"წულუკიანის პასუხიმგებლობაც იკვეთება იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება" - კვირის პალიტრა

"წულუკიანის პასუხიმგებლობაც იკვეთება იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება"

"უმაღლესმა საბჭომ კარგად იცის იმ მოსამართლეების გვარები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო!"

მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებას სახალხო დამცველის ანგარიშში ვრცელი ადგილი დაეთმო. ვინ დგას ამ ყველაფრის უკან და რატომ ვერ ხერხდება სისტემური პრობლემის აღმოფხვრა?! ამ თემებზე "კვირის პალიტრას" სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ესაუბრა.

უჩა ნანუაშვილი: - როდესაც მოსამართლეთა დაწინაურებას ან დანიშვნას აპირებენ, აუცილებელია პროცესი გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს. ჩვენმა ოფისმა მოსამართლეების გადაცდომებისა და უხეში პროცედურული დარღვევების გამო არაერთი წერილით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, თუმცა რეაგირება არავის მოუხდენია. ამ ათეულობით მოსამართლიდან ერთიც კი არ დასჯილა, პასუხისმგებლობა არავის დაკისრებია! იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე არც ერთი ჩვენი შენიშვნა თუ რეკომენდაცია არ განუხილავთ, რაც ნამდვილად საგანგაშოა.

- იქნებ რამდენიმე ასეთი "დაუსჯელი" მოსამართლე დაგვისახელოთ?

- პერსონების იდენტიფიკაციას არ მოვახდენ... უმაღლესმა საბჭომ კარგად იცის მათი გვარები, ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დამდგარიყო!

- სავარაუდოდ, თქვენი შენიშვნები ლევან მურუსიძესაც ეხებოდა, რომელიც სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნეს.

- ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებიც კი ლაპარაკობენ. თუმცა ჩვენ მხედველობაში გვყავს გაცილებით ბევრი მოსამართლე და ვფიქრობ, რომელიმე მათგანის გვარის დასახელებას აზრი არა აქვს. სისტემური პრობლემაა აღმოსაფხვრელი.

უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესი გამჭვირვალე რომ ყოფილიყო, შერჩევის კრიტერიუმები კი ჩამოყალიბებული, ძალიან ბევრი მოსამართლე ვერ დაინიშნებოდა ამა თუ იმ თანამდებობაზე და ვერც დააწინაურებდნენ.

- ვინ ხელმძღვანელობდა ამას, ვისი პასუხისმგებლობის საკითხი იკვეთება?

- პირველ რიგში, უმაღლესი იუსტიციის საბჭოსა და მისი შემადგენლობის. ვგულისხმობ მათ, ვინც უღირსი მოსამართლეების დაწინაურებას და დანიშვნას ხმა მისცა. ახლა ერთ-ერთი გამოსავალია, დაჩქარდეს საკანონმდებლო პაკეტის მიღება, რომელიც ცვლილებებს გულისხმობს, მათ შორის ელექტრონული წესით საქმეების განაწილებას. სასამართლოს თავმჯდომარეს არ უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გადაწყვიტოს, ამა თუ იმ სასამართლო პროცესზე რომელი მოსამართლე გამოვა და ა.შ.

- ფაქტობრივად, ამბობთ, რომ მოსამართლეების დანიშვნა-დაწინაურება ობიექტურად და გამჭვირვალედ არ წარმართულა. არადა, იუსტიციის მინისტრმა თავის დროზე მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღა დააანონსა, მისი კრიტიკა სწორედ დაბალი კვალიფიკაციის მოსამართლეებს შეეხებოდა.

- იმაზე, რაც სასამართლო სისტემაში ხდება, თეა წულუკიანის პასუხისმგებლობის საკითხიც იკვეთება. ზოგი ჯგუფი მთავრობასა და ხელისუფლებაში უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებებს მხარს უჭერს! ნაცვლად იმისა, სისტემა გაჯანსაღდეს და ბევრი ახალი კადრი შევიდეს სასამართლოებში, იმავე ჭაობში ვბრუნდებით! ფაქტია, თანამდებობაზე დაინიშნა პირი, ვისთანაც არაერთი კითხვა არსებობდა. ამით პრობლემა გაღრმავდა, რაც ნაყოფს უთუოდ გამოიღებს. ამიტომ არის საჭირო რეფორმა მმართველ უმაღლეს საბჭოში, თუნდაც ის, რომ რომელიმე მოსამართლის (გადაცდომის გამო) პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ცხადია, რაც ხდება, ამაზე კონტროლი თეა წულუკიანსა და მის უწყებას ევალება. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სისტემურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც წლების განმავლობაში მოსამართლეები გადაცდომებისთვის არ დაუსჯია. სისტემის ნაკლოვანებასა და წინსვლაზე მისი ხელმძღვანელია პასუხისმგებელი. თეა წულუკიანს შეეძლო კანონპროექტების მომზადებით ცვლილებების შეტანა ამ სისტემაში. კანონპროექტის განხილვის დაჩქარება წულუკიანს უნდა მოეთხოვა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია.

- მოსამართლეთა ტესტების პასუხების გაჟონვა და სამოსამართლო საიდუმლოების გაცემის ფაქტი საზოგადოების მსჯელობის საგანი გახდა. ნინო გვენეტაძის სახელმაც უარყოფით კონტექსტში გაიჟღერა. თუ დაინტერესდით გამოძიების მიმდინარეობით?

- ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით, იმედია, ძალიან მალე შედეგი იქნება.

- თქვენი აზრით, პროკურატურა ეფექტიანად იძიებს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეს?

- 3-4 წლის წინ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების საკითხზე კომისიამ იმუშავა, პროკურატურას ათასობით ფაილი და ჩანაწერი გადასცა, მაგრამ არავინ დასჯილა უკანონო ჩანაწერების გაკეთებისა და გავრცელების გამო. ამ საქმეზე საფუძვლიანი გამოძიება ადრევე რომ ჩატარებულიყო, დღეს ჩანაწერები აღარ გავრცელდებოდა.

- თქვენი წარმომადგენლები თუ შეხვდნენ ზურაბ ჯამალაშვილსა და ადვოკატ ირაკლი ფხალაძეს, რომლებიც ჩანაწერების გავრცელების საქმეში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ?

- ამ საკითხს ვსწავლობთ და ვაპირებთ მათთან შეხვედრას.