რულოვსი და ქადაგიძე - "ნაცმოძრაობის" ახალი სახეები?! - კვირის პალიტრა

რულოვსი და ქადაგიძე - "ნაცმოძრაობის" ახალი სახეები?!

არჩევნებში დამოუკიდებლად გასვლა და პარტიის განახლება - ასეთია "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო გეგმა, რომლის დეტალებსა და ამასთან, სამთავრობო გუნდში მიმდინარე პროცესებზე "კვირის პალიტრასთან" საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მიხეილ მაჭავარიანი საუბრობს:

- კოალიციაში მიმდინარე პროცესებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ მმართველი გუნდი საზოგადოების პრობლემებს სრულად მოსწყდა - მათთვის მთავარ საკითხად შიდა ბრძოლა და სკამების გადანაწილება იქცა, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე, სამუშაო ადგილების შექმნასა და იმ დაპირებების შესრულებაზე, რომლითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ, არავინ ლაპარაკობს.

- ოთხი წელია გუნდის განახლებაზე საუბრობთ, მაგრამ რეალურად პარტიის ლიდერები დღემდე არ იცვლებიან.

- 2013 წელს პარტიიდან მე და "ძველი გვარდიის" სხვა წარმომადგენლები რომ წავსულიყავით, საზოგადოება იფიქრებდა, ოპოზიციაში ყოფნის შეეშინდათო. ამის ნაცვლად, ბოლომდე ვიბრძოლეთ და ახლა მზად ვართ, გუნდის 40% ახალი სახეებით შევავსოთ.

- ვინ განიხილება პარტიის განახლებულ საარჩევნო სიაში?

- ზაზა ბიბილაშვილის, ოთარ კახიძის, გიორგი ქადაგიძის, გიორგი ტუღუშის, ასევე ეკა ტყეშელაშვილისა და ელენე ხოშტარიას კანდიდატურები. მათთან მოლაპარაკებას პირადად არ ვაწარმოებ, თუმცა პარტია დიდი ხანია ამ მიმართულებით მუშაობს. გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს.არა აქვს მნიშვნელობა, რომელ რეგიონში იქნება, მთავარია, ბრძოლაში ჩვენთან ერთად ჩაერთოს. ისეთ ადამიანებს ვეძებთ, რომლებიც გამოცდილებასთან ერთად, პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაცნობიერებას შეძლებენ და ბრძოლაში ბოლომდე გამოგვყვებიან.

- გიორგი ქადაგიძის "ნაციონალური მოძრაობის" სიაში შესაძლო მოხვედრა არ ნიშნავს, რომ ის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს იღებდა?

- გიორგი ქადაგიძის სიაში ყოფნა ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა, თუმცა "ქოცმაც" კი იცის, რომ რასაც მას აბრალებდნენ, სრული აბსურდი იყო. მთავრობის წევრებმაც კი აღიარეს, რომ ქადაგიძის გარეშე, ქვეყანა ფატალურ შედეგამდე მივიდოდა. საერთოდ, "ქართული ოცნების" მართვის სტილია, საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალოს.

- მიუხედავად ამისა, დღემდე არ ემიჯნებით იმ პირებს, რომლებსაც ადამიანების წამებაში ედებათ ბრალი, ათიათასობით ფარულ ჩანაწერზეც არავის აუღია პასუხისმგებლობა.

- ყველას ვემიჯნებით, ვინც დანაშაულს სჩადიოდა, თუმცა ხელისუფლებამ დამნაშავეების დასჯის ნაცვლად აბსურდული ბრალდებების შეთითხვნა დაიწყო. მაგალითად, გიგი უგულავა იმ ბრალდებისთვის იხდის სასჯელს, რაზეც დავით ნარმანია ყოველდღიურად აღიარებით ჩვენებას აკეთებს - თურმე 50 ათასის მივლინებისთვის დახარჯვა არაფერია და არც პროკურორის შვილის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაა ნარმანიასთვის დანაშაული.

რუსუდან შელია