რას ამბობს უშიშროების გენერალი ოდეერების ინსტიტუტზე - კვირის პალიტრა

რას ამბობს უშიშროების გენერალი ოდეერების ინსტიტუტზე

"როგორ გგონიათ, უცხოეთის დაზვერვას არ სჭირდება სტუდენტების გადაბირება?!"

უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებმა აქტუალური გახადა ე.წ. ოდეერების თემა. განათლების სისტემაში მათ ყოფნას სტუდენტები საბჭოურ გადმონაშთად მიიჩნევენ.

ანზორ მაისურაძე, უშიშროების გენერალ-მაიორი: - ოდეერი ყველა ქვეყანას ჰყავს. სახელმწიფოს თუ დასჭირდება, ის პრეზიდენტთანაც იქნება, მინისტრთა კაბინეტშიც და უნივერსიტეტშიც. მათ აქვთ ორი ფუნქცია. ერთი, რომელსაც იყენებს დაზვერვა და მეორე, რომელსაც იყენებს კონტრდაზვერვა. დაზვერვის ოფიცრები ყოველთვის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროში. მაგ., ინგლისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში იმდენი ოფიცერია, ვერ გაარჩევ, ვინ სამინისტროს თანამშრომელია და ვინ მოქმედი რეზერვის ოფიცერი. ოდეერი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და არა ჩვენს მისაყურადებლად. უნივერსიტეტში ჩემს დროს არ იყო ოდეერი, მაგრამ ახლა თუ არის, ე.ი. სახელმწიფოს დასჭირდა. მისი მიზანი ის კი არ არის, გაიგოს, რა უთხრა ნანამ ნინოს, არამედ დაიცვას შენობა, მაგალითად, ტერორისტებისაგან. ასე რომ მოხდეს, ხალხი ხომ ატეხს ერთ ამბავს, სად იყო უშიშროების სამსახურიო? საყოველთაოდ ცნობილ მაგალითსაც მოგიყვანთ: გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირმა კემბრიჯის უნივერსიტეტიდან სტუდენტები გადაიბირა. ეს იყო ცნობილი"კემბრიჯის ხუთეული, რომელიც დიდ ბრიტანეთში დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა აგენტურის ქსელის ბირთვი იყო. ისინი შემდეგ საბჭოთა სპეცსამსახურების ფარული ხელშეწყობით ინგლისის სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე დაწინაურდნენ. ზოგი აქტიური მამათმავალი იყო, ზოგი - ფარული, ერთი კი - აღიარებული ჰომოსექსუალი. ამით დააშანტაჟეს და ისინიც წლების განმავლობაში აწვდიდნენ საბჭოთა დაზვერვას ცნობებს თავიანთი ქვეყნისა თუ სხვა სახელმწიფოების საიდუმლოებათა შესახებ. როგორ გგონიათ, უცხოეთის დაზვერვას არ სჭირდება სტუდენტების გადაბირება? ეს არ უნდა იცოდეს კონტრდაზვერვამ? როგორ გაიგებს, თუ არ ეყოლება თავისი აგენტურა? ამის გარდა, ის ხალხი, ვინც დაზვერვიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ მიდის, ხომ არ იტყვის, დაზვერვიდან ვარო? ზოგი იტყვის, უნივერსიტეტში ვმუშაობო და არის კიდეც იქ გაფორმებული, სინამდვილეში კი უშიშროებაში მუშაობს. ან ვინ ჩამოვა საქართველოში და გეტყვის, თურქეთის ან ინგლისის დაზვერვის თანამშრომელი ვარო?

"ოდეერები წყვეტდნენ, ვინ მიეღოთ სამსახურში და ვინ - არა..."

ვახტანგ მაისაია, ექსპერტი: - "ნაციონალების" დროს ოდეერის ინსტიტუტს ევალებოდა სახელმწიფო პოლიტიკის გატარება და ე.წ. რბილი პოლიტიკური პრესინგი. ისინი გადაწყვეტილებების მიღებაშიც მონაწილეობდნენ. მაგ., საგარეო საქმეთა სამინისტროში ისინი წყვეტდნენ, ვინ მიეღოთ სამსახურში და ვინ - არა. დღესაც ასეა. განათლების სისტემაშიც არსებობდა ოფიცერი, რომლის მიზანი სისტემის სპეცსამსახურების კადრებით შევსება იყო...

მეფის ოდეერები...

ოდეერის ინსტიტუტი აღმაშენებლის დროსაც კი არსებობდა. დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ამბობს: "არც რა ქვეყანასა შიგან არსებობდა, რაიცა მეფისთვის საცნაურ არ იყო. ცოლსა ქმრისთვის ვერა ეთქვა რა და ქმარს - ცოლისთვის, თითქოს კედლებსაც ყური ჰქონდა გამობმული". იმ ეპოქაშიც მუშაობდა აგენტურა. აღმაშენებლის მსტოვრებიც შენიღბულნი მიდიოდნენ მეზობელ ქვეყნებში და მეფემ ყოველთვის იცოდა, რა ხდებოდა საქართველოს გარშემო. ქვეყნის უსაფრთხოებას სჭირდება ოდეერის ინსტიტუტი. სახელმწიფო ძლიერი რომ იყოს, ასეთი ინსტიტუტი უნდა ჰქონდეს.

ნანა ფიცხელაური