"პრეზიდენტის განცხადება ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი იყო" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტის განცხადება ქვეყნისთვის შეურაცხმყოფელი იყო"

"მსგავსი რამ დასავლეთში წარმოუდგენელია"

"სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ, თითქოს დანარჩენი საზოგადოება ჩამორჩენილია"

"ვინ არის და რა უფლება აქვს იუსტიციის მინისტრს, რომ გადაწყვიტოს, რა ტიპის სადამსჯელო ღონისძიება გაატაროს დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ?!"

თუ სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ შეძლეს ფარული ჩანაწერების დამკვეთებისა და შემსრულებლების გამოვლენა, ყოველთვის იქნება იმის საშიშროება, რომ ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები ნებისმიერ დროს შეძლებენ საზოგადოებაში შფოთის გამოწვევას. იმედია, ეს კარგად აქვთ გათავისებული მთავრობის წევრებს, პირველ რიგში თეა წულუკიანს და თინა ხიდაშელს და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. მათ 11 მარტს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში გავრცელების შემდეგ, იმის მაგივრად, რომ პროკურატურისთვის დაესვათ კითხვები, რატომღაც დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსზე" მიიტანეს იერიში. საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ და გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელ სალომე ზურაბიშვილთან ინტერვიუ ამ თემით დავიწყეთ.

- შესაძლოა "ინტერპრესნიუსმა" შეცდომა დაუშვა, მაგრამ დანაშაული ნამდვილად არ ჩაუდენია და თეა წულუკიანის, თინა ხიდაშელისა და პრეზიდენტის რეაქცია აბსოლუტურად გაუგებარი გახლდათ. თანამედროვე მსოფლიოში მიღებული სტანდარტია, რომ მედიაში ყველა სიახლე უნდა გაშუქდეს, მით უმეტეს, თუ ამბავი პოლიტიკოსსა და სხვა ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელ საჯარო პირს ეხება. მათ შესახებ ტაბუდადებული თემა არ არსებობს. თუ მედიის ობიექტები თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ, მორალური ზიანისთვის სასამართლოს მიმართავენ. არც საქართველოში ცხოვრობს ისეთი საზოგადოება, ინფორმაციის დამალვა რომ შეძლო. ვიმეორებ, შესაძლოა საინფორმაციო სააგენტომ რაღაც დოზით შეცდომა დაუშვა, მაგრამ მასზე მთავრობის წევრების თავდასხმა არანაირ ჩარჩოში არ ჯდება.

- შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსმა" განათავსა ნიუსი, რომ ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა. ბმული მითითებული არ იყო, მაგრამ ვიდეოს სახელწოდების დაკონკრეტების გამო სააგენტომ ბოდიში მოიხადა და პასუხისმგებელი რედაქტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა.

- რედაქტორი შეიძლებოდა არც გაეთავისუფლებინათ. მინისტრები კი სადამსჯელო რაზმის წევრები არ არიან. ვინ არის და რა უფლება აქვს იუსტიციის მინისტრს, რომ გადაწყვიტოს, რა ტიპის სადამსჯელო ღონისძიება გაატაროს დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ?! მსგავსი რამ დასავლეთში, მაგალითად, საფრანგეთში წარმოუდგენელია. ვერც ერთი მინისტრი ვერ გაბედავდა დამოუკიდებელი მედიისთვის ბოიკოტის გამოცხადებას. ინტერნეტში კადრების გავრცელება ამაზრზენი ფაქტი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კითხვის ნიშნების აღრევა მოხდა - ვინ არის დამნაშავე, სააგენტო, რომელიც იუწყება, რომ კადრები ვრცელდება, თუ სისტემა, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა?!

იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს ამ კადრებზე ყველაზე მეტად ყვირიან, არ მახსოვს, რეაგირება მოეხდინოთ წინა ხელისუფლების ზღვარგადასულ ტერორზე. მე კი ზუსტად შემიძლია გავიხსენო, როგორ ვაპროტესტებდი შიშში ცხოვრებას, საუბრის წინ ტელეფონის დაშლა გვიწევდა. ჩემს ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოვაჩინე კიდეც და სასამართლოში წავიღე, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია...

- დამოუკიდებელი მედიასაშუალების წინააღმდეგ "კამპანიის" აგორების მცდელობა თეა წულუკიანის პოსტით დაიწყო, სადაც მან სააგენტოს ასეთი ფრაზაც მიუძღვნა: "გულისრევის სმაილი". რამდენად ჯდება ეს სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩარჩოში ან მინისტრი უნდა ლაპარაკობდეს ასეთი ლექსიკით?

