ღარიბაშვილი ბრუნდება?! - კვირის პალიტრა

ღარიბაშვილი ბრუნდება?!

პარტია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტია ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს.

ამის შესახებ კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" აპრილში დაგეგმილ ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა კობახიძემ.

ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.

რამდენიმე დღის წინ, ექსპრემიერის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა მეუღლესთან ერთად გადაღებული სურათი დადო "ფეისბუკში", სადაც ჩანს რომ ცოლ-ქმარი გერმანიაში ისვენებს.

როგორც ჩანს, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი უმეტეს დროს ოჯახთან ერთად ატარებს. ცნობილია, რომ ნუნუკა მეოთხე შვილს ელოდება. ღარიბაშვილი-თამაზაშვილის ოჯახს გოგო ეყოლება. წყვილს სულ სამი შვილი ჰყავს. ყველაზე უმცროსი, გაბრიელი მათ გასული წლის აპრილში შეეძინათ.