"არასერიოზული კაცი" - კვირის პალიტრა

"არასერიოზული კაცი"

7-ჯერ გაჭრისა და ერთხელ გაზომვის პოლიტიკური ტრაგიკომედია?!

ერთი კარგად უნდა გავარკვიოთ, ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია მოჯადოებულ ადგილას ხომ არ არის აშენებული. ვინც კი იქ დაიდებს ბინას, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურად იქცევა.

არასერიოზულ და ქვეყნისთვის შოკის მომგვრელ განცხადებებში"ჩემპიონი მიხეილ სააკაშვილი იყო. მარგველაშვილი პრეზიდენტობის პირველ წლებში შედარებით წყნარად იყო, ალბათ, რეზიდენციაში აკლიმატიზაციას გადიოდა და ძირითადად, ირაკლი ღარიბაშვილს ედავებოდა - ვის რაზე უნდა მოეწერა ხელი და გაეროში ორი ქართული დელეგაცია უნდა წასულიყო თუ ერთი. თუმცა ამ ბოლო დროს მარგველაშვილმა წინამორბედ "ჩემპიონს"აუკრიფა". ჯერ იყო და, მოსახლეობას ამცნო, მდიდარი სექსუალური ცხოვრებით ვცხოვრობდიო და საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვერ გაიგო, რა კავშირი აქვს ფარული ჩანაწერების სკანდალს ქვეყნის პირველი პირის სექსუალურ თავგადასავლებთან. ახლა კი, აქეთ მთავრობა გააოგნა, იქით - პოლიტიკური პარტიები თუ არასამთავრობოები. იცით, დაახლოებით როგორ გამოვიდა? მაგალითად, აპრილში რომ გადაწყვიტოთ, ოქტომბერში ვქორწინდებიო, ოღონდ აპრილშივე რესტორანში რომ გააშლევინოთ სუფრა, სანამ ოქტომბერი მოვა, ოფიციანტებმა რამდენიმე დღეში ერთხელ გაფუჭებული საჭმელი ახლით შეცვალონ და თქვენ უზარმაზარი ხარჯების გაღებამ მოგიწიოთ. 5 აპრილს პრემიერი და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. მარგველაშვილს შეეძლო, მოსახლეობისთვის მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდებინა, თუმცა ადგა და გამოსცა ოფიციალური აქტი არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. საქართველოს კანონმდებლობით კი, არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის აქტის ძალაში შესვლის დღიდან (ძალაში კი ეს აქტი გამოქვეყნებისთანავე შედის) იწყება წინასაარჩევნო პერიოდი თავის ხარჯებიანად, ამკრძალავი რეგულაციებით თუ საარჩევნო სიების უმოკლეს ვადაში წარმოდგენიანად; ანუ მარგველაშვილმა წინასაარჩევნო სუფრა არჩევნებამდე 7 თვით ადრე გაშალა. მარგველაშვილის გუნდში გამოსავლად ახალი ბრძანების გამოცემა მოიფიქრეს, რომლის თანახმად, პრეზიდენტის მიერ აპრილში გამოცემული აქტი ძალაში 8 აგვისტოს უნდა შესულიყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს კანონს ეწინააღმდეგება, იმაზე უკვე აღარავინ კამათობს, რომ არასერიოზულია ბრძანების გამოცემა იმის შესახებ, თუ როდის უნდა შევიდეს მეორე ბრძანება ძალაში.

დღეს მთავრობაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ეძებენ გამოსავალს, როგორ შეუნარჩუნონ სახე მარგველაშვილს. გამოსავალი ორია: ან პრემიერმა არ უნდა მოაწეროს ხელი აქტს, ან პრეზიდენტმა თავისი ბრძანება უკან უნდა გაიწვიოს: ორივე შემთხვევაში კითხვები ჩნდება პრეზიდენტთან. მთავარი კითხვა კი ის არის, მარგველაშვილმა ადმინისტრაციაში ერთი იურისტი ვერ იპოვა, რომ აზრი ეკითხა? დაავიწყდა, რომ მისი თანაშემწეა საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელიც დააკვალიანებდა, როდის რა აქტი უნდა გამოცემულიყო. ზოგადად, ტენდენციაა, რომ ზოგიერთმა მაღალჩინოსანმა უკუღმა გაიგო "შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერის" პრინციპი. ერთხელ გაზომავენ და მერე შვიდჯერ კი არა, რატომ ორასჯერ არ ჭრიან, რომ უკუღმა გაზომილი როგორმე თარგს მოარგონ. ასეთი ქმედებებით საჯარო მოხელეები სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანებს კი არა, ფილმ "არასერიოზული კაცის" პერსონაჟს ემსგავსებიან.

ლევან რაზმაძე