"29 მილიონად რამდენი დევნილისთვის მოხერხდებოდა ბინის ყიდვა"?! - კვირის პალიტრა

"29 მილიონად რამდენი დევნილისთვის მოხერხდებოდა ბინის ყიდვა"?!

"არ შეიძლება 6-7 მილიონის გადახდა მაშინ, როდესაც არტისტის ჩამოყვანა სამ მილიონადაც შეიძლება"(?!)

რამდენიმე დღის წინ გასაჯაროვდა კულტურის სამინისტროს პროექტ Check-in Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები. როგორც მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, საქართველოს რამდენიმე ა-კლასის მომღერალიც ესტუმრება: ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი, ჯგუფი "Maroon 5", ხოსე კარერასი. ეს სიამოვნება კი 29 მილიონი ლარი დაჯდება, რაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა.

საზოგადოების ერთი ნაწილი დადებითად შეხვდა საქართველოში ვარსკვლავების ჩამოსვლის ამბავს, თუმცა მეორე მხრიდან კითხვები მაინც დაისვა: გვაქვს კი იმის ფუფუნების უფლება, რომ კონცერტებში ათეულობით მილიონი ლარი ვხარჯოთ?!

"კონცერტებში მილიონების დახარჯვა ჩვენნაირი გაღლეტილი ქვეყნისთვის დიდ ფუფუნებად მიმაჩნია"

გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე: - ქვეყანას უჭირს, ჯერ უნდა დააპურო და მერე გაართო მაღალბიუჯეტიანი კონცერტებით. პირადად მე ამ 29 მილიონს ცოტა სხვანაირად განვკარგავდი. კარერასის ან დანარჩენების წინააღმდეგი რატომ ვიქნები, მაგრამ კონცერტებში მილიონების დახარჯვა ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის დიდ ფუფუნებად მიმაჩნია. კარგია, რომ მსოფლიოს აჩვენებ, სტაბილური ვარო, მაგრამ, მოდი, ჯერ სოციალური მდგომარეობით გახდი სტაბილური და შემდეგ დახარჯე ამხელა თანხები.

"2-3 მილიონი საკმარისი იქნებოდა ქართული ხელოვნების ახალ რელსებზე გადასასვლელად"

დავით ანდრიაძე, კრიტიკოსი, კულტუროლოგი: - შეიძლება მხოლოდ გაოცდე ან გაიკვირვო, იმიტომ, რომ 29 მილიონი ასეთი გაჭირვებული ქვეყნისთვის ძალიან დიდი თანხაა. ამას წინათ ვსაუბრობდით იმაზე, რომ 2-3 მილიონი საკმარისი იქნებოდა ქართული ხელოვნების მთლიანად ახალ რელსებზე გადასასვლელად. თუკი იქნებოდა ამის ნება, რომელიც არ არსებობს. ჩვენ არ ვიცით კულტურაში ფულის ხარჯვა, არა გაქვს პრიორიტეტები. კი ამბობენ, ა-კლასის მომღერლები იმიტომ ჩამოგვყავს, რომ მსოფლიოს ვაჩვენოთ, რამდენად სტაბილური და უსაფრთხო მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაშიო, მაგრამ ეს იაფფასიანი რიტორიკაა. სტაბილურობის ჩვენება სხვა რამეებითაც შეიძლება. ხომ წარმოგიდგენიათ, მაგალითად, ამ 29 მილიონით რამდენი დევნილისთვის მოხერხდებოდა ბინის ყიდვა?! სხვა პრიორიტეტები არ არის?! მაგალითად, 30 წელია დგას თბილისში კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლი, რომელიც ბეტონშია ჩამოსხმული (თენგიზ კიკალიშვილის ნამუშევარი) და ამ ხნის განმავლობაში ვერა და ვერ გამოჩნდა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ამ ბრწყინვალე ქანდაკებას ბრინჯაოში გადაიტანდა. ამ საქმეს მაქსიმუმ 30 ათასი ლარი სჭირდება, ამ დროს კი 29 მილიონი იხარჯება ერთჯერად პოლიტიკურ შოუში.

"ა-კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა მსოფლიოსთვის მკაფიო მესიჯია ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ"

მიხეილ გიორგაძე, კულტურის მინისტრი: - ბათუმში არაერთი კულტურული ღონისძიება ჩატარდა. ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ შიდა ტურიზმიც უფრო აქტიურდება. მაგალითად, 2015 წელს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ზაფხულის 1 თვეში 55 მილიონით მეტი შემოსავალი ნახა ბათუმმა. წელს ეს პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ფართოვდება. ეს უფრო ეკონომიკური პროექტია, ვიდრე კულტურული. კულტურული ღონისძიებები ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ გაიზარდოს ქვეყნის პოპულარობა საზღვარგარეთ. ეს პოტენციური ინვესტორებისთვისაც პოზიტიური გზავნილია. ჩვენთან ა-კლასის ვარსკვლავების ჩამოსვლა მსოფლიოსთვის მკაფიო მესიჯია ქვეყნის უსაფრთხოების შესახებ. მერწმუნეთ, ეს ვარსკვლავები ყველაზე წინ სწორედ უსაფრთხოების საკითხებს აყენებენ და შემდეგ გადადიან სხვადასხვა დეტალის შეთანხმებაზე.

- აქცენტი გაქვთ ტურისტულ სეზონზე, თუმცა ა-კლასის ვარსკვლავების გრაფიკს თუ გადავხედავთ, ყველაზე გვიან, 18 ივნისს გვსტუმრობს კარერასი, დანარჩენები სეზონის დაწყებამდე.

- ეს პროექტი არ არის მხოლოდ ამ 4 ვარსკვლავის კონცერტი. იწყება აპრილში, მთავრდება წლის ბოლოს და აერთიანებს უამრავ კულტურულ აქტივობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. სამწუხაროდ, ვარსკვლავებს თარიღებს ჩვენ ვერ ვკარნახობთ.

- ვარსკვლავებთან მოლაპარაკებას კულტურის სამინისტრო აწარმოებდა თუ "ისთერნ პრომოუშენი"?

- "ისთერნ პრომოუშენი" არაფერ შუაშია.

- გამართლებულია, ამ პროექტზე 29 მილიონი ლარი დაიხარჯოს?

- მაშინ რატომ იხარჯება თანხები ინფრასტრუქტურულ პროექტებზე? ეს არის მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით გამოცხადებული პროექტი. მასში ბევრი სახელმწიფო უწყებაა ჩართული: კულტურის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის სამინისტროები, კერძო ბიზნესი... ტურისტული კომპანიები ვერ აუდიან ჩარტერული რეისების მოთხოვნას, გარდა რეგულარული რეისებისა. ამ ყველაფრის გამოცხადებამ პირველივე დღიდან დიდი ეფექტი მოგვცა. დარწმუნებული ვარ, თანხებს, რომლებიც ბიუჯეტიდან დაიხარჯება, რამდენიმეჯერ გადააჭარბებს ის შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა მის შედეგად მიიღებს.

- Check-in Georgia წინასაარჩევნოდ დაგეგმილი პროექტია?

- ეს პროექტი შარშან დაიწყო, წლის ბოლომდე გრძელდება და ტრადიციად დამკვიდრდება...

- ამ ეტაპზე სახელმწიფოს წილი რამდენია იმ 29 მილიონი ლარიდან?

- დღესაც ვიღებთ შემოთავაზებებს კერძო სექტორებისგან. ახლა უცბად ვერ შეგიჯამებთ, არ მინდა არასწორი ციფრი ვთქვა. როგორ განაწილდება ეს ფინანსური უზრუნველყოფა, მოგვიანებით გამოჩნდება. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება.

"ნებისმიერი არტისტის იმის ნახევარ ფასში ჩამოყვანაა შესაძლებელი, ვიდრე ახლა სთავაზობენ..."

დავით ცინცაძე, Tbilisi Open Air-ის პროდიუსერი: "თითქმის ყველა მეგა არტისტის მოლაპარაკებების შესახებ ვიცი, რა და როგორ ხდება, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი მე მეკითხება საქართველოში ამა თუ იმ პრომოუტერის სანდოობას, მათ შორის, უილიამსი და რამაზოტიც - ამას პირველად ვამბობ, არ ვმარიაჟობ, ამის დოკუმენტებიც მაქვს. შესაბამისად, ისიც ვიცი, როგორ ოპერირებენ სხვადასხვა პრომოუტერები (ახლა უკვე სამინისტროებიც) ამ ველზე... არ შეიძლება, არტისტში 6-7 მილიონი გადაიხადო მაშინ, როდესაც მისი ჩამოყვანა 3 მილიონად შეიძლება. ჯერ ერთი, ამით ყველა სხვა პრომოუტერს უკლავ ყველანაირ შანსს, მეორე - შემდეგ სხვა არტისტებიც არაადეკვატურ ფასს ითხოვენ და მესამე - ეს ფული ქვეყნის ბიუჯეტიდან გადის. შესაძლებელია ნებისმიერი არტისტის იმის ნახევარ ფასში ჩამოყვანა, ვიდრე ახლა სთავაზობენ..."

ეკა სალაღაია