"უსუფაშვილი კარგი სპიკერია და მისი ჩანაცვლება ძნელი იქნება" - მოსალოდნელია თუ არა საპარლამენტო კრიზისი? - კვირის პალიტრა

"უსუფაშვილი კარგი სპიკერია და მისი ჩანაცვლება ძნელი იქნება" - მოსალოდნელია თუ არა საპარლამენტო კრიზისი?

"ახლა დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის გარეშე მიიღონ ძალაუფლება და შემდეგ გველაპარაკონ რიხით".

დღეს პარლამენტში უმრავლესობის შემადგენლობა ასეთია: "ქართული ოცნება" 44 წევრი; რესპუბლიკელები 8 წევრი; კონსერვატორები 6 წევრი; "მრეწველები" 6 წევრი; "ეროვნული ფორუმი" 6 წევრი; "უპარტიო მაჟორიტარები" 6 წევრი\; "დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისთვის" 6 წევრი. თუ საპარლამენტო უმრავლესობას რესპუბლიკელები და "ეროვნული ფორუმიც" დატოვებენ, პარლამენტში უმრავლესობა აღარ იქნება, რადგან ორგანული კანონების დამტკიცებას მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. იმაზე, თუ რა პროცესებია მოსალოდნელი წინასაარჩევნოდ, ექსპერტი გია ხუხაშვილი გვესაუბრა:

- კოალიცია შექმნის წამიდანვე დაშლისთვის იყო განწირული - მათ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის რესურსი აერთიანებდათ. რესპუბლიკელები კოალიციაში თავიდანვე ვაჭრობდნენ. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა. მაგალითად, ვერ მალავდნენ უკმაყოფილებას, როდესაც 2012 წელს "თავისუფალ დემოკრატებს" მაჟორიტარულ სიაში - 15, რესპუბლიკელებს კი მხოლოდ 5 ადგილი ერგოთ. დღესაც "რესპუბლიკური პარტიის" გადაწყვეტილება შედეგია პოლიტიკური ვაჭრობისა, რომელიც მათთვის მარცხით დასრულდა.

- კულუარებში ამბობენ, რესპუბლიკელები დავით ნარმანიას გადადგომას, რეგიონებში მეტ ძალაუფლებასა და გუბერნატორების გადაყენებას ითხოვდნენ, თუმცა კოალიციამ მხოლოდ პროპორციულ სიაში 4-კაციანი მანდატი შესთავაზა.

- "რესპუბლიკური პარტია" დღეს თავის გადარჩენას ცდილობს. ტექნიკურ დეტალებზე ლაპარაკი კი პოლიტიკური ვაჭრობის ნაწილია. მათ 2012 წელსაც იმაზე მეტი ძალაუფლება უნდოდათ, ვიდრე სახალხო ლეგიტიმაცია ჰქონდათ.

- ისიც ითქვა, რომ რესპუბლიკელები 6-კაციან ფრაქციასა და მომავალ პარლამენტში დავით უსუფაშვილის სპიკერად დარჩენის გარანტიას ითხოვდნენ.

- უსუფაშვილი კარგი სპიკერია და მისი ჩანაცვლება ძნელი იქნება, ეს მხოლოდ დეტალებია - რესპუბლიკელები და "ქართული ოცნება" შეთანხმებას ვერასოდეს შეძლებდნენ. თავიდანვე კოალიცია გარიგებით შეუღლებულ ოჯახს ჰგავდა, რომელშიც ორივე მხარე ძალადობდა. განსაკუთრებით რესპუბლიკელები პარაზიტობდნენ ივანიშვილის რესურსით. მუდმივად რაღაცას ანგარიშობენ, მაგრამ, როგორც წესი, ბოლოს წაგებულები თავადვე რჩებიან. ამიტომ რაც დღეს კოალიციაში ხდება, დადებითი პროცესია. ახლა დამოუკიდებლად, ბიძინა ივანიშვილის გარეშე მიიღონ ძალაუფლება და შემდეგ გველაპარაკონ რიხით.

- თუ რესპუბლიკელებმა უმრავლესობაც დატოვეს, ეს არჩევნებამდე საპარლამენტო კრიზისს გამოიწვევს?

- რა თქმა უნდა. მით უმეტეს, რესპუბლიკელების განცხადებიდან მეორე დღესვე პარლამენტში "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მათ აშკარად დაუპირისპირდა. ბევრი რამ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეზე იქნება დამოკიდებული. სხვათა შორის, დავით უსუფაშვილი დღეს რეალურად "რესპუბლიკური პარტიის" მსხვერპლია. არ გამოვრიცხავ, მისი "ქართულ ოცნებაში" გადაბირება სცადონ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, უსუფაშვილმა "რესპუბლიკური პარტია" დატოვოს.

რუსუდან შელია