- წულუკიანის საქციელი აბსოლუტურად გაუგებარი იყო. ეს უფრო იმის მცდელობას ჰგავდა, სხვებზე პროგრესული და თანამედროვე გამოვჩნდეო.

თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსისგან მსგავსი უპასუხისმგებლო რეაქციის გამო პრობლემის მთავარი არსი იკარგება - რატომ არ დაისაჯა ყველა ის პირი, რომლებმაც ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების "კოლექცია" შექმნეს?! ხელისუფლებამ დაამკვიდრა განწყობა - წინა ხელისუფლებამ ვიდეოჩანაწერები შექმნა, მაგრამ არაფერია, ყველაფერი განადგურდაო. ეს აბსოლუტურად გაუმართლებელი მიდგომა გახლდათ, რადგან ჯგუფი, ვინც ჩანაწერებს აკეთებდა, მასალების რამდენიმე ასლსაც ქმნიდა. ისინი ერთმანეთსაც კი არ ენდობოდნენ და თანაგუნდელებზეც არაერთი ჩანაწერი ჰქონდათ "შავი დღისთვის" გადანახული. ამიტომ მხოლოდ ცინიზმად შეგვიძლია აღვიქვათ, როდესაც ჯოხის გადატეხას სააგენტოზე ცდილობ, სისტემას კი ხელშეუხებელს ტოვებ.

- რატომ გახდა პრობლემური, ბოლოს და ბოლოს, იმის გამოძიება, ვინ იყო ფარული ჩანაწერების დამკვეთი და შემსრულებელი?

- ფაქტია, რომ კადრების განადგურების გადაწყვეტილების მსხვერპლი თავად ხელისუფლება გახდა. დღეს მმართველი გუნდის ნაწილი ხვდება კიდეც, რომ ამით მნიშვნელოვანი ბერკეტები დაკარგეს. საქართველოში ყოველთვის ასე ხდება - დამნაშავე არასოდეს ისჯება... არაფერს ვამბობ მათ მორალზე, ვინც დანაშაულებრივი სისტემის ნაწილი გახლდათ. შესაძლოა, სურთ, რომ დავივიწყოთ, მაგრამ საზოგადოებას კარგად ახსოვს "რუსთავი 2"-ის მეშვეობით გავრცელებული ფარული ჩანაწერები, დღეს კი იგივე ადამიანები, ვინც ამ კადრებს ქმნიდა, თურმე "ინტერპრესნიუსს" უცხადებენ ბოიკოტს... გულისამრევი ზუსტად ეს იყო და ცუდად გავხდი, როდესაც "რუსთავი 2"-ის მიერ დადგმულ სპექტაკლს ვუყურებდი.

"ნაციონალური მოძრაობის" სტრატეგიაც ეს არის - სხვას გადააბრალონ ის, რასაც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან აკეთებდნენ. ამ შედეგამდე არ მივიდოდით, კოალიცია თავიდანვე ქმედითი რომ ყოფილიყო - დამნაშავის დასჯა აუცილებელია, თუმცა რევანშზე არ ვსაუბრობ, ესეც დამანგრეველია. კითხვებზე პასუხი სამართლიანი სასამართლოსგან უნდა მიგვეღო, ახლა შესაძლოა მომავალ თაობას სწორი ინფორმაციაც კი ვერ მივაწოდოთ, რა ხდებოდა "ნაცმოძრაობის" მმართველობისას. წარსული ნელ-ნელა იკარგება, შიშიც გაქრა და საზოგადოების ნაწილს აღარც კი ახსოვს, რამდენად ექსტრაორდინარულ ვითარებაში ვცხოვრობდით.

ჩვენ არ გავიაზრეთ, რა მოხდა 1921 წელს, 1991 წელს და კიდევ ერთხელ ვდგავართ ზღვარზე, როდესაც შესაძლოა წარსულის ადეკვატურად გაანალიზება ვერ მოვახერხოთ. სამწუხაროა, რომ ამ საშიში პროცესის სათავეში მმართველი გუნდის ზოგიერთი წარმომადგენელი და პრეზიდენტი დგანან.

"ნაციონალური მოძრაობა" ღირებულებების აღრევასაც ახერხებს, პროპაგანდის ომს კი ხელისუფლება პირწმინდად აგებს. იმის ნაცვლად, ადეკვატური პასუხი გასცენ უკვე დესტრუქციულ ძალად ქცეულ "ნაციონალებს", გამოდიან წულუკიანი და ხიდაშელი და თავს ესხმიან დამოუკიდებელ მედიასაშუალებას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: კადრების გავრცელება მიუღებელია, ამ ამაზრზენი ქმედებებით ზარალდებიან იმ ადამიანების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებზეც კადრები ვრცელდება, მაგრამ არც ის არის სწორი, როცა ამ ადამიანებს გმირებად ვაქცევთ.

