"სააკაშვილის მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის მიზანია, პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა"

"სააკაშვილს უკრაინა და უკრაინელი ხალხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კი არ ანაღვლებს, საქართველოში რევანში სწყურია. ის საქართველოში დაბრუნებასა და იმ ადამიანებზე შურისძიებაზე ოცნებობს, რომლებმაც გამოაგდეს"

არის თუ არა უკრაინაში პოლიტიკური კრიზისი და რას ამბობენ რადას წევრები საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, "კვირის პალიტრასთან" "პეტრო პოროშენკოს ბლოკის" დეპუტატი დმიტრი გოლუბოვი საუბრობს:

- მართალია, არსენ იაცენიუკმა გადადგომის სანაცვლოდ რამდენიმე პირობის შესრულება მოითხოვა, თუმცა ის ჯერჯერობით უკრაინის პრემიერად რჩება. თუ გადადგომა მაინც გადაწყვიტა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა აუცილებელი გახდება.

- რა როლს ასრულებენ პოლიტიკურ პროცესებში ე.წ. ქართველი "რეფორმატორები"?

- დღეს უკრაინაში პოლიტიკური კრიზისია. მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობაც რთულია - ელექტროენერგიასა და პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, ეროვნული ვალუტა უფასურდება, რის გამოც ცხოვრება ყოველდღიურად უარესდება. ბუნებრივია, ხელისუფლების რეიტინგიც იკლებს, თუმცა

სააკაშვილს უკრაინელი ხალხის ბედი ნაკლებად აღელვებს, მისი აუხდენელი ოცნებაა რიგგარეშე არჩევნები და უკრაინის პრემიერობა.

- მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ცალკე პარტიას ქმნის, თუ უკრაინის პრეზიდენტის პარტიაში ოფიციალურად გაწევრდება?

- როგორც ვიცი, ცალკე პარტიაზეა საუბარი. მას რეალურად აქვს უკრაინის არჩევნებში მონაწილეობის შანსი, საზოგადოება დაიღალა პრობლემებით, მაგრამ სააკაშვილის რეფორმატორობისა პოლიტიკურ სპექტრს ნაკლებად სწამს. კარგად ვიცით, სააკაშვილი როგორ აწამებდა და ხოცავდა ადამიანებს საქართველოში, დიდი ალბათობით, ანალოგიური პოლიტიკის გამტარებელი იქნება უკრაინაშიც. უკრაინაში მას ნაკლებად იცნობენ, თუმცა ოდესის ოლქში უკვე კარგად გაიცნეს.

ოდესაში, სადაც სააკაშვილი თითქმის ერთი წელია მუშაობს, ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და გუბერნატორის მიერ დაპირებული სამოთხეც არსად ჩანს. ის მხოლოდ ტელევიზიებში ჩნდება, მთელი უკრაინა შემოიარა და ტყუილებით ცდილობს რეიტინგის გაზრდას.

- საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი პოროშენკო ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან სააკაშვილის გათავისუფლებას გეგმავს.

- სააკაშვილს ოპოზიციაში წასვლა აუცილებლად მოუწევს. არ გამოვრიცხავ, ეს მის გეგმაშიც შედიოდეს და როგორც თითქოს დამოუკიდებელმა ძალამ, პრემიერობისთვის ოპოზიციიდან იბრძოლოს. მისი მიზანია პრემიერის თანამდებობიდან გაქურდოს უკრაინა. პოროშენკო სააკაშვილს თავის მთავარ შეცდომად მიიჩნევს, უბრალოდ, ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობს.

- როგორც ითქვა, სააკაშვილს ამერიკელი პარტნიორები უმაგრებენ ზურგს...

- ოფიციალური ვაშინგტონი კარგად იცნობს მას და ზურგს მხოლოდ ერთი ჯგუფი უმაგრებს, რომელსაც უკრაინის ქონებაზე უჭირავს თვალი. მაგალითად, ოდესის ოლქში მიხეილ სააკაშვილს პორტისა და კიდევ რამდენიმე მსხვილი კორპორაციის ხელში ჩაგდება უნდა... ცოტა ხნის წინ ოდესაში სააკაშვილის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვება დავიწყეთ. 45 ათასმა კაცმა უკვე მოაწერა ხელი, დარწმუნებული ვარ, ხელმომწერთა რაოდენობა ასი ათასს გადააჭარბებს. მალე ოდესიდან გია ლორთქიფანიძესა და დავით საყვარელიძესაც გააგდებენ.

- რამდენად დიდია ალბათობა, უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს?

- არ გამოვრიცხავ, არჩევნები შემოდგომისთვის დაინიშნოს, მაგრამ ეს კეთილგონიერი გადაწყვეტილება არ იქნება... არჩევნების დანიშვნის შემთხვევაშიც, უკრაინის ხელში ჩასაგდებად სააკაშვილის გეგმა ჩაფლავდება. მას უკრაინა და უკრაინელი ხალხის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა კი არ ანაღვლებს, საქართველოში რევანში სწყურია. ის საქართველოში დაბრუნებასა და იმ ადამიანებზე შურისძიებაზე ოცნებობს, რომლებმაც გამოაგდეს.

რუსუდან შელია