"ეს ჩემს წინააღმდეგ დაწყებული შანტაჟია" - კვირის პალიტრა

"ეს ჩემს წინააღმდეგ დაწყებული შანტაჟია"

"მაქვს ეჭვი, რომ ძალოვან უწყებებში დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომლებზეც კომპრომატები არსებობს"

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამაზ მეჭიაურის განცხადებას - თუ უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს და ამას მათგან საიდუმლო ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, მათ თანამდებობები უნდა დატოვონო - თავად საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი ემიჯნება. ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, რომ მეჭიაურის მოწოდებით გაოგნებულია. გვესაუბრება თამაზ მეჭიაური:

- უმაღლესი თანამდებობების პირებზე, რომლებსაც საიდუმლო მასალებზე წვდომა აქვთ, კომპრომატები არ უნდა არსებობდეს. თუ არსებობს, თანამდებობები უნდა დატოვონ.

- რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას ფლობთ?

- პორნოვიდეოებს არ ვუყურებ. აქ სახელმწიფო მიდგომაზეა საუბარი - ვიცით, რისთვის გამოიყენებენ ამ ჩანაწერებს მომავალში? 2011 წელს ამერიკაში ოთხვარსკვლავიანი გენერალი თანამდებობიდან სწორედ ცოლის ღალატისთვის გადააყენეს. პირადად მე ამ ადამიანს დავიცავდი, მაგრამ იქ სახელმწიფო მოხელისადმი განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ და ჩვენთან რატომ გახდა ჩემი განცხადება გაუგებარი?! რაც შეეხება თვალთვალს, სხვის ლოგინში შეძრომა, რა თქმა უნდა, ამაზრზენია. ამის ჩამდენი ადამიანები მკაცრად უნდა დაისაჯონ, კანონმდებლობაც მეტ გამკაცრებას მოითხოვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ კადრებზე აღბეჭდილი ადამიანები გმირებად უნდა წარმოვაჩინოთ... ამორალური ის უფრო არ არის, აკუნი მინაშვილი და "ნაცმოძრაობის" განშტოებები თითს ჩემი მისამართით რომ იშვერენ? რა მოხდა, თუ ჩემი განცხადება ვიღაცის აზრს დაემთხვა? თუ მეც და პუტინსაც მესი მოგვწონს, პუტინის მხარდამჭერი გამოვდივარ?! ეს სწორედ ჩემს წინააღმდეგ დაწყებული შანტაჟია, რასაც უცხოეთიდან დაფინანსებული ე.წ. არასამთავრობოებიც მხარს უჭერენ.

აფთრებივით ყველა მხრიდან შემომესივნენ, არადა, სწორედ მათ აიძულეს ჩვენს გუნდს სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების განადგურება, რითაც "ნაცმოძრაობის" დანაშაული "გაათეთრეს".

- არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, თქვენი განცხადება უმრავლესობის ლიდერისა და კოალიციის სხვა სუბიექტებისთვისაც მიუღებელი აღმოჩნდა. ისინიც "ნაცმოძრაობას" "ათეთრებენ"?

- ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, გაოგნებული ვარო, მაგრამ გაოგნების ვერაფერი შევატყვე. დიახ, ვფიქრობ, რომ ჩვენი გამოუცდელობითა და ჰუმანურობით არასამთავრობო ორგანიზაციებმა ისარგებლეს და უკანონო კადრების განადგურება გვაიძულეს. სწორედ ამიტომ ვერ მოხდა სხვადასხვა სტრუქტურაში წმენდა. მაქვს ეჭვი, რომ ძალოვან უწყებებში დღემდე მუშაობენ ადამიანები, რომლებზეც კომპრომატები არსებობს. არ გამოვრიცხავ, პროკურატურაშიც სამართლიანობის აღდგენის ტემპი ამ მიზეზით დროში გაიჭიმა.

სულ ვიძახდი, რომ ჩანაწერების განადგურება შეცდომა იყო. როგორ ფიქრობთ, თუ "ნაციონალებს" პოლიტიკოსებზე ჰქონდათ ჩანაწერები, მათ სტრუქტურებში მომუშავე ქვედა რგოლებზე კომპრომატები არ ექნებოდათ? არავინ იფიქროს, რომ სექსუალურ ცხოვრებას ვინმეს ვუკრძალავ, არც მორალურ კოდექსს ვწერ ვინმესთვის. საკუთარი საქციელისთვის პასუხი თავადვე აგონ ღმერთისა და ოჯახის წინაშე, მაგრამ ჩემს პოზიციაზე მყარად ვრჩები - კომპრომეტირებული უმაღლესი თანამდებობის პირები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ.

- უმაღლესი თანამდებობის პირში მთავრობის წევრს გულისხმობთ და არა დეპუტატს?

- აღმასრულებელ ხელისუფლებას, დეპუტატების ბედს ამომრჩევლები გადაწყვეტენ... თუ აღიარებენ, რომ მათ წინააღმდეგ კომპრომატები არსებობს, მივესალმები. თუ მზად არიან გაუმკლავდნენ პრობლემებს, რაც შესაძლოა ამ აღიარებას მოჰყვეს თუნდაც მათივე საახლობლო წრეში, ასეთ შემთხვევაში მათ სხვებიც ვეღარ დააშანტაჟებენ. ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე.

- ანუ პოლიტიკოსი ვალდებულია ამომრჩეველთან პირად ცხოვრებაზე ისაუბროს?

- ასე ხდება საზღვარგარეთაც, სადაც ყველამ იცის, ვინ რა ორიენტაციის პოლიტიკოსია. 20 წლის წინ, როცა არჩევნებზე პირველად გავედი, ამომრჩეველს ყველაფერი მოვუყევი. ჩემს გადაცდომებს ამომრჩეველი გაგებით შეხვდა და ოჯახისგანაც პატიება მივიღე.

"მაინც ვერ გავიგე, რა თქვა მეჭიაურმა"

ლევან ბერძენიშვილი, რესპუბლიკური პარტიის წევრი: - ვუსმინე და მაინც ვერ გავიგე, რა თქვა მეჭიაურმა, ეს ნამდვილად არ გამოხატავს ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების აზრს. ნებისმიერ შემთხვევაში რესპუბლიკელები და "ქართული ოცნება" ვემიჯნებით ტერორიზმის იმ გამოვლინებას, რამაც შეიძლება ადამიანი სიკვდილამდე მიიყვანოს. ბუნებრივია, არ მინდა, რომ ასეთ განცხადებებს ვინმეს გადადგომა მოჰყვეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ მსგავსი ტერორიზმი უნდა წავახალისოთ.

რუსუდან შელია