"იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან" - კვირის პალიტრა

"იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან"

"არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობენ""

რა გავლენას ახდენს წინასაარჩევნო პროცესზე "ფარული ჩანაწერების ომი" და შეძლებს თუ არა პროკურატურა დამკვეთის გამოვლენას, "კვირის პალიტრასთან" პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ჩიქოვანი საუბრობს:

- შემზარავი ფაქტი უკვე დაფიქსირდა და საზოგადოებამ კადრები იხილა, თუმცა ახლა ემოციების დრო აღარ არის - მთავარი გამოძიების დროულად და ეფექტურად დასრულებაა. არ გამოვრიცხავ, ჩანაწერები მომავალშიც გავრცელდეს, რისი ერთადერთი პრევენციაც დამკვეთისა და შემსრულებლის გამოვლენა და მათი სათანადოდ დასჯა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში პროცესი უმართავ სახეს მიიღებს.

- ითქვა, რომ ეს პროცესი შესაძლოა რუსეთიდანაც იმართებოდეს. ამ პირობებში გამოძიების ეფექტურად დასრულების მოლოდინი რამდენად რეალურია?

- ფაქტია, რომ წინა ხელისუფლებამ დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რაც ამ ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელდა - შესაძლოა, შს სამინისტროში ვიდეომასალების ნაწილი არც კი განადგურებულა, ან თავიდანვე მასალების დუბლიკატები კეთდებოდა და ასლები გატანილია. ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან თითოეული მოქალაქის პირადი ცხოვრების დაცვის უზრუნველყოფა სწორედ მას ევალება. თუ ვინმეს ჰქონდა ინფორმაცია, რომ ასლები არსებობს, საქმის ეფექტური გამოძიება მათი გამოყენების ალბათობას შეამცირებდა.

- თუ ასლები ქვეყნიდან გატანილია, გამოძიებას პროცესი რა მექანიზმით უნდა შეეზღუდა?

- იდენტიფიცირებაც კი არ მომხდარა, ვინ გაიტანა ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან. ამიტომ ხელისუფლების მხრიდან ქარაგმებით საუბარი უადგილოა. რეალურად, დღეს ზიანი რომელიმე პოლიტიკოსს კი არა, სახელმწიფოებრიობას მიადგა, ამიტომ, თუ ფუნქციურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, გამოძიება დამნაშავეებზე უნდა გავიდეს. ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, რომ ამ საზარელ დანაშაულს ნათელს მოჰფენენ.

- ამ ფონზე, ფიქრობთ, რომ წინასაარჩევნო პროცესი სტაბილურად ჩაივლის?

- დღეს არავის ეპარება ეჭვი, რომ ჩანაწერების გამომზეურებას პოლიტიკური მიზნები აქვს და მავანი არჩევნების წინ დესტაბილიზაციის მოწყობას ცდილობს. ვიღაცებს სურთ, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე კი არა, ვიდეოკადრების გავრცელების ამაზრზენ დანაშაულზე ვილაპარაკოთ. საბედნიეროდ, საზოგადოების ერთსულოვნებამ ამ პროცესს ნეგატიური განვითარების შესაძლებლობა არ მისცა. ფაქტია, საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტიების პროგრამების ნაცვლად, დღის წესრიგში ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნები მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს. თუ ამ მონაპოვარზე უარს ვიტყვით და რამდენიმე ათეული წლით უკან დავიხევთ, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობაშიც საფრთხე გაჩნდება. ეს საგანგაშო შედეგამდე მიგვიყვანს, რადგან მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, დემოკრატიულ განვითარებაზე უარის თქმა მოგვიწევს. არავინ იფიქროს, რომ აპოკალიფსურ ვითარებას ვხატავ, უბრალოდ, წლებია, საქართველოში თავად არჩევნები აპოკალიფსურ მოვლენასთან ასოცირდება. ამიტომ ნებისმიერ გადაცდომაზე ხელისუფლების ადეკვატური რეაგირებაა აუცილებელი.

საპროტესტო აქცია საქართველოს მასშტაბით

თბილისში კამპანია "ეს შენ გეხებას" საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ფარული ჩანაწერების გავრცელებას აპროტესტებდნენ.

"მოვედით, რომ გავაპროტესტოთ ის სიბინძურე, რომლის მსხვერპლიც გახდა ჩვენი საზოგადოება და კონკრეტული ადამიანები. ეს თითოეულ ჩვენგანს ეხება. ვისაც გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული გზით წავიდეს, ადამიანებს შორის ცივილური ურთიერთობა იყოს და საზოგადოება საბჭოთა წუმპეში არ დარჩეს, იმ სიბინძურის დასამარცხებლად, რომელიც დანაშაულს სცდება, ჩვენი ხმა და ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ", განაცხადა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით: "ამ აქციის მიზანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება "ჩვენ არ გვეხება". არა უკანონო მოსმენებს და თვალთვალს!".

კამპანია "ეს შენ გეხებას" მსვლელობა ფილარმონიასთან დაიწყო და კანცელარიასთან გადაინაცვლა. აქცია "ეს შენ გეხება" პარალელურად ბათუმშიც გაიმართა.

რუსუდან შელია