"დანაღმული ველი" - სტუდენტური პროტესტი - კვირის პალიტრა

"დანაღმული ველი" - სტუდენტური პროტესტი

"პროცესი უფრო გამწვავდება, რადგან წინა ხელისუფლებამ უამრავი ნაღმი დატოვა"

"დიახ, როგორც კი ვითარება დაიძაბა, დაცვის სამსახურს გამოვუძახე, სხვა რა უნდა მექნა?"

"უნივერსიტეტში ოდეერი მუშაობს", - ეს განცხადება, სტუდენტების პროტესტის ფონზე, თსუ-ის რექტორმა ლადო პაპავამ გააკეთა და კონკრეტული პირიც დაასახელა - ივა კავსაძე, რომელიც უნივერსიტეტში კანცლერის თანაშემწედ მუშაობს, თუმცა, ბრალდებების მიუხედავად, საზოგადოებაში არ ჩნდება. რა ხდება უნივერსიტეტში? სტუდენტთა ნაწილის საპროტესტო ციკლი 7 მარტს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ თსუ-ის კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა იგეგმებოდა. პროცესი სტუდენტების აქციას გასცდა და აქციების ორგანიზებაში უნივერსიტეტის თანამშრომლები და ლექტორებიც ჩაერთვნენ. "კვირის პალიტრას" აქციების ერთ-ერთი ლიდერი, ნიკოლოზ მეტრეველი ესაუბრა:

- ეს ჯანსაღი პროტესტია იმ პრივილეგირებული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელიც უნივერსიტეტში ჯერ კიდევ სააკაშვილის მმართველობისას ჩამოყალიბდა. მათ ხელში იყო უნივერსიტეტის ბიუჯეტი წლების განმავლობაში და სტუდენტებსაც პოლიტიკური ნიშნით არჩევდნენ. უნივერსიტეტის კანცლერი დავით ჩომახიძე "ნაცმოძრაობის" საბურთალოს შტაბის ხელმძღვანელი გახლდათ, დღეს კი ცდილობს შემცვლელად გიორგი გაფრინდაშვილი დატოვოს. ივა კავსაძის ოდეერობა თავად რექტორმაც დაადასტურა. ივა კავსაძეს კრიმინალური წარსულიც აქვს. ის 2013 წელს საბაჟოზე მუშაობდა, სადაც სამსახურებრივი გადაცდომის გამო დააკავეს. გაფრინდაშვილი და კავსაძე მეგობრები არიან. გაფრინდაშვილი სიამოვნებით მოხსნიდა კანდიდატურას, უბრალოდ, მის უკან უამრავი ადამიანი დგას, რომელთანაც ანგარიშვალდებულია.

- როგორ ამტკიცებთ, რომ მათ სპეცსამსახურები მფარველობენ?

- უშიშროების სამსახურში დღემდე მუშაობენ პირები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ხაზს აგრძელებენ. მინისტრებმა უნდა გაგვცენ პასუხი, რა დონეზეა მათი ლობირება სპეცსამსახურებში.

- გაფრინდაშვილმა თუ თავისი კანდიდატურა მოხსნა, საპროტესტო აქციები შეწყდება?

- მხოლოდ გაფრინდაშვილში არ არის პრობლემა. უნდა დადგინდეს, სად იხარჯებოდა თანხები და ვისი ჯიბე ივსებოდა უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან. მომავალ ნაბიჯებზე კომიტეტი იმსჯელებს, თუმცა ჯერ მთავარი მოთხოვნა უნდა შესრულდეს - გაფრინდაშვილი უნდა ჩამოვიცილოთ.

"კვირის პალიტრა" თსუ-ის კანცლერობის კანდიდატ გიორგი გაფრინდაშვილსაც დაუკავშირდა:

- ითქვა, რომ 26 მაისთან დაკავშირებულ აქციაზე სტუდენტებს ფოტოებსაც კი უღებდით.

- თუ რომელიმე მათგანი შეძლებს ამ ბრალდებების დამტკიცებას, არათუ უნივერსიტეტს, საჯარო სამსახურს არასოდეს გავეკარები. 2011 წლის 26 მაისს უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის დაპირისპირება მართლაც მოხდა, თუმცა ეს პოლიტიკურ პროცესებს არ უკავშირდებოდა. საუბარია პრეზენტაციაზე, რომელიც სტუდენტთა ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. დიახ, როგორც კი ვითარება დაიძაბა, დაცვის სამსახურს გამოვუძახე, სხვა რა უნდა მექნა? ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, მაგრამ დღეს უნივერსიტეტის კოლეგიურ გადაწყვეტილებებს ეშლება ხელი, რაც არასწორია. აკადემიურმა საბჭომ გადაწყვეტილება ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა მიიღოს.

- რატომ არ მოხსენით კანდიდატურა? ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება თუ გამწვავდა, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ?

- კანდიდატურა რომ მომეხსნა, ამით დავადასტურებდი იმ ბრალდებებს, რაც ჩემი მისამართით ისმოდა. ამ დრომდე ჩემს მხარდამჭერებს მოვუწოდებდი, საკუთარი პოზიცია ღიად არ გამოეხატათ, არ მინდოდა პროცესები უფრო გამწვავებულიყო, მაგრამ, ალბათ, მომიწევს ყველას დავანახო ის ძალა, რომელიც ჩემ გვერდით დგას. რაც შეეხება იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე პასუხისმგებელი მე კი არა, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა იქნება...

თსუ-ის კანცლერის შერჩევაზე დაწყებული პროცესი ერთი უნივერსიტეტის კედლებს გასცდა - პროტესტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ.

მიიღებს თუ არა აქციები მასშტაბურ ხასიათს და გადაიქცევა თუ არა პოლიტიკური ბრძოლის არენად უნივერსიტეტი, "კვირის პალიტრას" ექსპერტი არჩილ გამზარდია ესაუბრა:

- რაც ცხრა წლის განმავლობაში უნივერსიტეტში ხდებოდა, იმის ადვილად შეცვლა შეუძლებელია. უმაღლესი სასწავლებლები ნაწილობრივ კვლავ რჩებიან პოლიტიკურ ინსტრუმენტად. მაგალითად, ილიას უნივერსიტეტი, სადაც ყოფილი თანამდებობის პირები მუშაობენ და უნივერსიტეტსაც თავად მართავენ. თსუ-ში ძალთა ბალანსი განსხვავებულია და იქ პრობლემები ბევრად ღრმაა. შესაძლოა ახალგაზრდები გულწრფელად ცდილობენ სისტემის შეცვლას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, პროცესი პოლიტიზებულია. ვფიქრობ, პროცესი უფრო გამწვავდება, რადგან წინა ხელისუფლებამ უამრავი ნაღმი დატოვა. რამდენად ეფექტურად გავივლით "დანაღმულ ტერიტორიას", ამაზე საუბარი წინასწარ ძნელია.

რუსუდან შელია