"შესაძლოა, დავით უსუფაშვილის გადაბირება "ქართულ ოცნებაში" სცადონ, მაგრამ..."
08-04-2016
"შესაძლოა, დავით უსუფაშვილის გადაბირება "ქართულ ოცნებაში" სცადონ, მაგრამ..."
"ჩემ თვალწინ მიმდინარეობდა პოლიტიკური ვაჭრობა"

რესპუბლიკელების განცხადების პარალ­ელურად, ცნობილი ხდება, რომ საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა კოალიციაში შემავალ სხვა სუბიექტებსაც მოუწევთ. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა, რაც, როგორც ჩანს, თავად კოალიციაში გაერთიანებული პარტიებისთვისაც კი მოულოდნელი იყო. მით უმეტეს, რომ კონსერვ­ატორებმა ცოტა ხნის წინ ყრილობა ჩაატარეს და საკუთარი პოლ­იტიკური მომავ­ალი კოალიციას ოფიციალურად დაუკავ­შირეს. ახალი რეალობის გათვალისწინებით,­ ყველაზე საინტერესო პროცესი ალბათ მას შემდეგ დაიწყება, რაც კოალიციიდან გასული­ პარტიები არჩევნებისთვის თანამგზავრის ძებნას
დაიწყებენ.

"ჩვენი მხრიდან პარლამენტში კრიტიკა მოიმატებს"

ლევან ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტია":
- კოალიციიდან არ გავდივართ, მაგრამ არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მივიღებთ. ამ შედეგამდე კი იმის გამო მივედით, რომ კოალიციას ჩვენთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი არ აღმოაჩნდა."გვქონდა წინადადება, როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტსა და ადგილობრივ დონეზეც, ორპარტიული შეთანხმება დაგვედო და
გაგვეწერა, ვინ ვიქნებით პარლამენტში, როგორ ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და ა.შ. გვინდოდა, კოალიციაში არა როგორც ერთ-ერთი რიგითი პარტია, არამედ თანაბარუფლებიანი სუბიექტი ვყოფილიყავით. თავდაპირველად, თანხმობა პრემიერისგან მივიღეთ, თუმცა პარტიაში ამ შეთანხმების მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებიც აღმოჩნდნენ. სწორედ ამ მოლაპარაკების პროცესში "ქართული ოცნების" წინა პლანზე ისეთი პირები გამოიკვეთნენ, რომლებიც პარტიის სახეებად ადრე არც კი მოიაზრებოდნენ. ჩვენთვის არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლის გადაწყვეტილება ადვილად მისაღები არ იყო, მაგ­რამ სხვა გამოსავალი აღარ რჩებოდა. დარწმუნებული ვარ, პარტიას ბარიერის გადალახვის პრობლემა არ შეექმნება, დანარჩენს კი ამომრჩეველი გადაწყვეტს. კი ბატონო, რესპუბლიკური პარტია"მაღალრეიტინგული პარტია არ არის, მაგრამ უმნიშვნელო ძალასაც არ წარმოვადგენთ. 2008 წელს, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის არანორმალურ რეჟიმში წარმართვა გვიწევდა, 4% მივიღეთ. ოქტომბერში ბევრად მაღალ მაჩვენებელს დავაფიქსირებთ. რაც შეეხება "თავისუფალ დემოკრატებთან" შესაძლო საარჩევნო ბლოკის შექმნას, ამაზე ნამდვილად არ ვფიქრობთ.

აგვისტოში, ანუ არჩევნებამდე ორი თვით ადრე, პარლამენტი მუშაობას წყვეტს. შესაბამისად, ახლა ლაპარაკია იმაზე, შევძლებთ­ თუ არა სამი თვით ერთმანეთის გაძლებას. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან პარლამენტში კრიტიკა მოიმატებს,­ განსაკუთრებით ეკონომიკური და ფინანსური მიმართულებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს­, რომ უმრავლესობას დავშლით და ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისს შევქმნით.

"ლიბერალებთან არასოდეს გავერთიანდებით"

ზურაბ ტყემალაძე, "მრეწველები": - ჯერ არ ვიცით, რა სახით წარდგება პარტია საპარლამენტო არჩევნებში. ფაქტია, კოალიცია დაშლილია, თუმცა რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, ჩვენ პარტიის ინტერესებიდან კი არა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ. ჩვენთვის უკვე ისიც ცნობილია, რომ ლიბერალებთან არასოდეს გავერთიანდებით. თუ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას გადავწყვეტთ, მასში შემავალ პარტიებთან იდეოლოგიური თანხვედრა გვექნება.

