"რუსები მეძებარი ძაღლებივით დადიან, რომ დაგვიჭირონ" - რეპორტაჟი მცოცავი ოკუპაციის ზონიდან
21-03-2016
"რუსები მეძებარი ძაღლებივით დადიან, რომ დაგვიჭირონ" - რეპორტაჟი მცოცავი ოკუპაციის ზონიდან
"უილაჯოდ ვართ, ხელფეხშეკრული. აქამდე რატომღაც იმედი გვქონდა, რომ მიწას დაგვიბრუნებდნენ. გზის გაყვანამ ეს
იმედიც ჩაკლა. ეს შიმშილით სიკვდილს ნიშნავს"

"სარწყავი არხიც საზღვრის იქით მოექცა. თუ რუსის პატრული ახლოს არ ტრიალებს, მხოლოდ მაშინ ვახერხებთ წყლის გამოშვებას. მეძებარი ძაღლებივით დადიან"

მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტ­ებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენში ბაღებსა და სახნავ მიწებზე გზა გაჭრეს, სოფ­ელს ვესტუმრე. ოკუპაციურმა რეჟ­იმმა აქაურობა, ფაქტობრივად, ორ ნაწილად გაყო. ერთ მხარეს დარჩა სოფლის დასახლება, მცირეოდენი სასოფლო-სამეურნეო მიწით,
ოკუპაციური რეჟიმის მხარეს­ კი 40 ჰა ფართობი, სადაც ბაღები და სახნავი მიწებია. სველ ხნულზე, სადაც ჯერ კიდევ ტრაქ­ტორის მუხლუხების კვალია, ბეტ­ონის საფარი დაიგება და როგორც შიდა ქართლის დიდ ტერიტორიაზე, აქაც მწვანედ შეღებილ ლითონისბადიან ღობეს გაავლებენ, ნიშნად იმისა, რომ ღობის იქით სხვა ქვეყანაა.

გამცილებელი (ვინაობა კონფიდენციალურია)
მთხოვს, რომ ფოტოები მალე გად­ავიღო და აქაურობას მოვშორდე, - თუ არცევის საგუშაგო კოშკიდან ე.წ. სასაზღვრო პატრული წამოვიდა,­ უნდა გავიქცეთ. ორივეს დაგვიჭერენ, თქვენ, ალბათ, გიშველიან, მე კი გათავისუფლების შანსი არ მექნება, ოდესღაც ოსებთან უსიამო შეხლა-შემოხლის გამოო. ვშიშობ გამცილებლის გამო, თან მიკვირს, ქართველების კონტროლირებად ტერიტორიაზე, იქვე საპატრულო პოლიციის ავტომობილიც რომ დგას, როგორ შეიძლება რუსმა ან ოსმა ხელი დამავლოს და წამიყვანოს. გამცილებელს მწარედ ეღიმება - ცხადია, პოლიცია საქმეში ჩაერევა და ეცდება გაგვათავისუფლოს, მაგრამ მხოლოდ მანამდე, სანამ იარ­აღს მოუღერებენ. ჩვენებს შეიარაღებული დაპირისპირების წახალისებისა და მით უფრო, მონაწილეობის უფლება არა აქვთო! ნირწამხდარი ბაღებს გამოვეცალე და სოფლის იმ მხარეს გადავინაცვლე, სადაც კარგა ხანია გველეშაპივით გაწოლილა ლითონის მავთულხლართიანი საზღვარი. უზარმაზარ გრაგნილს იქით რამდენიმე ქართული ოჯახი და საქართველოს მიწაა მოქცეული. აქედან ყველაზე თვალში­ საცემად ჩანს არცევში ოკუპანტების სათვალთვალო კოშკი.

ჯარიაშენის მოსახლეობა ჯერ კიდევ­ სამი წლის წინ გაუფრთხილე­ბიათ, ბაღებსა და სახნავ მიწებზე ფეხი არ დაადგათ, ტერიტორია ჩვენიაო. მაშინ სოფლის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილზე გაუვლიათ მავთულხლართი, აღმოსავლეთი ნაწილი კი, რომელიც ახლა გზის გრძელი ზოლით მოჭრეს, თვალით მიუზომავთ.
ე.წ. საზღვრიდან დაახლოებით ას მეტრში მდებარე სახლის ეზოს კარი ღიაა. ისტორიის პედაგოგი ტარიელ ბოლოთაშვილი ერთ დროს არცევის სკოლის დირექ­ტორი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ კი, უმუშევრად რომ არ დარჩენილიყო, ოთხი სოფლის საერთო საჯარო სკოლაში ნახევარ განაკვეთზე დაასაქმეს და სულ რაღაც­ 192 ლარი აქვს ხელფასი. მიწა რომ მქონდეს, ამ ხელფასზეც ხმას არ ამოვიღებო, ამბობს პედაგოგი.

ტარიელ ბოლოთაშვილი: - სოფელი თვალსა და ხელს შუა დაჩიავდა. 34 ოჯახის მიწა დარჩა იმ მხარეს - სახნავი მიწები და მსხმოიარე ბაღები...
2008 წლის ომის შემდეგ გამოგვიც­ხადეს, არცევი ოსეთია და აქ ფეხი არ დაადგათო. რუკებს დავამუშავებთ, საზღვრებს დავადგენთ და გეცოდინებათ, სად უნდა იაროთო!

სამი წლის წინ დაიწყეს სოფლის ჩრდილ­ოეთ ნაწილში მავთულხლართის გაბმა. რახან დასავლეთის მხარეს ეკლიანი მავთუ­ლი არ იყო, ერთი-ორმა გარისკა და სახნავად­ გადავიდნენ, მოტობლოკით მუშაობდნენ, რუსები წამოადგნენ­ თავს, მანქანა წაართვეს, ბიჭები კი გამოექ­ცნენ. ჩვენმა პოლიციამ იმამაცა და მოტობლოკიც დააბრუნა. აზრი არა აქვს მიწის დასამუშ­ავებლად იქ გადასვლას, მოსავლის მოყვანა­ რომც დაეცლიათ, აღების უფლებას­ არ მოგვცემდნენ. უილაჯოდ ვართ, ხელფეხშეკრული. აქამდე რატომღაც იმედი გვქონდა, რომ მიწას დაგვიბრუნებ­დნენ. გზის გაყვანამ ეს იმედიც ჩაკლა. ეს შიმშილით სიკვდილს ნიშნავს.

- არცეველები გადმოდიან ხოლმე?
- ხანდახან ექიმი ან სხვა რამ თუ დას­ჭ­ირდებათ, გადმოდიან. გგონიათ, იმათ აწყობთ დაძაბულობა? თვითონაც შევიწრო­ე­ბული არიან. ერთი არცეველისთვის რუსებს­ უთქვამთ, ვინ გკითხავთ ამ მიწის ავანჩავანს, საკუთარი სისხლით მოვიპოვეთ და ჩვენიაო.
ამ საზღვრისპირა სოფლების გამა­გრება უმნიშვნელოვანესია. ჯარი­აშენი, რომელიც 120 კომლისგან შე­დგება, რომ დაიცალოს, არცევი­დან გორამდე 17 კმ სრულიად დაუსახლებელი იქნება. ხალხს, ასე თუ ისე, გვერიდებიან და ცარიელ ადგ­ილს რომ ნახავენ, ვინმე უარს იტყვის მის დაპატრონებაზე ან ჩვენი სახელმწიფო შეძლებს ტერიტორიის გამაგრებას? სოფელში როგორმე უნდა შეკავდეს ხალხი. გლეხი ფიქრობს, თუ ქათამი არ მეყო­ლება და ბაღსა და ყანაში ვერაფერს მოვ­იწევ, აქ რა დამრჩენიაო. გვეგონა, მთის კან­ონი მოგვეშველებოდა, რამდენიმე მეტრი დაგაკლდათ ზღვის დონიდანო. ვაჰ! საოკუპაციო ზონაა, ურთულესი რეგიონი და რამდენიმე მეტრს უნდა გამოვეკიდოთ? მაშინ სხვა რეჟიმი შევქმნათ ასეთი ტერიტორიებისთვის.

თუ რუსმა არ დათმო, გამოსავალს ვერ ვხედავ. იქ, სადაც იარაღით ვერაფერს გახდები, სიტყვით უნდა სცადო. მოცვივდნენ "ნაციონალები", ეს რა გაბედა რუსმა, ბაღზე­ გზა როგორ გაჭრაო და გადათ­ხრილ გზაზე ნერგები დარგეს. რუსმა მრავალწლოვანი ხეები მოგვით­ხარა, ხალხი დაგვიხოცა და მაგ წკირებით შეაშინებთ?

