჭირა მხარი"

"წლების განმავლობაში "მაესტროში" ჩადებული ფული რუსული ფულია..." - ასე მიმართა "მაესტროს" ეთერში წამყვანს რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ. მის განცხადებას საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა. "კვირის პალიტრა" გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა:

- მე სიმართლე ვთქვი. აბა, ჩინურია კოტე გოგელიას ფული?! ბიზნესიც ბიზნესია, მაგრამ მას წილი 100%-იანი სახელმწიფო წილის მქონე კომპანიაში - რკინიგზაში აქვს, რომელიც პირდაპირ კრემლის საკუთრებაა და სწორედ ამ ფულით ხდება მანიპულაცია. ჩვენთან ხუთმაგი სტანდარტებია - "გაზპრომის" საკითხზე ლამის შარვლიდან ამოხტეს ნახევარი საზოგადოება და სერიოზული მაუწყებლობა რომ კრემლის ფულით ფინანსდება, არაფერია?!

- თქვენი აზრით, არხის პოლიტიკაზე ეს "რუსული ფული" აისახება?

- ოდესმე გინახავთ, რომ რუსული ინტერესები სარედაქციო პოლიტიკაზე არ მოქმედებდეს? რაც მოხდა, ფაქტობრივად, თაღლითობაა და წამგებიან ბიზნესში ათეულობით მილიონი იდება. როცა 2 მილიონი დაკარგეს, ხომ მიხვდნენ, რომ წამგებიანი ბიზნესია, რატომ მიიყვანეს ზარალი 50 მილიონამდე? ამას ჰქვია თაღლითობა! არ გამიგია ისეთი ბიზნესი, რომ ფულს მხოლოდ კარგავდე. ტელევიზია ბიზნესია, თუ ასე არ არის და ფული მაინც იდება, ე.ი. პოლიტიკურად ანგაჟირებული ფულია და სხვა ინტერესს ემსახურება. მედიისა და არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი, საქართველოს გარდა, ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, გააჩნია, ფული საიდან მოდის...

ბაია გადაბაძემ დააქცია და გააკოტრა კომპანია და ასეთ მენეჯერს დედაბუდიანად იცავენ. ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობა? "მაესტროს" გამო ჩემი მეგობრები და თანამებრძოლები ციხეში მიდიოდნენ, სამაუწყებლო ლიცენზიაც ოპოზიციის სისხლით არის მოპოვებული და არა გადაბაძისა და გოგელიასი.

თავის დროზე, ევროკავშირის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ხავიერ სოლანამ ჩამოიტანა და ლევან გაჩეჩილაძეს ხელიდან ხელში გადასცა "მაესტროს" ლიცენზია, თორემ მთელი "მაესტრო" იყო "პა-სეანსი", "მაესტროდ" კი მას შემდეგ გადაიქცა, რაც ოპოზიციამ დაუჭირა მხარი და საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლით სააკაშვილი იძულებული გახდა, სოლანასთვის მიეცა ლიცენზია.

- "მაესტროს" გენერალური დირექტორი ამბობს, ირაკლი რუხაძე პატარკაციშვილის ბიზნესს განკარგავს, რომელმაც ფული ასევე რუსეთში იშოვა და რა უკვირს ხაინდრავასო?

- ბადრი მკვდარია და მან ფული სხვა უამრავ ქვეყანაშიც იშოვა. რუხაძე პატარკაციშვილის ფულს არ განკარგავს, ეს სიცრუეა და რუხაძის ფული რომ შემოდის "მაესტროში", ამაში ახალი რა არის? იმედია, "მაესტროს" საქმე მესაკუთრის უფლებების დაცვით დასრულდება.

ბაია გადაბაძე, "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი: - ხაინდრავა მთელი ცხოვრება ასოცირებულია რუსეთთან. "ნაცმოძრაობა" მას რუსეთის აპოლოგეტობას აბრალებდა. როდესაც ამბობს, ამერიკულ ფულს ვირჩევო, ჯერ ერთი, ხაინდრავას ასარჩევი არ არის, "მაესტროში" ვინ რა ფულს დახარჯავს და მეორეც, ამით, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ დეტალებში იცის ეს საქმე და ისიც კარგად უწყის, რომ ირაკლი რუხაძის ფული შემოდის "მაესტროში" და არა სესხი მეგობრისთვის... მესამე - რუხაძისთვის მამას შთამომავლობით არ დაუტოვებია ეს ფული, როგორც ვიცი, პატარკაციშვილის ბიზნესს განკარგავს, რომლისთვისაც ფული ასევე რუსეთშია ნაშოვნი. გააჩნია, რას გააკეთებ სადღაც ნაშოვნი ფულით, არგებ თუ არა ქვეყანას.

ჩვენ არ უარვყოფთ, რომ ბატონი კოტე რუსეთში მოღვაწეობს... ჩვენთვის მთავარია, არავის ინტერესს არ ვატარებდეთ და ისე არ ვიცვლიდეთ პოზიციებს, როგორც ხაინდრავა იცვლის ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე, ან წლიდან წლამდე, ან მდიდრიდან მდიდრამდე. დღეს "მაესტროს" დაახლოებით 70% უკვე თავისი ფულით იკვებება და ჩვენი საქმე მეტყველებს იმაზე, ვატარებთ ვინმეს გავლენას თუ არა.

- სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ითქვა, რომ შესაძლოა რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" გენდირექტორად დავის დასრულებამდეც დაარეგისტრიროს...

- სამი საჩივარი მაქვს რეესტრში შეტანილი და ვიდრე დავა არ დასრულდება, არა აქვთ დარეგისტრირების უფლება. თუმცა არა ვარ დარწმუნებული, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედებს. შესაბამისად, შესაძლოა ახალი არეულობის წინაშე აღმოვჩნდეთ. შევახსენებ კორძახიასა და ჩემს ყოფილ მეგობრებს, "მაესტროს" არ გააჩნია ქონება, სადაც ახალი დირექტორი შევა და იმუშავებს, ამიტომ არ ვურჩევ კერძო საკუთრებაში შემოჭრას და ახალი სკანდალებისთვის საფუძვლის ჩაყრას. ვიბრძოლებთ, რომ "მაესტრო" უკანონოდ არავის ხელში არ გადავიდეს. თუ ასე მოხდა, ამისთვისაც მზად ვართ და გეგმაც გვაქვს შემუშავებული.

ნანა ფიცხელაური