"ყველას მოგვეთხოვება სახელმწიფო ინტერესებზე დაფიქრება"

გიორგი ვოლსკი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე: - კოალიცია არ დაშლილა, კოალიცია სხვაა­, საარჩევნო ბლოკი - სხვა. როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება, განსხვავებულ ფორმატში თანამშრომლობა მოგვიწევს, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონების მიღებას უთანხმოების გარე­შე შევძლებთ. ვფიქრობ, ყველა ფრაქციას ეყოფა პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააყენოს. როგორი განსხვავებული აზრებიც უნდა გვქონდეს, ყველას მოგვეთხოვება სახელმწიფო ინტერესებზე დაფიქრება. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ პარლამენტში კრიზისის შექმნა­ ქვეყანაში კრიზისს არ გამოიწვევს, მწარედ ცდება. თავის დროზე, ყველანი ერთ მუშტად ბიძინა ივანიშვილმა შეგვკრა, სწორედ მისი ძალისხმევით შევძელით წინა ხელისუფლების პირობებში არსებული დანაშაულებრივი სისტემის ჩამოცილება, თუმცა მოვიდა დრო, ყველა პარტიამ არჩევნებში საკუთარი შესაძლებლობები დამოუკიდებლად მოვსინჯოთ, დანარჩენს არჩევნების შედეგების მიხედვით გადავწყვეტთ.

"ჩვენ "ნაციონალებივით" პრობლემებს არ შევქმნით..."


ანი მიროტაძე, "ეროვნული ფორუმი": - ჩვენ ჯერ კიდევ იანვარში ვსვამდით კითხვის ნიშნის ქვეშ კოალიციაში დარჩენა-არდარჩენის საკითხს. მაშინაც კი, როდესაც სხვა პარტიები, მაგალითად, კონსერვატორები და "მრეწველები" კოალიციიდან წასვლას გამორიცხავდნენ.
ჩვენთან განსხვავებული განწყობა თავიდანვე იყო. "ეროვნული ფორუმი" სხვა პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებს. რაც შეეხება ახალი საარჩევნო ბლოკის შექმნას, ამას არ გამოვრიცხავ. ნამდვილად გადაწყდა, რომ კოალიციას დავტოვებთ, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა კოალიციის წარმომადგენლებთან პარლამენტში გაგრძელდება.
ჩვენი პარტია ათი წლისაა და უფლება გვაქვს, საკუთარი თავი დამოუკიდებლად გამოვცადოთ. დღეს რეპრესიული მანქანა აღარ მუშაობს და დიდი შანსია, რომ ჯანსაღი საარჩევნო გარემო შეიქმნას სრულფასოვანი კონკურენციისთვის. მომავალ არჩევნებზე კონკურენციის მიუხედავად, მზად ვართ, ჯანსაღი ურთიერთობები გვქონდეს ჩვენს ყოფილ პარტნიორებთან - ვიქნებით კონსტრუქციულები და არ შევქმნით პრობლემებს... მაგალითად, არ ვიქნებით "ნაციონალური მოძრაობის" მსგავსი რადიკალურ-გაურკვეველი ე.წ. ოპოზიცია მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალი არჩევნებისთვის პოპულიზმის ხარჯზე ქულები დავიწეროთ.... კახა შარტავა პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო გააქტიურდება.

"შესაძლოა, ახალი კოალიცია შეიქმნას"


გიგა ბუკია, "კონსერვატიული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი: - არსებობდა ვარაუდები, რომ კოალიციაში შემავალი პარტიები არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლას აპირებდნენ, თუმცა ჩვენ ყოველთვის კოალიციის ერთიანობის მომხრე ვიყავით. ჩვენი მიზანი იყო, კოალიცია გაერთიანებული ძალებით გასულიყო არჩევნებზე, მაგრამ რადგან ვერ მოხერხდა, ჩვენც გარემოების შესაბამისად ვიმოქმედებთ.
არ არის გამორიცხული, ახალი კოალიცია გაჩნდეს ან სხვა ფორმატზე ვიმსჯელოთ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ახალი პოლიტიკური რეალობა მივიღეთ, ჩვენი პარტიის წევრების გადაწყვეტილებით, "კონსერვატორები" კოალიციასა და უმრავლესობაშიც ვრჩებით - ხელისუფლებასთან ერთად ვაგრძელებთ იმ რეფორმებზე მუშაობას, რაზეც ჯერ კიდევ 2012 წელს შევთანხმდით.
კონსულტაციებს დავიწყებთ იმ პარტიებთან, რომლებთანაც იდეოლოგიური თანხვედრა გვაქვს. ამ ეტაპზე ნაადრევია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა, ბუნებრივია, მოლაპარაკების პროცესზე საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად მივაწვდით.

რუსუდან შელია
ანასტასია
08 აპრილი 2016 17:48
ასეთი რამე როგორ უნდა იკადროს უსუფაშვილმა?!
tttt
08 აპრილი 2016 17:43
ეს სისულელეა, ის ისევ თავის ჭკვაზე ატარებს ოცნებას....ამიტომ ისევ თავის პარტიაში დარჩეს... ოცნება ბევრს დაკარგავს მას თუ გადმიბირებს....
დათო
08 აპრილი 2016 16:43
,,მრეწველებიც" და ,,კონსერვატორებიც" იმსახურებენ ,,ოცნებასთან" ერთად პარლამენტში მოხვედრას, ამიტომ უმჯობესია (ჩემი აზრით) შეერწყნენ ოცნებას და ერთ პარტიად ,,ოცნებად" ჩამოყალიბდნენ, ასეა ეს.

რედაქტორის რჩევით