"არჩევნებში დამოუკიდებლადაც შევძლებდით გამარჯვებას" - კვირის პალიტრა

"არჩევნებში დამოუკიდებლადაც შევძლებდით გამარჯვებას"

"ღარიბაშვილის დაბრუნებაზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა"

"ქართული ოცნება" პარტიული ყრილობისთვის ემზადება. ამის შესახებ მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე გვესაუბრება:

- როგორც პარტიული სიის, ისე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების შერჩევა დაწყებულია და მონახაზებიც არსებობს. ამ ეტაპზე გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. აპრილში პარტიის ყრილობა გაიმართება და არ გამოვრიცხავ, ახალი სახეებიც მაშინ წარვადგინოთ.

- ამბობენ, რომ სიის ათეულში უკვე არის თქვენი კანდიდატურა...

- ვიმეორებ, ამ ეტაპზე ვერც ერთ გვარს ვერ გავამხელთ. ჯერჯერობით ეს ჩვენს შიდა სამზარეულოდ რჩება.

- ფაქტია, მეჭიაურისა და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების განცხადებების ფონზე, კოალიციაში ისევ აზრთა სხვადასხვაობაა. ფიქრობთ, რომ ამ პირობებში გაერთიანება არჩევნებამდე ძველი შემადგენლობით მისვლას შეძლებს?

- ჩვენ გვინდა, კოალიცია დღევანდელი სახით შევინარჩუნოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. არჩევნებამდე ნახევარი წელიწადია დარჩენილი და ამ დროში მოვლენები სხვადასხვაგვარად შეიძლება განვითარდეს.

- ეს ნიშნავს, რომ კოალიციის დაშლა თქვენთვის მოულოდნელი არ იქნება?

- პოლიტიკაში ვერც ერთ თეორიულ სცენარს ვერ გამოვრიცხავთ. პარტიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უდავოდ განიცადა პროგრესი. ჩვენ ვზრუნავთ პარტიის განვითარებაზე, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" დღესაც ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალაა როგორც ორგანიზაციული, ისე ადამიანური რესურსით.

- რესპუბლიკელებიც თქვენზე სუსტ ძალად მიგაჩნიათ? ისინი ხომ თავს გამოცდილ და ერთიან პარტიად მიიჩნევენ?

- არ მინდა რომელიმე პარტიაზე ვისაუბრო. მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ ჩვენი რესურსებით ყველა სხვა პარტიაზე ერთი თავით მაღლა ვდგავართ.

- მიანიშნებთ, რომ არჩევნებზე არც დამოუკიდებლად გასვლა გაგიჭირდებათ?

- დამოუკიდებლადაც შევძლებდით გამარჯვებას, თუმცა, კოალიციურ პარტნიორობას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

- აღნიშნეთ, რომ ძლიერდებით, თუმცა, გორის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგეთ, აჭარის მთავრობაშიც, დიდი ხანია, უმრავლესობა აღარ გაქვთ...

- რეგიონებში პრობლემები დაგროვდა, თუმცა, გამართული პარტიული სტრუქტურები ქვეყნის მასშტაბით პროცესების ეფექტურად მართვის საშუალებას გვაძლევს. ადგილობრივი პარტიული ორგანიზაციების სრულფასოვნად ამოქმედების შემდეგ ჩვენი რესურსი უფრო გაძლიერდება.

- 2012 წლის მსგავსად რეგიონებში აქციების გამართვასაც გეგმავთ?

- ბუნებრივია... დეტალურ გეგმას უახლოეს მომავალში შევიმუშავებთ.

- ფარულ კადრებზე თანაგუნდელების განცხადებებს თუ შეაფასებთ? საინტერესოა, ეს პროცესი აძლევს თუ არა შანსს ყველა პოლიტიკურ ძალას, წინასაარჩევნო კამპანია თანაბარ კონკურენტუნარიან გარემოში ჩაატაროს?

- არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც პროცესში დისონანსის შეტანა სურთ. ჩვენი ამოცანა ამის პრევენციაა. რაც შეეხება საარჩევნო პროგნოზს, არჩევნებში "ქართულ ოცნებას" რეალური კონკურენტი არ ჰყავს და შემოდგომაზე ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია.

- პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება იგეგმება?

- ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობა არ ყოფილა.

რუსუდან შელია