"ვინ უნდა წავიდეს? - გამოდის, რომ ბევრისთვის უკვე ცნობილია რომელი პოლიტიკოსები არიან კადრებში აღბეჭდილნი"? - კვირის პალიტრა

"ვინ უნდა წავიდეს? - გამოდის, რომ ბევრისთვის უკვე ცნობილია რომელი პოლიტიკოსები არიან კადრებში აღბეჭდილნი"?

"თუ კადრების გასაჯაროება გაგრძელდა, ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ჩამოიშლება"

"მხოლოდ სახელების გადარქმევა და კუდ-ის სუს-ით შეცვლა ცვლილებებს არ გულისხმობს"

პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებზე ერთსულოვანი არც საპარლამენტო უმრავლესობა აღმოჩნდა - თამაზ მეჭიაურის მოწოდებამ, რომ კომპრომიტირებული პოლიტიკოსები თანამდებობიდან უნდა გადადგნენ, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. როდის შეიქმნა ფარული ჩანაწერების შემქმნელი დანაშაულებრივი სისტემა და რამდენად რეალურია იმის დადგენა, ვინ გაავრცელა ფარული ჩანაწერები სოციალურ ქსელში, "kvirispalitra.ge-სთან" შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი საუბრობს:

- ფაქტია, საგანგაშო მდგომარეობაში აღმოვჩნდით - ამ პროცესს უფრო შორსმიმავალი გეგმები აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან პოლიტიკური სისტემა მასზე დაკისრებულ მოვალეობას ავად თუ კარგად მაინც ასრულებს, როგორც მმართველი გუნდი, ოპოზიციაც ერთიან პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიდა და დღემდე ქმნის, მაგრამ თუ კადრების გასაჯაროება გაგრძელდა, ქვეყანაში პოლიტიკური სისტემა ჩამოიშლება.

- სახელმწიფოში არ არსებობს მექანიზმი, რომ კადრების გავრცელება მომავალში მაინც აღიკვეთოს?

- ბუნებრივია, დიდია ალბათობა, რომ კადრების გამოქვეყნება გაგრძელდება. ეს კი, პოლიტიკური აქტორების მიმართ უნდობლობას გამოიწვევს. უნდობლობა კი, აუცილებლად აგრესიაში გადაიზრდება. რეგიონებში კადრებში ასახული პოლიტიკოსების მიმართ არ გახლავთ სოლიდარული, პირიქით, შესაძლოა იმ ადამიანების გამართლებაც კი დაიწყოს, ვინც ამ კადრებს ავრცელებს. თანაც, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ გავრცელებულ კადრებში საკუთარ მოქმედებებს დამნაშავეები სამართლიანობის აღდგენის მოტივით ამართლებენ. მოსახლეობის უმრავლესობა კი, მართლაც ფიქრობს, რომ ქვეყანაში სამართლიანობა ამ დრომდე ვერ აღდგა. იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური სივრცე ძირითადი მოთამაშეებისგან გათავისუფლდა, მათ ადგილს მარგინალები და მოძალადეები იკავებენ. ეს საშიში ტენდენციაა.

- მაშინ ლოგიკურად მივდივართ კითხვამდე - ვინ არის მსგავსი დესტაბილიზაციით დაინტერესებული და პოლიტიკურად ასეთ რთულ ვითარებაში როგორ აფასებთ თამაზ მეჭიაურის განცხადებას?

- მეჭიაურის განცხადება უცნაური იყო, უფრო ემოციურს ჰგავდა, ვიდრე კარგად ნაფიქრს. რა ვიცით, ვინ უნდა წავიდეს? - გამოდის, რომ ბევრისთვის უკვე ცნობილია რომელი პოლიტიკოსები არიან კადრებში აღბეჭდილნი? საერთოდ, ისე არ მოხდეს, რომ ე.წ. გამოხშირვა ბევრად მასშტაბური გახდეს და პოლიტიკური სივრცე ზომაზე მეტად დაცარიელდეს. არ ვფიქრობ, რომ კადრების გავრცელება არჩევნებს უკავშირდება. არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და შესაძლოა, კადრების გასაჯაროება გაუფასურდეს კიდეც. ეს უფრო მოკლე ვადაში დესტაბილიზაციაზეა გათვლილი. რაც შეეხება ინტერესებს, ფაქტია, რომ პროცესი მძიმე დარტყმას პირველ რიგში ხელისუფლებას აყენებს. კონკრეტულად საუბარი კი მიჭირს, რადგან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ პოლიტიკურად დაინტერესებული ძალები საკმაოდ მრავლად არიან. რომელი სპეცსასამხური იტყვის უარს ქართველი პოლიტიკოსების კადრების ხელში ჩაგდებაზე, თუ იცის, რომ მასალამ ქვეყნიდან გაჟონა - ჩანაწერებზე ნადირობა დაიწყება.

- და არ ფიქრობთ, რომ ჩანაწერების გავრცელების უკან სწორედ უცხო ქვეყნის, მაგალითად, რუსეთის ინტერესები დგას?

- ვფიქრობ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მსგავსი კადრების გამჟღავნებისგან თავს შეიკავებდნენ, მათთვის ოპერატიული თამაში უფრო მნიშვნელოვანია - თუ არ არსებობს განზრახვა, რომ კონკრეტული პირი პოლიტიკას ჩამოაშორონ, ქვეყანაში სანდო პირის ყოლა სპეცსამსახურისთვის ყოველთვის ბევრად საინტერესოა. თუ კადრებს გაასაჯაროებს, კომპრომატიც უფასურდება. ამიტომ როგორც წესი, სპეცსამსახურები კომპრომატებს განსაკუთრებით უფრთხილდებიან.

