"გადაბაძეს ზეწოლა მარტო ცემა ჰგონია"?! - კვირის პალიტრა

"გადაბაძეს ზეწოლა მარტო ცემა ჰგონია"?!

ნელი ბეგიაშვილი: "40-მდე კაცი აცხადებს უარს "მაესტროს" დატოვებასა და ახალ ტელევიზიაში გადასვლაზე"

ბაია გადაბაძე: "თუ დირექტორს არ ვუშვებ ამ შენობაში, რადგან მის მეპატრონეს ასე სურს, რიგითმა თანამშრომელმა რატომ უნდა იაროს და ორივე ნავში სცადოს ადგილის დაკავება?"

ტელეკომპანია "მაესტროს" გარშემო ნეგატიური პროცესები არ წყდება. უკვე რამდენიმე დღეა, ტელევიზია სახელისა და ლოგოს გარეშე მაუწყებლობს, რაც თანამშრომელთა საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს. მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრმა შპს "სტუდია მაესტროს" გენერალურ დირექტორად ლევან გაჩეჩილაძე დაარეგისტრირა, როგორც ირკვევა, ძველმა მენეჯმენტმა თანამშრომლებს შესთავაზა, არჩევანი გაეკეთებინათ შპს "სტუდია მაესტროსა" და ბაჩო კიკაბიძის ახალ ტელევიზია "მ 24"-ს შორის, შესაბამისად, მათ "სტუდია მაესტროდან" წასვლის თაობაზე განცხადების დაწერა მოსთხოვეს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. თანამშრომელთა იმ ნაწილმა, ვინც არ დაეთანხმა ამ წინადადებას, სპეციალური განცხადება გაავრცელა იმის თაობაზე, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების საშუალება არ ეძლევათ და ზეწოლაში არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძე დაადანაშაულა.

"ჩვენ ბაია გადაბაძეს აღარ მივიჩნევთ დირექტორად"

მარკეტინგის თანამშრომელი ნელი ბეგიაშვილი ერთ-ერთია, ვინც უარი თქვა "სტუდია მაესტროდან" წასვლაზე: - როცა, ვთქვი, რომ ბაია გადაბაძე ჩემზე ზეწოლას ახდენდა-მეთქი, გამოვიდა და თქვა, რა ზეწოლა, ვცემეო? გადაბაძეს ზეწოლა მარტო ცემა ჰგონია?! ზეწოლაა ისიც, როცა ადამიანს აიძულებ, მისი ნების გარეშე დაწეროს განცხადება, თან ისე, რომ მოსაფიქრებლად დროსაც არ აძლევ. სწორედ ასე გააკეთა გადაბაძემ, თათბირზე 5 საათზე შეგვკრიბა და გამოაცხადა, 7 საათამდე ყველას განცხადება მქონდეს, ვინც არ დაწერს, სამსახურიდან წავიდესო. უკვე 40-მდე კაცი აცხადებს უარს "მაესტროს" დატოვებასა და ახალ ტელევიზიაში გადასვლაზე. ამიტომაც ბევრს შენობაში შესასვლელი საშვი ჩამოართვეს. არაერთი თანამშრომელია დაბნეული და არ იცის, რა ქნას. ჩვენ ბაია გადაბაძეს აღარ მივიჩნევთ დირექტორად, თუმცა მაინც ძალადობს თანამშრომლებზე. სხვათა შორის, ის განცხადებები, რომელთა დაწერაც ხალხს აიძულა, ლევან გაჩეჩილაძეს არ დაუკმაყოფილებია, შესაბამისად, ყველა თანამშრომელი მაინც შპს "სტუდია მაესტროს" თანამშრომლად მიიჩნევა.

რაც შემეხება მე, ვინაიდან განცხადება არ დავწერე და მოსაფიქრებლად 10 დღე ვითხოვე, გამომიცხადა, რომ თურმე შინ უნდა მეფიქრა. როცა ვიკითხე, შინ რატომ, სამსახურიდან მაგდებ-მეთქი? პასუხად მივიღე, დებილი ხარ, ვერ ხვდები, რას გეუბნებიო? ვიკამათეთ. ბოლოს მომაძახა,"დურნაია ბაბაო! როცა ამაზე საჯაროდ დავიწყე ლაპარაკი, გამოვიდა და თქვა, აბა, მითხარით, ვინ არიან და რა თანამდებობის ხალხი ლაპარაკობს ამასო? რა შუაშია თანამდებობა?! დამლაგებელიც რომ ვყოფილიყავი, ასე ლაპარაკის უფლება ჰქონდა? სხვათა შორის, იმ თათბირზე იკამათეს გადაბაძემ და "ფაქტორის" პროდიუსერმა ბაია ძაგანიამ, რომელსაც საშინლად მიმართა. წელიწადზე მეტია ხელფასების გაცემაზე სულ პრობლემაა, 1-2 თვით დაგვიანება ჩვეულებრივი ამბავი იყო, თანაც ამაზე ისეთი აგდებული დამოკიდებულება ჰქონდათ, უკმეხი პასუხის შიშით ბაია გადაბაძეს ვერც ვერაფერს ჰკითხავდი.

გადაბაძის არც ერთი სიტყვის არ მჯერა. ასე იყო მთელი ეს სამი წელი, როცა არაერთი გადაცემა დახურა. სულ გვიკვირდა, რატომ იცავდა კოტე გოგელია ასეთი გააფთრებით გადაბაძეს, ახლა მივხვდით, რატომაც - სწორედ ამგვარი კრიტიკული ვითარებისთვის, რადგან როგორც გამოჩნდა, ბაია გადაბაძე ყველაფერზეა წამსვლელი. რაც შეეხება იმას, რომ დამფუძნებლებს შორის მოლაპარაკება უნდა გაიმართოს, ჩვენც ამ აზრს ვიზიარებთ. ნურც თანამშრომლებს დაგვაპირისპირებენ და ნურც ამ ტელევიზიას მიიყვანენ განადგურებამდე.

