"მაკა ასათიანს, შემდეგ კი ძმებ გაჩეჩილაძეებს შევხვდი" - ვინ არის "მაესტროს" ახალი დირექტორი? - კვირის პალიტრა

"მაკა ასათიანს, შემდეგ კი ძმებ გაჩეჩილაძეებს შევხვდი" - ვინ არის "მაესტროს" ახალი დირექტორი?

"როგორც მოსვლით გავახარე, ისე წასვლით გავახარებ ყველას"

"მაესტროს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ვინ არის ზურაბ ნაყეური და რა გამოცდილება აქვს მას სატელევიზიო სფეროში, ამის გასარკვევად ტელევიზიის ახალ ხელმძღვანელს დავუკავშირდით:

- პროფესიით ფინანსისტი ვარ, ტელევიზიაში არასოდეს მიმუშავია. კარიერა დამოუკიდებელი ლიცენზირებული აუდიტორის პოზიციით დავიწყე, 1998 წელს კი "თბილღვინოში" ფინანსურ დირექტორად დავინიშნე. შემდეგ, სხვადასხვა წელს, სამშენებლო მასალების კომპანიის, ხის გადამმუშავებელი ქარხნისა და "აჭარაბეთის" ფინანსური დირექტორი ვიყავი. ცოტა ხნის წინ მეგობარი დამიკავშირდა, "მაესტროს" დამფუძნებლები ნეიტრალურ ხელმძღვანელს ეძებენ და სურვილის შემთხვევაში, შემიძლია მათთან შეხვედრა დაგიგეგმოო. თანხმობის შემდეგ, ჯერ მაკა ასათიანს, შემდეგ კი ძმებ გაჩეჩილაძეებს შევხვდი. მამუკა ღლონტსა და ეკა აკობიას შეხვედრის სურვილი არ გამოუთქვამთ. როგორც ვიცი, ტელევიზიის დირექტორის პოზიციაზე სხვა კანდიდატურებიც განიხილებოდა, თუმცა ორივე მხარის გადაწყვეტილებით "მაესტროს" გენერალურ დირექტორად მე დავინიშნე.

- როგორ აპირებთ "მაესტროში" არსებული პრობლემების აღმოფხვრას?

- "მაესტროში" საორგანიზაციო თვალსაზრისით უამრავი რამ არის მოსაგვარებელი, ჩემი მთავარი ამოცანაც ეს მიმართულება იქნება. თავის დროზე არც ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგია ვიცოდი, მაგრამ ამას მოვალეობის პირნათლად შესრულებაში ხელი არ შეუშლია. თუ "მაესტროში" ჩემი ხედვები დამფუძნებლებისას არ დაემთხვა, როგორც მოსვლით გავახარე, ისე წასვლით გავახარებ ყველას. პირველ რიგში, ტელევიზიის თანამშრომლების გაცნობასა და მათი პრეტენზიების მოსმენას ვგეგმავ. პირველ ეტაპზე საკადრო ცვლილებებს არ ვგეგმავ, ჯერ უნდა დავლაგდეთ.

- ლევან გაჩეჩილაძე "მაესტროს" 50-მილიონიანი ვალის მიზანშეწონილობის შესწავლას გეგმავდა. ეს თქვენთვისაც პრიორიტეტულია?

- ჯერ მიმდინარე პრობლემებზე უნდა ვიფიქრო. თუ დამფუძნებლებს წარსულის გადახედვის სურვილი აქვთ, ამისთვის არსებობენ კვალიფიციური აუდიტორული კომპანიები. მსგავსი დავალება არც დამფუძნებლებისგან მიმიღია. რაც შეეხება ვალებს, ამან ტელევიზიის მუშაობაზე ნეგატიური გავლენა არ უნდა მოახდინოს.

- როგორ აპირებთ თუნდაც კოტე გოგელიას ვალების დაფარვას და ისიც საინტერესოა, ვინ გააგრძელებს "მაესტროს" დაფინანსებას?

- დამფუძნებლებს საკმაოდ კარგი ხედვები აქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, "მაესტროში" არ მოვიდოდი. კომპანიას კოტე გოგელიას ვალი აქვს, თუმცა რამდენად სასწრაფოა მისი დაბრუნება, ამაში დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გავერკვევი.

- გია გაჩეჩილაძის თქმით, ტელევიზიის მაუწყებლობის შეცვლის კონცეფცია შემუშავებული აქვს. არხის მაუწყებლობის ბადე რა მიმართულებით შეიცვლება?

- ამ საკითხზე საუბარი არ გვქონია. პირველ რიგში, ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად, ხარჯების ნაწილში მაქსიმალურად ეკონომიურად ვიმოქმედებთ და პარალელურად, შემოსავლების გაზრდას შევეცდებით. დაახლოებით ორ თვეში გამოიკვეთება, მაუწყებლობის გადასახალისებლად რა ნაბიჯებს გადავდგამთ.

რუსუდან შელია