- საინტერესოა, კონკრეტულად როდის დაიწყო სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩაწერა საქართველოში და ამ პრინციპით მუშაობდით თუ არა თქვენც, როდესაც შინაგან საქმეთა სამინსიტროს ხელმძღვანელობდით?

- ზოგადად, რაც ადამიანმა ტანსაცმელი ჩაიცვა და სოციალური ცხოვრება დაიწყო, მაშინვე გაჩნდა სხვის ცხოვრებაში, სხვის გამოქვაბულში შეღწევის სურვილიც. თუმცა სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სასამართლოსა თუ პროკურატურასთან შეთანხმების გარეშე, თვალთვალი არასოდეს გვიწარმოებია. თანაც თვალთვალს როგორც წესი, კრიმინალების წინააღმდეგ ვიწყებდით და ჩვენი ინტერესი პოლიტიკური ოპონენტი არასოდეს ყოფილა. დედამიწა რომ გადაატყავონ, ვერ იპოვნიან მასალას, რომელიც დაამტკიცებს, რომ ჩვენ პოლიტიკოსის პირად ცხოვრებას ვიღებდით. მეტიც, თუ კრიმინალის გამოსავლენად ოპერატიული მუშაობისას ჩვენ ხელში პირადი ცხოვრების ამსახველი მასალაც აღმოჩნდებოდა, მას მაშინათვე ვანადგურებდით. ამ ყველაფერმა სისტემური სახე "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიიღო. ის, რომ ათობით ათასი ფაილი არსებობდა, სწორედ სისტემურობაზე მიუთითებს. ხელისუფლებას დამნაშავეების გამოვლენა შეეძლო და თავიდანვე ვამბობდი, რომ კადრების განადგურება დანაშაული იყო. სამწუხაროდ, ჩემი ნათქვამი გამართლდა და დღეს ამ შედეგამდე მოვედით. ხელისუფლებას დღესაც შეუძლია ამ მიმართულებით დიდი გამოძიება დაიწყოს.

- თუ კადრები განადგურებულია, როგორ უნდა გამოვლინდეს დამნაშავე?

- ბოლო დღეეებში გავრცელებული კადრებიდანაც შეიძლება დამნაშავეებამდე გასვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც აღვნიშნე, პოლიტიკური სპექტრი ჩამოიშლება, "წმინდა ადგილს" კი მარგინალური ძალები დაიკავებენ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, დაახლოებით იგივე პროცესი დაიწყება, რაც უნივერსიტეტში ვნახეთ, ოღონდ უფრო მასშტაბურად - ნამდვილად არ ველოდი, რომ 90-იანი წლების შემდეგ რექტორის კაბინეტში სტუდენტების ფანჯრიდან შევარდნას ვინმე გაამართლებდა. მეც ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტში ცვლილებები აუცილებელია, მაგრამ ბრძოლის მსგავს მეთოდებს მხარს ვერასოდეს დავუჭერ.

- და უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები კადრების გავრცელების პარალელურად, მხოლოდ დამთხვევა იყო?

- შეთქმულების თეორიებზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესი შემთხვევითი სულაც არ იყო.

- უკანონო თვალთვალის საქმის გამოძიებაზე ისაუბრეთ, თუმცა როგორც ამბობენ, პირები, რომლებიც ჩანაწერებს ახორციელებდნენ, თანამდებობებს დღესაც იკავებენ. რამდენად მოსალოდნელია, გამოძიება საკუთარი კადრების წინააღმდეგ დაიწყოს?

- დიახ, საშუალო რგოლმა ზედა რგოლი თავის ჭკუაზე მოიყვანა. მათ ე.წ. კვალიფიკაციის საკითხი გამოიყენეს, ხელმძღვანელებს დაუხატეს სურათი, თითქოს ისინი შეუცვლელი კადრები არიან. ეს მითი კი ხელმძღვანელობამ დაიჯერა, რადგან თავად არ ჰქონდათ საჭირო კომპეტენცია და გამოცდილება. ამ ყველაფერმა ქვეყნის უწყებების რეფორმირებაზე ნეგატიური როლი ითამაშა. მხოლოდ სახელების გადარქმევა და კუდ-ის სუს-ით შეცვლა ცვლილებებს არ გულისხმობს.

- და ბოლოს, მსოფლიო და მათ შორის საქართველოც კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა - დაცულია თუ არა საქართველო ტერორისტული საფრთხეებისგან?

- საკმაოდ რთულ ფაზაში აღმოვჩნდით. ჯერჯერობით, არ ვართ იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც ტერორისტული ტერაქტები მსოფლიოში ისეთ რეზონანსს გამოწვევს, როგორც ეს ევროპის დედაქალაქში მოხდა. ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი საფრთხე არსებობს - საქართველოდან წასულმა ადამიანებმა, "ქულების დაწერის" მიზნით თავში რაღაც უბედურება არ გაივლონ. შეგახსენებთ, ქართველების მონაწილეობით სხვადასხვა მუქარის ვიდეოები ვრცელდებოდა კიდეც, რაც ძირითადად მოსახლეობის დაშინებასა და დაზომბირებას ისახავდა მიზნად. ამ მხრივ ქვეყნის სპეცსამსახურებს მეტი მუშაობა მოუწევთ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)