შპს "სტუდია მაესტროს" გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის ადვოკატის, ირაკლი კორძახიას ინფორმაციით, "სტუდია მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელ გია გაჩეჩილაძესა და ამავე კომპანიის წილის მფლობელ მაკა ასათიანს შორის კომუნიკაცია შედგა, რაც მოლაპარაკების დაწყებას ისახავდა მიზნად. მოგვიანებით ეს ბაია გადაბაძემ უარყო და თქვა, რომ მაკა ასათიანი მოლაპარაკებას არ აპირებდა...

"მოლაპარაკებაზე ყველა მხარე უნდა დაფიქრდეს!"

რამდენად რეალურია დამფუძნებლებს შორის მოლაპარაკების დაწყება და რას პასუხობს ""სტუდია მაესტროს" თანამშრომლების ბრალდებებს ბაია გადაბაძე: - ინფორმაცია იმაზე, რომ მაკა მოლაპარაკებაზე უარს ამბობდა, სწორედ ჩემგან გავრცელდა, მაგრამ ახლა რომ ვხედავ, შექმნილ ვითარებაში როგორ ზარალდებიან რიგითი თანამშრომლები, რომ მათ თავზე გადაიარა ამ ყველაფერმა, ვფიქრობ, მოლაპარაკებაზე ყველა მხარე უნდა დაფიქრდეს!

ყველა მხარე თითქოს ტელევიზიის გადასარჩენად ვიბრძვით, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ ტელევიზია გადაჰყვა ამ ამბავს, მაშინ ამ ბრძოლას რაღა აზრი ექნება?

ამ სიმპტომებს უკვე ყველა ხედავს. ამიტომ მოლაპარაკების მცდელობას წინ რა უდგას. თუ ამდენ კეთილგონიერებას გამოიჩენს ყველა მხარე, ვგულისხმობ მამუკა ღლონტსა და ეკა აკობიასაც, ამას მხოლოდ მივესალმები. მამუკამ და ეკამ თქვეს, ჩვენ მესამე მხარე ვართო, აქ ნუმერაციას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, როგორმე ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალოს. ყველა მხარეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ამ ძიძგილაობასა და საქმის გაფუჭებაში ყველას აქვს თავისი წილი, ამიტომ ყველამ კეთილი ინებოს, პირადი ამბიციები ცოტა ჩააჩოჩოს და როგორც უნდათ, ისე გამოვიდნენ ამ ვითარებიდან. მოლაპარაკება უნდა დაიწყონ.

- ჟურნალისტები სახელფასო დავალიანებაზე საუბრობენ, ვინ არის დღეს ვალდებული, გაისტუმროს ეს დავალიანება?

- მხოლოდ თებერვლის ხელფასებია გასასტუმრებელი. ლევან გაჩეჩილაძე არის სამართალმემკვიდრე კომპანიაში არსებული ვითარების, ამიტომაც პასუხისმგებელი ახლა ის არის. კრედიტორთა კრებაზე რომ გაიძახოდა, 54-მილიონიან ვალს გავისტუმრებ და ყველას დაგაკმაყოფილებთო, ვიდრე ამ 54 მილიონს იშოვის, კეთილი ინებოს და 360-ათასლარიანი დავალიანება გაუსტუმროს თანამშრომლებს.

- ამბობენ, რომ ხელფასები ადრეც გვიანდებოდა, ამას ამბობენ ისინი, ვინც თქვენ ზეწოლაში გადანაშაულებენ...

- დაასახელონ, რა სახის ზეწოლა მოვახდინე. როცა თათბირი ჩავატარეთ მე, მამუკა ღლონტმა და ბაჩო კიკაბიძემ, მათ ვუთხარით, თუ გსურთ სტაბილური ხელფასი, რასაც გაჩეჩილაძე გპირდებათ, წადით, ვისაც გსურთ აქ დარჩენა და ბრძოლის გაგრძელება, დარჩით-მეთქი...

- მათი თქმით, არ მიეცით გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად დრო...

- პროცესი ლამის ორი კვირა მიმდინარეობდა და გადაწყვეტილება უკვე უნდა მიეღოთ. თუ დირექტორს არ ვუშვებ ამ შენობაში, რადგან მის მეპატრონეს ასე სურს, რიგითმა თანამშრომელმა რატომ უნდა იაროს და ორივე ნავში სცადოს ადგილის დაკავება? თუ ზეწოლა მოვახდინე, როგორ მოხდა, რომ 150 კაცში მხოლოდ ორმა იგრძნო ეს? თან ეს ყველაფერი გადაღებულია ორი კამერით.

- რამდენმა კაცმა დაწერა განცხადება "სტუდია მაესტროდან" წასვლაზე?

- ბოლო ინფორმაციით, 200-მდე თანამშრომელმა. გაჩეჩილაძის ადვოკატმა თქვა, 40-მა უკან გაიტანაო. ვადასტურებ, იყო ასეთი შემთხვევებიც, თუმცა რამდენმა გაიტანა უკან, ზუსტად არ ვიცი.

- იმ თანამშრომლებს, ვინც უკან გაიტანეს განცხადებები, ამწუთას ეძლევა შენობაში შესვლისა და მუშაობის საშუალება?

- რა თქმა უნდა, ყველას.

- მაგრამ მე ვესაუბრე იმ თანამშრომლებს, ვისაც საშვი უკვე ჩამოართვეს...

- ვინც საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა, იმას, რასაკვირველია, მოვთხოვეთ საშვის დატოვება.

ნათია დოლიძე