პრეზიდენტის განცხადება საერთოდ ამ ინსტიტუტისა და მთლიანად ქვეყნის შეურაცხყოფა იყო. სექსზე ლაპარაკით ნუ ვცდილობთ, კარგ ტიპებად წარმოვჩნდეთ, თითქოს დანარჩენი საზოგადოება ჩამორჩენილია და არ იცის, რა არის სექსი. როდესაც საჯარო სამსახურში მიდიხარ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. სხვათა შორის, კარგად მახსოვს, რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებას სანამ დავიწყებდი, ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ტრენინგი ჩაგვიტარა. გვითხრეს, ცარიელი ფურცლის ერთ მხარეს, რომელსაც არავის აჩვენებთ, თქვენი დადებითი თვისებები ჩამოწერეთ, მეორე მხარეს კი ცხოვრების ის დეტალები, რაც შეიძლება ოპონენტებმა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონო. ქაღალდი კარგად შეინახეთ და ერთი დღის შემდეგ გადაათვალიერეთ, გიღირთ თუ არა პოლიტიკური კარიერის დაწყებაო. ეს სწორი რჩევა გახლდათ.

დღეს პოლიტიკაში ინერციით მოდიან და ბევრს არც კი აქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც პოლიტიკოსს მოეთხოვება. ნუ ვაქცევთ თეთრს შავად და შავს - თეთრად. კარგი იქნება, თუ პრეზიდენტსაც ვინმე ურჩევს, რომ მხოლოდ ყურადღების ცენტრში ყოფნისთვის ნებისმიერი განცხადების გაკეთება, მინიმუმ, არასწორია.

ახალ მორალს ნუ შევქმნით. სხვათა შორის, ესეც "ნაციონალური მოძრაობის" სერიოზული გამარჯვებაა. საზოგადოებაში მუდმივ დაძაბულობასა და შფოთს ქმნიან.

ეს, პირველ რიგში, პირდაპირი დარტყმაა გიორგი კვირიკაშვილზე, რომელიც პრემიერობის პირველივე დღეებში შემრიგებლური პოზიციებით გამოირჩეოდა - საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას შეხვდა და პრეზიდენტიც დააწყნარა. ამ ნაბიჯმა მის მიმართ ნდობის ფაქტორიც გაზარდა, ამიტომ ცდილობენ ყველა მხრიდან მასზე პოლიტიკურ თავდასხმას.

- როგორ ფიქრობთ, არჩევნებამდე მშვიდობიანად მივალთ?

- წინასწარმეტყველი არა ვარ, თუმცა, ვფიქრობ, ვითარება აუცილებლად გამწვავდება. არა იმიტომ, რომ ხელისუფლებას ძლიერი ოპოზიცია ჰყავს, უბრალოდ, რაც უფრო ეცემა "ნაციონალების" რეიტინგი (მათ დღეს არავითარი პოლიტიკური რესურსი არ გააჩნიათ), მით უფრო დესტრუქციულ ძალას წარმოადგენენ...

- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგორი კარასინის განცხადებაზეც გკითხავთ. მან საქართველოში ანტირუსული რიტორიკის გაძლიერებას გაუსვა ხაზი, თქვა, რომ მოახლოებულ არჩევნებს დააკვირდება, "ქართველ პოლიტიკოსებს მუხრუჭები ღალატობთ" და რომ მათ მოთმინებასაც აქვს საზღვარი.

- რუსეთში ქართველების ფსიქოლოგია კარგად აქვთ შესწავლილი და კარგად იციან, მსგავს განცხადებებს რა რეაქცია მოჰყვება. ამიტომ ვრცელი კომენტარისგან თავს შევიკავებ. საზოგადოების ნაწილი ამ ვითარებაში ორი ქვეყნის ხელმძღვანელების შეხვედრაზეც ალაპარაკდა, თუმცა პირადად მე ვფიქრობ, რომ საამისოდ ობიექტური პირობები არ არსებობს. ოკუპანტთან შესახვედრად მომზადებული უნდა მიხვიდე. განსაკუთრებით არაკორექტული და არაფრისმომტანია მოსკოვში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტი.

სხვათა შორის, მე გამოვიყენე შანსი და მოკლე პერიოდში შედეგს მივაღწიე - საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები გავიდნენ. თუმცა ეს იმით კი არ იყო განპირობებული, რომ სხვებისგან გამორჩეული ვიყავი, მაშინ საზოგადოებაც და საერთაშორისო ორგანიზაციებიც ერთსულოვანნი იყვნენ და რუსეთს ვითარების არევის შესაძლებლობა არ ჰქონდა. დღეს ქვეყანაში აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა.

რუსუდან შელია