"ღარიბაშვილის კადრების გაშვება ლოგიკურია" - კვირიკაშვილმა დიდი სამთავრობო წმენდა გუბერნატორებით დაიწყო?! - კვირის პალიტრა

"ღარიბაშვილის კადრების გაშვება ლოგიკურია" - კვირიკაშვილმა დიდი სამთავრობო წმენდა გუბერნატორებით დაიწყო?!

"პრემიერს საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სითამამე მართებს"

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ნუგზარ ყიფიანისა და შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ რუსიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა. შემცვლელებიც მალევე დასახელდნენ - მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულად ნუგზარ ყიფიანის მოადგილე გოჩა ზეიკიძე დაინიშნა, შიდა ქართლში კი გუბერნატორის მოვალეობას ზურაბ რუსიშვილის მოადგილე შეასრულებს. როგორც ამბობენ, კოლეგების ბედს უახლოეს მომავალში კახეთისა და გურიის გუბერნატორებიც გაიზიარებენ, თუმცა, ჯერჯერობით, ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. აღსანიშნავია, რომ გუბერნატორების დიდი უმრავლესობა ირაკლი ღარიბაშვილის კადრად მიიჩნევა. "კვირის პალიტრასთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილიც გუბერნატორთა ცვლილებებს ყოფილი პრემიერის ფაქტორს უკავშირებს და უახლოეს მომავალში არც სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავს, რომელზეც ბოლო ხანს ჩვენში ბევრს ლაპარაკობენ. ყველაზე ხშირად გამოითქმის ვარაუდი, რომ პირველი, ვინც შეიცვლება ფინანსთა მინისტრია, ასახელებენ მისი შემცვლელის სავარაუდო კანდიდატურებსაც. ერთი ვერსიით, ამ თანამდებობას დაიკავებს ეკონომიკის ამჟამინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი. ამბობენ იმასაც, რომ რესპუბლილელების მიმართ პრემიერის კრიტიკა უკვალოდ არ ჩაივლის და ამას შესაძლოა მთლად თავადაცვის არა, მაგრამ გარემოს დაცვის მინისტრი შეეწიროს...

გია ხუხაშვილი:

- საერთოდ, ყველა ხელმძღვანელი ცდილობს საკვანძო თანამდებობებზე ისეთი ადამიანები დანიშნოს, ვინც სამუშაო პროცესში მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. მსგავსი დამოკიდებულებით კადრების შერჩევა განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, გუბერნატორების ცვლილებაც ლოგიკურია, მეტიც, პირადად მე, გუბერნატორების შეცვლას ბევრად ადრეც ველოდი.

- ანუ, ირაკლი ღარიბაშვილის დანიშნული კადრები გიორგი კვირიკაშვილს დისკომფორტს უქმნიდნენ?

- ღარიბაშვილის კადრების გაშვება ლოგიკურია, თუმცა ნუგზარ ყიფიანი ყოფილი პრემიერის ფავორიტად ნამდვილად არ მიიჩნეოდა. ზოგადად, თანამდებობაზე მყოფი პირები ყოველთვის ყოფილი ხელმძღვანელების მძევლები ხდებიან. ბევრს გარკვეული ვალდებულებებიც კი აკავშირებს მათთან და ცვლილებებიც სწორედ იმისთვისაა საჭირო, რომ სხვებზე დავალებული ადამიანები პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლო. ბევრს, ძველი კავშირების გამო, ახალ პრემიერთან ურთიერთობის გადაწყობაც გაუჭირდა. გუბერნატორების შეცვლის პროცესი კიდევ გაგრძლედება.

- ლაპარაკია, რომ გუბერნატორების ცვლილებებს მინისტრთა კაბინეტის გადახალისებაც მოყვება.

- მიკვირს, სამთავრობო ცვლილებები ამ დრომდე რატომ არ განხორციელდა, რადგან მმართველობის სისტემური პრობლემები დღითიდღე უფრო მძიმე ფორმებს იღებს. მინისტრები შეეჩვივნენ კომფორტულ მდგომარეობაში ყოფნას და მდგომარეობას, როდესაც არაფერს აფუჭებენ, მაგრამ არც არაფერს აკეთებენ. ეს კი დამღუპველი შედეგის მომტანია, რადგან ქვეყანას სწრაფი რეფორმები ჭირდება. პოლიტიკა მკაცრი საქმეა! კვირიკაშვილს  საკადრო გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი სითამამე მართებს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)