რუსი გხედავს, რომ რაც გაქვს, ვინც გყავს,­ იმისთვის ვერ მოგივლია და აგერ, ჯარიაშენიც თვალსა და ხელს შუა გვეცლება.

ჯარიაშენელ რევაზ ბოლოთაშვილსა და მის მეუღლე ნათელა კალმახელიძეს ხშირად საჭმელი ენატრებათ.

რევაზ ბოლოთაშვილი: - აქ დავიბ­ადე, აქ დავბერდი, სახლში მომიცვივდნენ­ და მამაპაპეული მიწაც წამარ­თვეს. სახნავი იყო, ლობიო და სიმინდი მომყავდა. კიტ­რსა და პომიდორს ჩემსას ვჭამდი. ახლა არც ჩემი მაქვს და ვერც ვყიდულობ. ვიღ­აცები მოვიდნენ, გორში, მუშად თვიურად 100 ლარად იმუშავებო? 100 ლართან ერთად­ გზის და საჭმლის ფულს თუ მომცემთ, ვიმ­უშავებ-მეთქი. ეგრე არაო. აბა, მონა ვარ? რუსის მონობა არ კმარა? მიწას მართმევს და ხელის შებრუნების თავი არა გვაქვს...

ნათელა კალმახელიძე: - სამი წელია ქათამი არა მყავს. რით ვიყოლიო, რა ვაჭამო? ორი სრულწლოვანი ვაჟი მყავს, უმუშევრები. დღიური სამუშაოც არ არის, რომ პურის ფული მოიტანონ. ჩემი პენსიით ვარსებობთ. კიდევ კარგი, შეშის ფული დაგვირიგეს, თორემ ზამთარში გავიყინებოდით. სახლის წინ რასაც ხედავთ, ეგღა დაგვრჩა მიწად, იმდენად მცირეა, საზამთროდ რომ შეინახო, მაგდენ ბოსტნეულსაც ვერ მოიყვან. სარწყავი არხიც საზღვრის იქით მოექცა. თუ რუსის პატრული ახლოს არ ტრიალებს, მხოლოდ მაშინ ვახერხებთ წყლის გამოშვებას. რუსები მეძებარი ძაღლებივით დადიან, რომ დაგვიჭირონ, პატიმარი ცხინ­ვალის ციხიდან ისე ვერ წამოვა, რომ ფული არ გადაახდევინონ.
სამი წლის წინ, როდესაც ჩვენს მიწაზე გადასვლა აგვიკრძალეს, სიმი­ნდის მოსავალი მქონდა ასაღ­ები. უარი მითხრეს, მიუკიდეს ცეცხ­ლი ჩემს ყანას და ტაროებიანად­ დაწვეს, ცხარე ცრემლით დავტიროდი დანაცრებულ მოსავალს, რომ­ლითაც ზამთარი უნდა გამეტანა.
სოციალური დახმარებაც მოგვიხსნეს. ალიზის სახლში ვცხოვრობ, წაქცევის პირას არის, რა მოეწონათ ამ სახლში, რომ მაღ­ალი ქულა დამიწერეს. შრომისუნარიანი შვილი გყავსო. კი, მაგრამ სამსახური აქვს?!

მეფევ, ჯარია შენიო...

იკორთის უძველეს სალოცავში, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, მეფე თამარი მცირე ამალით სალოცავად მისულა. უკან გამობრუნებულთ, იქ, სადაც ახლა სოფელი ჯარიაშენია, ლაშქარი დაუნახავთ. შორიდან ვერ უცნიათ და თურმე მეფემ შორიდან შესძახა, ვინ არის მანდო. დასავლეთ საქართველოდან სატახტო ქალაქში მიმავალი ქართული ლაშქრის ნაწილი ყოფილა, დასასვენებლად შეჩერებულან და მეფისთვის ერთხმად შეუძახიათ, მეფევ, ჯარია შენიო.
ლეგენდის თანახმად, ასე დარქმევია ამ ადგილს ჯარიაშენი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები