"საქართველო სტრატეგიულ მარტოობაშია" - როგორ გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეს
28-03-2016
"საქართველო სტრატეგიულ მარტოობაშია" - როგორ გავუმკლავდეთ ტერორიზმის საფრთხეს
"2016 წელს ISIS-ი უპრობლემოდ გადაიტანს"

"გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურად მწვავე დარჩება საფრთხეებისა და რისკების ცვალებადი სპექტრით"


რა სჭირს თანამედროვე დასავლეთს? სპეცსამსახურები დასუსტდა თუ უსაფრთხოების აქამდე არსებული კონცეფციები და ინსტიტუციონალური მოწყობა ვეღარ პასუხობს დღევანდელ გამოწვევებს. რა უნდა გაკეთდეს, რომ ტერორიზმს ნაწილობრივ მაინც წინ აღუდგეს მსოფლიო. როგორც სპეციალისტთა დიდი ნაწილი თვლის, ტერორით პარალიზებული მსოფლიო გაურკვევლობაშია.

გიორგი ანთაძე, დოქტორანტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში: - აშშ-ის განცხადება, რომ წ
არმატებით დამთავრდა მეორე ერაყული კამპანია, სიმართლეს არ შეესაბამება. ნებისმიერი მსგავსი კამპანია ფასდება შედეგით, რა ტიპის მშვიდობას­ ტოვებ ადგილზე, როდესაც უკანასკნელი ჯარისკაციც კი გაგყავს.

ნათლად ჩანს, რაც დატოვა ამერიკამ ერაყში, რამხელა ძალაუფლების ვაკუუმი­ შეიქმნა რეგიონში, პლუს სირიის კონფლიქტი. ბოლო 3 წელია ამერიკა გამ­ოსვლას ცდილობდა რეგიონიდან, მაგრამ ახლა შებრუნება უწევს, რადგან გამოჩნდა ახალი,
ძალიან სახიფათო მოთამაშე.
ბარაქ ობამამ­ ბოლო თვეებში გან­აცხადა, ბოლომდე ­ვიბრძოლებთ ისის-ის წინააღმდეგო. მანამდე მკვეთრად ჩამოყალიბებული პოზიცია არ ჰქონდა და დღემდეც არ არის ჩამოყა­ლიბებული ევროპული და ევროატლანტ­იკური სტრატეგია, როგორ გაუმკლავდებიან ამ ტერორისტულ მონსტრს. ახლახან დაანონსდა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გლობალური შეხვედრა იგეგმება.

- ის, რაც დღეს ევროპას სჭირს, ერაყში დაშვებული შეცდომებიდან გამომდინარეობს?
- დიახ, ეს არა მარტო ერაყში, არამედ ბოლო ათწლეულების განმავლობაში­ გეოპოლიტიკაში დაშვებული შეცდომების­ შედეგია. ამას დაუმატეთ აშშ-ში წინ­ასაპრ­ეზიდენტო არჩევნების კამპანიის შე­დეგები. კანდიდატებს საეჭვო პოლიტიკური­ კურსი აქვთ, გაუგებარია, საით უმიზნებენ ტრამპი და სანდერსი. თითქოს უკანა დროში დაბრუნება განუზრახავთ, მათი მესიჯები იზოლაციონალიზმისკენ მოწოდებას ჰგავს. ამიტომაც, სანამ ახალი ადმინისტრაცია არ მოვა, გაურკვეველია, რა სახეს მიიღებს კონტრტერორისტული სტრატეგია. ასე რომ, წყალი არ გაუვა, 2016 წელს ისის-ი უპრობლემოდ გადაიტანს.

- როგორ ფიქრობთ, ევროპული სპეცსამსახურები მოწინააღმდეგეს შესაძლებლ­ობებით ხომ არ ჩამორჩებიან? არსებობს მოსაზრება, რომ ისის-ის შესანიშნავად აქვს შესწავლილი­ ევროპული ანტიტერორისტული სტრატეგია, რომელიც მოძველდა... გავრცელებული ინფორ­მაციით, ბრიუსელში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი თვითმკვლელი ძმები აშშ-ს შავ სიაში ჰყავდა, თურქეთმა კი ერთ-ერთის, როგორც ტერორისტებთან კავშირში შემჩნეულის, ბელგიაში­ ექსტრადიცია მოახდინა და მას თავისუფლება­ არ ჰქონდა შეზღუდული.

- სამწუხაროდ, გამოჩნდა, რომ ევროპული ქვეყნების ნაწილი, მათ შორის, ბელგიაც, რთულ მდგომარეობაშია, მას კონტრტერორისტული საქმიანობისთვის საკმარისი ადამიანური რესურსიც კი არა აქვს. 30 წლის განმავლობაში ევროპაში გაბატონებული იყო პოზიცია საყოველთაო მშვიდობის დამყარებაზე. ეს აისახა პოლიტიკურ განწყობებზე და დაიწყო თავდაცვის და უსაფრთხოების ბიუჯეტის მასობრივი სეკვესტრი. შესაბამისად, დღეს არა მხოლოდ ტერორისტული საფრთხის, კონვენციური საფრთხის, რუსეთის წინაშეც კი დაუცველი აღმოჩნდნენ. ამას ნატოც აღიარებს და მხოლოდ ბოლო დროს დაიწყო რეაგირება... პატარა ევროპული ქვეყნების სპეცსამსახურები ვეღარ ერევიან ევროპულ კავშირში შექმნილ მრავალწახნაგოვან სოციალურ, მულტიკულტურულ, ემიგრაციულ და სხვა პრობლემებს.

- როგორია რუსეთის როლი ანტიტერორისტულ ღონისძიებებში? რუსეთი თავისი ინტერესებისთვის მოქმედებს, თუ მასაც აშინებს ტერორიზმის საფრთხე?
- რუსეთი მღვრიე წყალში თევზის დაჭერას ცდილობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, ტერორიზმთან ბრძოლაში სტრატეგიას წარმართავდეს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ოპერატიულ დონეზე გავლენა ექნება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ისის-ის მებრძოლთა რიგებში ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ჩრდილო კავკასიის მკვიდრი უამრავი მებრძოლია. მათი საშუალებით რუსეთს გავლენა და საცეცები ექნება.
ფაქტია, სირიაში აქტივობით სტრატეგიული მომენტი დაიჭირა და ევროპისგან ეკონომიკური სანქციების მოსაგვარებელი ბერკეტი შექმნა, წონა შეიძინა, თავი მოთამაშედ აქცია და ეს გამოიყენა როგორც ინსტრუმენტი თავისი პრესტიჟის განსამტკიცებლად, სავაჭრო სანქციების მოსახსნელად, უკრაინის მიმართ დასავლეთის პოზიციის შესამსუბუქებლად. ამასთან, ევროპაში ტერორიზმის ისტერია ხელს უწყობს ევროპული ნაციონალიზმისა და მემარჯვენე იდეების პოპულარიზაციას, ასუსტებს ჩრდილოატლანტიკურ განწყობებს და პირდაპირ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა, იმის თქმა, რომ რუსეთი მართავს პროცესებს, არასერიოზულია, ტერორისტები გაცილებით დამოუკიდებლები არიან, ვიდრე "ცივი ომის" პერიოდში იყვნენ და რუსეთზე არანაკლები ფული და სახსრები აქვთ.

- პროცესები გლობალურად გააზრებული­ არც რუსეთს უნდა ჰქონდეს.

- გეოგრაფია მნიშვნელოვან როლს თამ­აშობს. სანამ ავღანეთთან საზღვარი სტაბილური აქვს, ისის-ის პრობლემა მასთან ვერ მივა, მაგრამ საკმარისია ჩამოიშა­ლოს ავღანეთი, რომ რუსეთის ცენტრალური საზღვრების პრობლემა ისევ გამწვავდება. ვგულისხმობ ტაჯიკეთსა და იქაურ ისლამურ მოძრაობებს. აქედან გამომდინარე, დაძაბულობის კერის თავისი საზღვრებიდან შორს გადატანა მისთვის მნიშვნელოვანი მომენტია.

- ამ ფონზე საქართველომ როგორ უნდა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება? ხომ არ შეფერხდება ჩვენი ნატოში ინტეგრაცია?

- საქართველოს ნატოში გაწევრების თარიღი ძალზე ბუნდოვანია. ცხადია, მომავალ სამიტზე საქართველო გაწევრების სამოქმედო გეგმას ვერ მიიღებს, მიზეზები კი, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური ხასიათისაა. რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებამ აჩვენა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას რუსეთი მტრულ ნაბიჯად აღიქვამს. რუსეთის სტრატეგიულ დოკუმენტებში, როგორიცაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, სამხედრო დოქტრინა და საზღვაო დოქტრინა, ნატოს გაფართოება დასახელებულია ნომერ პირველ საფრთხედ, რომელზეც რუსეთი შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ვფიქრობ, ეს მკაფიო სიგნალია, რომ საქართველოს ალიანსში გაწევრება ახალ კრიზისს გამოიწვევს რუსეთისა და ნატოს ურთიერთობაში. შესაბამისად, ალიანსის უმთავრესი ქვეყნები დღეს მხარს არ უჭერენ საქართველოს გაწევრებას. სიტუაცია უახლოეს პერსპექტივაში უცვლელი დარჩება. ამ მიმართულებით რუსეთს საკმარისად აქვს ბერკეტები საქართველოზე ზემოქმედებისათვის. პირველ რიგში ეს არის სამხედრო ბაზები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, და თვითმარქვია რესპუბლიკებთან რუსების მიერ გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებები, რომლებიც თავისუფლად მოქმედების ფსევდოლეგიტიმურ საშუალებას აძლევს კრემლს. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ზემოქმედება ქვეყნის შიგნით...
დღეს საქართველოს ალიანსში გასაწევრებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა არ შეუძლია მაღალი რისკის მქონე რუსეთის საპასუხო რეაქციების გამო.

რაც შეეხება გეოპოლიტიკურ გარემოს, რუსეთ-უკრაინის კრიზისი და სიტუაცია დონბასში, სავარაუდოდ, გაყინული კონფლიქტის სახეს შეიძენს, ხოლო ყირიმი აუცილებლად დარჩება რუსეთის შემადგენლობაში და ახალ, განსაკუთრებით სამხედრო მნიშვნელობას შეიძენს იქ განთავსებული ფლოტისა და სტრატეგიული შეიარაღების გამო. ამასთან, შესაძლოა, სირიაში­ ასადის რეჟიმის შენარჩუნება მეორეხარისხოვანი ამოცანაც კი გახდეს. რუსეთმა მოახერხა რეჟიმის პოზიციის გამყარება, საკუთარი­ მნიშვნელობის წარმოჩენა და შეეცდება, სირიის მომავალში თავისი როლი გამოკვეთოს, განსაკუთრებით, ენერგეტიკული ინტერესების მხრივ. ჩანს, აშშ-სა და რუსეთს შორის გარ­კვეული მოლაპარაკება მიმდინარეობს, სირიისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გამო. ამის დასტურია ახლახან ვლადიმერ პუტინის და ჯონ კერის შეხვედრა. ნაკლებ სავარაუდოა, ისეთი მეორეხარისხოვანი საკითხებზე, როგორიც საქართველოს ნატოში გაწევრებაა, ახალი დაპირისპირების მიზეზი წარმოშვან ერთმანეთთან ურთიერთობაში.
ამ ფონზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი პრეზიდენტის არჩევნებს აშშ-ში. კანდიდატებს შორის საგარეო პოლიტი­კის თაობაზე სერიოზული­ აზრთა სხვადასხვაობაა და ძნელი სათქმელია, როგორი ეფექტი ექნება კავკასიისთვის ახალი ადმინისტრაციის მოსვლას თეთრ სახლში.

ქართულ-ევროპული ურთიერთობა კონკრეტული რეფორმების გატარების საქმეში პროდუქტიულად გაგრძელდება. ევროპა ამ მხრივ კვლავინდებურად უმთავრესი პარტნიორი იქნება. სავიზო რეჟიმის გაუქმება მხოლოდ ხელს შეუწყობს კავშირების განმტკიცებას, თუმცა განსაკუთრებული გარღვევები ევროპული ინტეგრაციის გზაზე ნაკლებად სავარაუდოა. დიდი ბრიტანეთის შესაძლო გამოსვლამ ევრო­კავშირიდან შეიძლება არასასურველი პრეცედენტი შექმნას, ბუნდოვანი პოტენციური შედეგებით. გასათვალისწინებელია რუსეთის სურვილიც, დეზორიენტაცია შეიტანოს ევროატლანტიკურ სივრცეში მის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით. მოკლედ, გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურად მწვავე დარჩება საფრთხეებისა და რისკების ცვალებადი სპექტრით. შეიძლება ითქვას, დღეს საქართველო სტრატეგიულ მარტოობაშია, მან მარტომ უნდა იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე. ქვეყანას ჰყავს ბევრი პარტნიორი, მაგრამ არც ერთი სტრატეგიული მოკავშირე. საქართველო მისი ამჟამინდელი საგარეო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად უკეთეს გეოპოლიტიკურ ფანჯარას უნდა დაელოდოს. ამ პროცესების წარმატებისთვის გეოსტრატეგიული აზროვნების ქართულ პოლიტიკურ რეალობაში დაბრუნება აუცილებელი წინა პირობა იქნება.

ყველაზე მასშტაბური ტერაქტები საქართველოში

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტერაქტად ითვლება აფხაზეთის ომის მიწურულს, 1993 წელს, სამი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდება. ორი ჰაერში ააფეთქეს, ერთიც აფხაზებმა აეროპორტში გაანადგურეს 1993 წლის 24 სექტემბერს, რის შედეგადაც დაიწვა 200 და გადარჩა 11 ადამიანი.

ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა 1995 წელს, სახელმწიფო მეთაურზე, ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმასაც. 1998 წელს, კრწანისთან მას კიდევ ერთხელ მოუწყვეს ტერაქტი.
ტერორისტულ აქტად მიიჩნევა 1998 წლის ჯიხაშკარის მოვლენებიც, რომლის ორგანიზატორი გოჩა ესებუა იყო, მან მძევლად აიყვანა ეუთოს დამკვირვებლები. 2005 წლის 1-ელ თებერვალს გორში აფეთქებას 3 ადამიანი შეეწირა, 30-მდე კი დაშავდა.
ეკა ლომიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით