იმედიანი ამბავი უიმედო სესხებისთვის?!
14-03-2016
იმედიანი ამბავი უიმედო სესხებისთვის?!
აპატიებენ თუ არა ბანკები მევალეებს სესხებს

ბანკებს შესაძლოა გადახდისუუნარო მსესხებლებისთვის ვალების ჩამოწერა გაუადვილდეთ. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორი ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატებია". ინიციატორები განმარტავენ, რომ ფინანსური ინსტიტუტები დავალიანების ჩამოწერის შემთხვევაში დამატებით აღარ დაიბეგრებიან, რაც მათ სტიმულს მისცემს, კლიენტებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები აპატიონ. აქამდე "გაშავებულ" კლიენტებს კი შესაძლებლობა ექნებათ, ბანკებთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყონ.

დავით ონოფრიშვილი, "თავისუფალი­ დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:
"ამ კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, ათას­ობით მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, გათავისუფლდეს უიმედო სესხისა და
სანქციის დაფარვის ვალდებულებისგან. მეორე მხრივ, ფინანსურ ინსტიტუტს შესაძლებლობა მიეცემა, მის მიერ ნაპატიები სასესხო ვალდებულების მოცულობა ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითოს. მოქმედი კანონმდებლობით, ბანკის მიერ სასესხო ვალდებულების პატიება ფიზიკური პირებისთვის შემოსავალს წარმოადგენს, ის სარგებელია, რომელიც დაბეგვრას ექვემდებარება. კანონპროექტით, ეს სარგებელი უნდა გათავისუფლდეს საშემოსავლო გადასახადისგან.
მოქმედი წესებით, ბანკების მიერ
ამგვარი სესხების ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას ან უიმედო ვალად აღიარებას განსაზღვრული პროცედურები და ხარჯები სჭირდება, ხოლო პატიების შემთხვევაში, ნაპატიები სესხი დაბეგვრას ექვემდებარება. ჩვენი ინიციატივით ბანკების ამ გადასახადისგან გათავისუფლება უიმედო ვალების აღიარების სტიმულირებას მოახდენს. კანონპროექტით, ამაში სახელმწიფო ხელს უწყობს, ხოლო ფინანსურ ინსტიტუტებს უფლება ენიჭებათ, საკუთარი, შიდა კრიტერიუმების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ვადაგადაცილებული და პრობლემური სესხები ჩამოაწერონ.

ჩვენ, ფაქტობრივად, გადასახადებისგან ვათავისუფლებთ როგორც ბანკებს, ისე ფიზიკურ პირებს. როგორც კი ეს ადამიანები ვალებისგან გათავისუფლდებიან, ისევ ეკონომიკურად აქტიური გახდებიან და შეძლებენ კვლავ ითანამშრომლონ ფინანსურ ინსტიტუტებთან, არ დამალონ შემოსავლები და სხვ. ასე რომ, ამ კანონპროექტს ბევრი დადებითი მხარე აქვს. ვფიქრობ, ეს იმდენად კარგი კანონპროექტია, რომ უმრავლესობამ, "ქართულმა ოცნებამ", მხარი უნდა დაგვიჭიროს".

ზურაბ გვასალია, საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი:
"კანო­ნპროექტის თანახმად, ყოველ შემთხვევას ბანკები ინდივიდუალურად განიხილავენ და თუ კონკრეტულ შემთხვევაში ბანკი მიიჩნევს­, რომ ვალის ჩამოწერა საჭიროა, კიდეც ჩამოაწერს. არსებული კანონმდებლობით კი, ბანკის მხრიდან ვალის ჩამოწერა მსესხებ­ლისთვის ჩუქებას ნიშნავს, რაც იბეგრება. ცხადია, ეს შემაკავებელი ფაქტორია ბანკისთვის, ჩამოწეროს პრობლემური სესხი. წარმოიდგინეთ, ბანკმა უიმედო ვალიც უნდა ჩამოწეროს და კიდევ გადასახადიც დაფაროს. ჩვენ არ ვიცით, როგორია უიმედო სესხების სტატისტიკა, თუმცა ცნობილია, რომ არის შემთხვევები, როცა სესხი სრულიად უიმედოა და ბანკი ვერ ახერხებს ჩამოწერას, რადგან მისთვის ეს დამატებითი ხარჯია. ამ კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში კი ბანკებიც გათავისუფლდებიან უიმედო სესხებისგან და ძველი, გადაუხდელი ვალების წნეხის ქვეშ მყოფ ადამიანებს­ გაუჩნდებათ შანსი, მათ საკრედიტო ისტორიაში პოზიტიური ჩანაწერი გაჩნდეს".

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი:
"წინააღმდეგი­ ვარ, რომ ზედმეტად პოპულისტურად შევხედოთ ამ თემას. არ მინდა საზოგადოება შეცდეს და ეგონოს, რომ ვისაც კი ოდესმე პრობლემური სესხი ჰქონია, ერთ დღეს ყველაფერს აპატიებენ. რა თქმა უნდა, ასე არ იქნება და თავად კანონპროექტის ავტორებიც განმარტავენ, რომ ის, ფაქტობრივად, უიმედო სესხებს შეეხება. სესხის ხანდაზმულობის ვადა განისაზღვრება სამი წლით. მაგალითად, თუ მე სესხი ავიღე 2016 წლის იანვარში და მისი ვადა იწურება 2016 წლის დეკემბერში, ხოლო ამავე წლის მარტიდან ვეღარ ვახერხებ მის გადახდას, სესხის ხანდაზმულობის ვადა აითვლება არა 2016 წლის მარტიდან, არამედ 2016 წლის დეკემბრიდან პლუს 3 წელიწადი. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: თუ ამ სამი წლის განმავლობაში ბანკმა სესხის ამოსაღებად ერთხელ მაინც მიმართა სასამართლოს, სესხის ხანდაზმულობის ვადა სასამართლო პროცესის წარმოების დროსაც რომ ამოიწუროს, ეს არ ნიშნავს, რომ ამ სესხს მსესხებელს ხანდაზმულობის ვადის გამო აპატიებენ".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით